Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დევნილთა განცხადებით, მათ ვადაგასული პროდუქტები დაურიგდათ


ზუგდიდის ყოფილი პოლიტექნიკური კოლეჯის შენობაში მცხოვრები დევნილები
ზუგდიდის ყოფილი პოლიტექნიკური კოლეჯის შენობაში მცხოვრები დევნილები
ზუგდიდის ყოფილი პოლიტექნიკური კოლეჯის შენობაში მცხოვრები დევნილები ამბობენ, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსგან, ერთჯერადი დახმარების სახით, ვადაგასული საყოფაცხოვრებო პროდუქცია მიიღეს. მათივე განმარტებით, ვადაგასულმა კბილის პასტამ 4 წლის გოგონა მოწამლა.

„ხუთი წლის ვადაგასულია ეს. პატარა, 4 წლის ბავშვმა გახსნა და თითქოს კბილს იწმინდავდა და მოიწამლა“, - აბობს 4 წლის გოგონას მეზობელი, რევაზ ღადუა.

თავად ბავშვის დედა უარყოფს შვილის კბილის პასტით მოწამვლას და ამბობს, რომ მიზეზი ოჯახში დამზადებული საკვები პროდუქტი იყო. ეროვნებით აფხაზმა ქალმა ჩაწერაზე უარი განაცხადა, რადგან ოკუპირებულ რეგიონში ჩასვლა ხშირად უწევს და არ უნდა პრობლემები შეექმნას.

ზუგდიდის მრავალპროფილიან საავადმყოფო „რესპუბლიკაში“ აცხადებენ, რომ 4 წლის პაციენტი იქ არაინფექციური გასტრიტის ნიშნებით იყო მოთავსებული.

„ბავშვს ჰქონდა ღებინება. იყო მოთენთილი. მას გაეწია ამბულატორიული დახმარება და დაახლოებით ერთი საათის შემდეგ დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში გაეწერა ბინაზე. მას გასტროენტერიტის ნიშნები ჰქონდა და რითი იყო ეს გამოწვეული, ამ შემთხვევაში დაუზუსტებელია“, - განაცხადა საავადმყოფოს ექიმმა მადონა რაფავამ.

პოლიტექნიკური კოლეჯის შენობაში მცხოვრებნი ამბობენ, რომ შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ, თუ რატომ მოხდა ჯანმრთელობისთვის სახიფათო ვადაგასული პროდუქტების დევნილებისთვის დარიგება. პროდუქტის - კბილის პასტის, სარეცხის და თმის მოვლის საშუალებების ვადა 2007-2010 წლით არის დათარიღებული. ოკუპირებული აფხაზეთის მკვიდრი ბაჩუკ ლაზარია მეზობლებთან ერთდ ითხოვს პასუხი აგოს ყველა იმ პირმა, ვინც უვარგისი პროდუქტების დარიგებაში იღებდა მონაწილეობას:

„ეს არის 2008 წელს გამოშვებული და დღეს, თუ არ ვცდები, 2013 წელია. სად იყო მანამდე ეს და სად ინახებოდა?! ვინც ამას აგზავნის, თვითონ შეიტანს თავის სახლში? თვითონ უყიდის თავის შვილს? ჩვენ, რა, დევნილები ვართ და ფეხებზე ხომ არ ვკიდივართ?! პოლიტიკას ჩვენ არ ვეხებით, მაგრამ ვინც ამის უკან დგას, თვითონ დასაჯონ, ჩვენ ფაქტი აგერ გვაქვს“, - აცხადებენ დევნილები.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს ხელმძღვანელი ირაკლი ქოჩუა რადიო თავისუფლებასთან მოკლე კომენტარით შემოიფარგლა. მისი განმარტებით, პროდუქტების დარიგება სამინისტროს ინიციატივით მოხდა და მასში, მეტი გამჭვირვალობის მიზნით, დევნილთა საინიციატივო ჯგუფი ჩაერთო.

„ბავშვი არ მოწამლულა კბილის სახეხი პასტით. ეს არის გარკვეული არაჯანსაღი ძალების მცდელობა, რომ აგორდეს სკანდალი. და, ბოლოს, დევნილთა და განსახლების სამინისტრო არასდროს სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის სახიფათო არც პროდუქტს და არც ნივთს არც არიგებს და არც დაარიგებს მომავალში“, - აცხადებს ირაკლი ქოჩუა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „დევნილთა საინიციატივო ჯგუფის“ წევრმა ქეთევან ჯობავამ ინტერნეტგამოცემა livepress.ge-ის განუცხადა, რომ დევნილები ინფორმირებულები იყვნენ დარიგებული პროდუქტის ვადების შესახებ.

„ჩვენ, დევნილთა საინიციატივო ჯგუფი, ვიყავით დევნილთა სამინისტროში და ვუთხარით, რომ ჩვენთან არის გაუსაძლისი მდგომარეობა და დახმარება გვჭირდებოდა. სამინისტრომ კატეგორიული უარი გვითხრა, რომ ეს სარეცხი ფხვნილი და სხვა პროდუქტები წაგვეღო, რადგან ვადაგასულიაო. ჩვენ ვუთხართ, რომ სიბინძურეში ვცხოვრობთ და ჩვენთვის ეს იატაკის გასარეცხადაც მნიშვნელოვანია. დარიგებისას ყველა დევნილს ვუთხარით, რომ ეს პროდუქტები სიდამპლიდან არის გამოტანილი“, - აცხადებს ქეთევან ჯობავა.

მისივე თქმით, დევნილების ასეთ განცხადებებს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაახლოებული პირები ლტოლვილთა სამინისტროს წინააღმდეგ იყენებენ.

ზუგდიდის ყოფილი პოლიტექნიკური კოლეჯის შენობაში მცხოვრებ დევნილებს ლტოლვილთა სამინისტრომ, არასამთავრობო ორგანიზაცია „დევნილთა საინიციატივო ჯგუფთან“ ერთად, საყოფაცხოვრებო პროდუქტები და ნივთები 17 აპრილს გადასცა.
XS
SM
MD
LG