Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოქვეყნდა კვლევა სამეგრელოში დევნილთა საცხოვრებელი პირობების შესახებ


ფოცხოეწერი
ფოცხოეწერი

ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი პირობების შესახებ კვლევა გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, სამეგრელოში ამ დრომდე ჯანმრთელობისთვის საშიშ პირობებში უწევს დევნილთა ნაწილს ცხოვრება. კვლევის მიხედვით, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაშიარიან დევნილები ზუგდიდში - ე.წ. ფაიფურის და ვექტორის დასახლებებში, წალენჯიხაში - ე.წ. ზღვაიას და ფოცხოეწერის დასახლებებში, სენაკში - სანატორიუმ „კოლხიდის ა“ და ხობში - ასევე „კოლხიდის“ დასახლებაში.

ორგანიზაციის ზუგდიდის ოფისის კოორდინატორის არჩილ თოდუას განმარტებით, გარდა იმისა, რომ ამ დასახლებებში ამორტიზებულია კედლები, იატაკი და სახურავი, ხშირად ჯანმრთელობისთვის საშიში პირობები ექმნებათ დევნილებს მოუწესრიგებელი კანალიზაციისა და წყალგაყვანილობის გამო.

„პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ საარსებო წყაროებთან ხელმისაწვდომობა დაბალია ჩასახლებათა უმეტეს ნაწილში. აი, მაგალითად, ფოცხოეწერი, სადაც შენობა-ნაგებობები გარემონტებულია, მაგრამ მოსახლეობას არ აქვს ხელმისაწვდომობა საარსებო წყაროსთან და უმეტესობა დევნილთა ან სოციალური დახმარებით ირჩენს თავს. მნიშვნელოვანია დევნილთა განსახლების პროცესის მასშტაბები გაიზარდოს და დევნილთა განსახლებასთან ერთად აუცილებლად განხორციელდეს ისეთი პროექტები, რომლებიც უზურნველყოფენ მათ ხელმისაწვდომობას საარსებო წყაროსთან“, განაცხადაარჩილ თოდუამ დევნილების საცხოვრებელი პირობების შესახებ მომზადებული კვლევის პრეზენტაციაზე.

ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად კვლევის პრეზენტაციას ესწრებოდნენ ჩამოთვლილი ავარიული დასახლებების მცხოვრებლები, სახალხო დამცველის ოფისის, მერიის, გამგეობისა და ლტოლვილთა სამმართველოს წარმომადგენლები.

ზუგდიდში ე.წ. ფაიფურის დასახლებაში მცხოვრებმა თეა ვეკუამ შეხვედრაზე თქვა, ჩვენს საცხოვრებელ პირობებზე პირდაპირ მიუთითებს დასახლების სახელწოდება „კარავის კოლექტიური ცენტრი”, რომელიც ყოფილი საკოლმეურნეო ბაზრის შენობაშია განთავსებულიო:

„რამდენი მოვიდა ჩვენთან - აი, დარახველიძე, რომ იყო, წინა მინისტრი, ისიც მოვიდა. თქვა, არც ერთი დევნილი არ გადასახლდება, პირველ რიგში, თქვენო. ზუსტად ასე თქვა. პირველი რიგი კი არა, მეათეც არ გვეღირსა და მეასეც“.

„ჩვენთან ძალიან ბევრი ოჯახი ცხოვრობდა, მაგრამ გაუსაძლისი პირობების გამო გასახლდა ხალხი და დარჩა რაღაც 55 ოჯახი. მდგომარეობის გაუმჯობესებას, რა თქმა უნდა, ვითხოვთ. თუ იქნება ჩვენი გადაყვანა, უკეთესია, თუ არადა, ვითხოვთ პირობების გაუმჯობესებას“, განაცხადა სენაკში სანატორიუმ „კოლხიდის“დასახლებაში მცხოვრებმა ნანული სამსონიამ.

იძულებით გადაადგილებულ პირებს პასუხი გასცა შეხვედრაზე მყოფმა დევნილთა სამმართველოს ზუგდიდის ოფისის წარმომადგენელმა სლავა ჯონჯუამ. მისი განცხადებით, ზუგდიდში უკვე მიმდინარეობს კორპუსების მშენებლობა, სადაც ჩასახლდებიან მძიმე პირობებში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირები. მესმის, თუ როგორ მძიმე მდგომარეობაში უწევს ხალხს ცხოვრებმა, მაგრამ ამ ეტაპზე არ არის ფართი, სადაც მათი გადაყვანა იქნებოდა შესაძლებელიო, თქვა სლავა ჯონჯუამ და დაამატა, ამ შემთხვევაში არსებობს ერთი გამოსავალიო:

„შეიძლება ისინი ქირით დაკმაყოფილდნენ, სანამ ფართს არ გადასცემენ. შეიძლება მათ მოიძიონ 150-200 ლარის ფარგლებში ბინა და იქ გადავიდნენ ქირით“.

მისი თქმით, დროებითი საცხოვრებლის მიღების მსურველებმა განცხადებით უნდა მიმართონ სამმართველოს, რომელსაც შემდეგ სამინისტროში განიხილავენ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევაში ასევე ნათქვამია, რომ მთავრობამ წლების მანძილზე მნიშვნელოვანი სამუშაოები შეასრულა დევნილთა კომპაქტური განსახლების ობიექტების რეკონსტრუქციისთვის, თუმცა ამ სფეროში არსებული პრობლემები, მათი მასშტაბებიდან გამომდინარე, ჯერ კიდევ გადაუწყვეტელი რჩება. ხშირ შემთხვევაში სარემონტო სამუშაოები უხარისხოდ არის შესრულებული და კოლექტიური ცენტრების მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ განახლებას საჭიროებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG