Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას მოუტანს ეგვიპტეს ახალი გეგმა?


ეგვიპტეში ნახევარ წელიწადში გაიმართება რიგგარეშე არჩევნები. ამის შესახებ ნათქვამია გეგმაში, რომელიც ორშაბათ საღამოს წარმოადგინა ეგვიპტის დროებითმა მმართველმა ადლი მანსურმა. მაგრამ გეგმას უარყოფითი რეაქცია მოჰყვა „მუსლიმთა საძმოსაგან“ - გავლენიანი ორგანიზაციისგან, რომლის წარმომადგენელიც, მუჰამად მურსი, ამ ერთი კვირის წინ გადააყენეს ეგვიპტის პრეზიდენტის პოსტიდან.

ეგვიპტის დამხობილი პრეზიდენტის მუჰამად მურსისა და მისი ორგანიზაციის, „მუსლიმთა საძმოს“, მხარდამჭერები საპროტესტო აქციებს აგრძელებენ, ხოლო „მუსლიმთა საძმო“ უარს ამბობს ეგვიპტის დროებითი მმართველის ადლი მანსურის მიერ წარმოდგენილ გეგმაზე. გეგმა, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებასთან ერთად, ახალი კონსტიტუციის მიღებას ითვალისწინებს.

საქმე ის არის, რომ ეგვიპტის კონსტიტუციამ მოქმედება შეწყვიტა გასულ კვირაში, როცა არმიამ გადააყენა ისლამისტი პრეზიდენტი მუჰამად მურსი, მისი მმართველობის წინააღმდეგ მიმართული მასობრივი დემონსტრაციების ფონზე. „მუსლიმთა საძმოს“ პოლიტიკური ორგანიზაციის, „თავისუფლებისა და სამართლიანობის პარტიის“ თავმჯდომარის მოადგილე ესამ ალ-ერიანის სიტყვებით, ადლი მანსურის მიერ წარმოდგენილი გეგმა არის „კონსტიტუციური დეკრეტი კაცისა, რომელიც პუჩისტებმა დანიშნეს“.

გეგმის დეტალებს რაც შეეხება, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში უნდა ჩამოყალიბდეს სამართლის ექსპერტთა კომისია, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებს მოამზადებს. კონსტიტუციის ახალ პროექტს წელს, ნოემბრის მიწურულს, გაიტანენ რეფერენდუმზე, რომელსაც 2014 წლის დასაწყისში მოჰყვება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

მანსურმა ეს გეგმა, რომელსაც „საგზაო რუკად“ მოიხსენიებენ, წარმოადგინა ცოტა ხანში მას შემდეგ, რაც 50-ზე მეტი ადამიანი იქნა მოკლული კაიროში, რესპუბლიკური გვარდიის ყაზარმებთან - იქ, სადაც, სავარაუდოდ, დამხობილი პრეზიდენტია დაკავებული.

„მუსლიმთა საძმო“ ირწმუნება, რომ მის მომხრეებს საპროტესტო აქციაში მონაწილეობისას ესროლეს, არმია კი ამტკიცებს, რომ შეიარაღებულ პროვოკაციას უპასუხა.

ვიზიარებთ ყველა მოკლულის ოჯახების მწუხარებას და ვიმედოვნებთ, რომ ის, ვინც დაიჭრა, მალე გამოჯანმრთელდება. მოვუწოდებთ სამხედროებს, მაქსიმალური თავშეკავება გამოიჩინონ დემონსტრანტების ქმედებაზე რეაგირებისას...
ჯეი კარნი
„მუსლიმთა საძმო“ და მისი მოკავშირეები აცხადებენ, რომ არ აპირებენ აქციების შეწყვეტას პრეზიდენტის პოსტზე დემოკრატიულად არჩეული მუჰამად მურსის დაბრუნებამდე. მედიასაშუალებების - მათ შორის, საინფორმაციო სააგენტო „ასოიშიეიტდ პრესის“ - ცნობით, „მუსლიმთა საძმო“ ამბოხებისაკენ მოწოდებითაც გამოდის.

არაერთი ქვეყანა - მათ შორის, შეერთებული შტატები და რუსეთი - შეშფოთებას გამოთქვამს ეგვიპტეში პოლიტიკური დაპირისპირების გამწვავებისა და ძალადობის გამო. ორშაბათს, კაიროში 50-ზე მეტი დამონსტრანტის დაღუპვის შემდეგ, თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯეი კარნიმ ვაშინგტონში გააკეთა განცხადება აშშ-ის პოზიციის შესახებ:

„ვიზიარებთ ყველა მოკლულის ოჯახების მწუხარებას და ვიმედოვნებთ, რომ ის, ვინც დაიჭრა, მალე გამოჯანმრთელდება. მოვუწოდებთ სამხედროებს, მაქსიმალური თავშეკავება გამოიჩინონ დემონსტრანტების ქმედებაზე რეაგირებისას და მოვუწოდებთ ყველას, ვინც დემონსტრაციებში მონაწილეობს, რომ ეს მშვიდობიანად გააკეთონ. ამასთან, ვგმობთ ძალადობისაკენ პირდაპირ მოწოდებას, რომლითაც „მუსლიმთა საძმო“ გამოდის“.

თეთრი სახლის პრესმდივანმა ისიც აღნიშნა, რომ ვაშინგტონი არ აპირებს ეგვიპტის დახმარების პროგრამის შეჩერებას. პროგრამა ითვალისწინებს, მაგალითად, წელიწადში 1,3 მილიარდი დოლარის დახმარებას ეგვიპტის არმიისათვის.
XS
SM
MD
LG