Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ექიმისა და პაციენტის უფლებები ბიზნესინტერესებს ეწირება


რით არ აკმაყოფილებთ ადგილობრივებს სამედიცინო სერვისი? რა პრეტენზიები აქვთ მედიკოსებს ადმინისტრაციის მიმართ და როგორია სასამართლოს გადაწყვეტილება კლინიკიდან წამოსული ექიმის საჩივარზე?

კობა გრიგალაშვილი "ალდაგის“ შვილობილი კომპანია "უნიმედი-სამცხიდან“ ორი თვის წინ გაათავისუფლეს. ექიმი სამსახურიდან გათავისუფლების რამდენიმე მიზეზს ასახელებს, თუმცა მიაჩნია, რომ მთავარი მაინც ის იყო, რომ პარალელურად სხვა სამსახურშიც მუშაობდა. კობა გრიგალაშვილი განმარტავს, რომ დაბალი ანაზღაურების გამო ექიმებს ერთდროულად რამდენიმე კლინიკაში უწევთ მუშაობა.

კობა გრიგალაშვილისაგან განსხვავებით, გიორგი გოგოტიშვილი სამსახურიდან ხელშეკრულებაზე ვადის გასვლის შემდეგ საკუთარი ინიციატივით წამოვიდა. ქირურგი მედიასთან საუბრისას ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება ადმინისტრაციისგან არასათანადო დამოკიდებულების გამო მიიღო. სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ მან ახალციხეც დატოვა. გიორგი გოგოტიშვილის განცხადებით, კლინიკის ადმინისტრაცია ახალციხეში ბიზნესის გასაძლიერებლად და თანხის საშოვნელად ჩამოვიდა.

სამსახურიდან დაბალი ანაზღაურებისა და ხელშეკრულებაში პირობების შეცვლის მცდელობის გამო წამოვიდა სამსახურიდან ექიმი თამაზ ხაბეიშვილი. მან საკუთარი უფლებების დაცვა სასამართლოს გზით გადაწყვიტა. მისი ადვოკატი ეკა აბაშიძე განმარტავს, რომ თამაზ ხაბეიშვილი ერთადერთი ექიმი არ არის, ვინც სამსახური მცირე ხელფასის გამო დატოვა. ადვოკატის განცხადებით, პროცესი არა მარტო რაიონულ, არამედ უზენაეს სასამართლოშიც მოიგეს.

"უნიმედი-სამცხის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში კი ამბობენ, რომ მათ კომენტარის გასაკეთებლად გათავისუფლებული თანამშრომლის ოფიციალური თანხმობა სჭირდებათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG