Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიცის მიმართულებით რუსმა მესაზღვრეებმა სამუშაოები შეაჩერეს


რუსი მესაზღვრეების მიერ ჩასმული ძელი. დიცი
რუსი მესაზღვრეების მიერ ჩასმული ძელი. დიცი
მეოთხე დღეა რუსი მესაზღვრეები სოფელ დიცის მიმდებარე ტერიტორიაზე აღარ გამოჩენილან. საოკუპაციო ხაზის გადმოწევის სამუშაოებს ერთი კვირის წინ ჯარისკაცები ინტენსიურად აწარმოებდნენ და მუდმივად პატრულირებდნენ. ადგილზე ძელები ჩასვეს და ტერიტორიის მავთულხლართებით შემოღობვა უნდა დაეწყოთ. სოფლის სიღრმეში საოკუპაციო ხაზის გადმოწევის გამო, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ექცეოდა მიწის ნაკვეთები, სასაფლაო, სარწყავი წყლის სათავე ნაგებობა, საძოვრები და რამდენიმე სახლი. ამის გამო საქართველოს ხელისუფლებამ ხმაური ატეხა, რასაც საერთაშორისო რეაქცია მოჰყვა. დიცელებმა მესაზღვრეებთან გასაუბრება შეძლეს, რომლებმაც განაცხადეს, რომ ახალი ბრძანების მიღებამდე სამუშაოებს აჩერებენ. ილია ბერუაშვილის სახლიც საოკუპაციო ხაზის შიგნით ექცეოდა, იგი თავად ესაუბრა ერთ-ერთ რუს ოფიცერს, რომლისგანაც შეიტყო, რომ სახლებისა და სასაფლაოსკენ მავთულხლართების გავლების სამუშაოები შეჩერებულია.

დიცთან ჩარჭობილი ძელების მიღმა, დაახლოებით 200 მეტრში, მაღალ ბოძებზე რუსმა მესაზღვრეებმა ვიდეოკამერები დაამონტაჟეს. მიუხედავად იმისა, რომ რუსები დიცის მიმდებარე ტერიტორიაზე აღარ გამოჩენილან, ადგილობრივი მცხოვრებლები ძელებს მიღმა გადასვლისგან მაინც თავს იკავებენ, იმიტომ რომ არ იციან რუსული პატრული რომელი ბუჩქიდან გამოჩნდება. რამდენიმე დღის წინ სწორედ ასე ჩასაფრებულმა მესაზღვრეებმა დააკავეს სოფლის მცხოვრები როსტომ სოსიაშვილი. დიცელი გოდერძი ბერუაშვილი ყოველდღე შიშით ელოდება როდის დაიწყებენ მავთულხლართებით მისი სახლის შემოღობვას.

ეგრეთ წოდებული საზღვრის გადმოწევის საკითხზე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენლებმა პრაღაში ისაუბრეს. ზურაბ აბაშიძის თქმით, შეხვედრის დასაწყისში მან რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინს დაუდასტურა ქართული მხარის ღრმა შეშფოთება ბოლო ხანებში ცხინვალის რეგიონში, ადმინისტრაციულ საზღვარზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რაც მძიმე ჰუმანიტარულ პრობლემებს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას და უაღრესად უარყოფითად აღიქმება მთლიანად საქართველოს მოსახლეობის მიერ.

აბაშიძის განმარტებით, კარასინმა განაცხადა, რომ მიღებული იქნება ზომები ვითარების შესასწავლად და საკითხი საგნობრივად განიხილება ივნისის ბოლოს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგ რაუნდზე.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ ისაუბრეს ნიუ-იორკში შეხვედრისას გაეროს გენერალურმა მდივანმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა. მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბან კი მუნი საოკუპაციო ხაზთან ბოლო ხანებში განვითარებული მოვლენებითა და ჰუმანიტარული სიტუაციით დაინტერესდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებითვე, გაეროს გენერალური მდივანი ასევე დაინტერესდა რუსეთთან ორმხრივი დიალოგით, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი აწარმოებს. ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტისას მაია ფანჯიკიძემ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება სენატორებსა და თეთრი სახლის ოფიციალურ წარმომადგენლებსაც გააცნო.
XS
SM
MD
LG