Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოჯახის ამოწყვეტაში ეჭვმიტანილი ჯარისკაცი კვლავ სამხედრო სასამართლოს ხელში რჩება


ვალერი პერმიაკოვი სასამართლოზე
ვალერი პერმიაკოვი სასამართლოზე

გასულ კვირაში ქალაქ გიუმრიში, რომელიც ერევნიდან 120 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს, სამგლოვიარო ღონისძიებები გაიმართა, რომელზეც ასობით ადამიანმა მიაგო პატივი რუსი ჯარისკაცის მიერ დახოცილი ავეტისიანების ოჯახს. 2015 წლის 12 იანვრის ღამით რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზიდან გაქცეულმა დეზერტირმა ჯარისკაცმა, ვალერი პერმიაკოვმა, ავტომატით მოკლა ოჯახის ხუთი წევრი, მათ შორის, 2 წლის გოგონა. ოჯახის მეექვსე წევრი კი, ექვსი თვის ბიჭი, ერთი კვირის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა, ავტომატის დანით მიყენებული ჭრილობების შედეგად.

მკვლელობაში ეჭვმიტანილი 18 წლის ვალერი პერმიაკოვი მალევე სომხეთ-თურქეთის ბაზაზე დააპატიმრეს. გავრცელებული ცნობებით, ეჭვმიტანილმა სამხედრო ბაზის ხელმძღვანელობას უთხრა, რომ იგი ავეტისიანების ოჯახში ფულის მოსაპარად შევიდა, რადგან მისთვის აუტანელი გახდა სამხედრო სამსახური და უკან, რუსეთში, დაბრუნება სურდა.

აგვისტოში რუსეთის სამხედრო სასამართლომ პერმიაკოვი დამნაშავედ ცნო დეზერტირობაში, საბრძოლო იარაღისა და აღჭურვილობის მოპარვასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებაში და მას 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

რაც შეეხება მკვლელობის საქმეს, რუსეთის სამხედრო სასამართლომ მისი განხილვა სომხეთის ხელისუფლებას გადაულოცა, თუმცა თავად სასამართლო სხდომა რუსეთის სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე ტარდება. ამას საზოგადოების მხრიდან არაერთი პროტესტი მოჰყვა, თუმცა - უშედეგოდ. დაზარალებულთა სამართალმემკვიდრეების ადვოკატთა მოთხოვნა, სხდომა ჩვეულებრივ სასამართლოში გადაიტანონ, 18 იანვარს მოსამართლე მოვსესიანმა კიდევ ერთხელ უარყო, ხოლო როცა ადვოკატებმა მოსამართლეს აცილება მოსთხოვეს, მან პროცესი 22 იანვრამდე გადადო.

„სასამართლო ხელს უწყობს არაეფექტურ გამოძიებას, რადგან განსასჯელი პერმიაკოვი იძულებული გახდება სასამართლოზე სიმართლეს მოჰყვეს. შესაბამისად, პატივცემულმა მოსამართლემ სათანადოდ უნდა დაასაბუთოს გადაწყვეტილება გამსვლელი სხდომის რუსეთის სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე ჩატარების შესახებ, რასაც ჩვენ სომხეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოებისა და მათ მიერ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელების მიმართ უნდობლობად მივიჩნევთ“, - განაცხადა დაზარალებულთა სამართალმემკვიდრეების ერთ-ერთმა ადვოკატმა, არტურ საკუნეცმა, რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.

მკვლელობაში ეჭვმიტანილი რუსი ჯარისკაცი, რომლის უფლებებსაც სახაზინო ადვოკატი იცავს, ადრე თანახმა იყო, მისი სასამართლო ბაზის გარეთ გამართულიყო, თუმცა მოგვიანებით პერმიაკოვმა გადაწყვეტილება შეცვალა და განაცხადა, რომ სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე თავს უფრო დაცულად გრძნობს.

დღეისათვის რუსეთის გიუმრის სამხედრო ბაზაზე 3 000 რუსი ჯარისკაცი მსახურობს. 1941 წელს დაარსებული სამხედრო ნაწილი გიუმრიში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც განაგრძობს არსებობას როგორც 102-ე სამხედრო ბაზა. 1990-იანი წლების შუაგულში ხელმოწერილი ორმხრივი შეთანხმების თანახმად, რუსეთის ბაზის ყოფნის ვადად 25 წელი განისაზღვრა.

სომხეთში ამ წლებში რუსეთის სამხედრო ყოფნასთან დაკავშირებული რამდენიმე გახმაურებული დანაშაული მოხდა. 1999 წელს მთვრალმა რუსმა სამხედრო ოფიცერმა გიუმრის ბაზარში სროლა ატეხა - მოკლა ორი კაცი და დაჭრა სამი. 2013 წელს, ბაზის სასროლეთის ტერიტორიაზე უპატრონოდ მიტოვებული ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად, ორი მოზარდი მოკვდა. გასული წლის მარტში გიუმრიში სომეხმა ჯარისკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაამთავრა, ნოემბერში კი რუსეთის სასაზღვრო სამსახურში მყოფი 31 წლის სომეხი ახალგაზრდა ჩამოხრჩობილი იპოვეს შირაქის რაიონის სოფელ გუშანგუკში.

ამ ინციდენტების მიუხედავად, სომეხთა უმრავლესობა, რომელიც თურქეთსა და აზერბაიჯანს საფრთხის წყაროდ მიიჩნევს, რუსეთის სამხედრო ბაზაში ქვეყნის უსაფრთხოების მთავარ გარანტს ხედავს, ნაწილი კი გიუმრიში განთავსებულ რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზას მნიშვნელოვან ადგილობრივ დამსაქმებლად თვლის. თუმცა ჯარისკაც პერმიაკოვის მიერ ავეტისიანების ოჯახის ამოწყვეტის შემდეგ ერევანსა და გიუმრიში რამდენიმე საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელთა მონაწილეებმა მათ ქვეყანაში რუსეთის სამხედრო ბაზის არსებობა გააპროტესტეს და მკვლელობის საქმის სომხეთის სასამართლოში განხილვა მოითხოვეს.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG