24 ივნისს, ჩეხეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთმა მეთაურმა, პრაღისა და ჩეხეთის მიწების არქიეპისკოპოსმა მიქაელმა წმიდა გორაზდის სახელობის ორდენებით დააჯილდოვა საქართველოს ელჩი ჩეხეთის რესპუბლიკაში ზაალ გოგსაძე, სამხედრო ატაშე, პოლკოვნიკი გიგა ტატიშვილი და პრაღაში მოღვაწე ქართველი მოძღვარი, დეკანოზი იოსები (გაჩავა). ეს ჯილდოები მათ „მართლმადიდებელი სარწმუნეობის ერთგული მსახურებისთვის“ გადაეცათ.
პრაღის წმიდა ეკატერინე ალექსანდრიელის სახელობის ეკლესიაში გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე გამოსვლისას, არქიეპისკოპოსმა მიქაელმა ამ სიტყვებით მიმართა წმიდა გორაზდის ორდენოსნებს: „თქვენ ბრძანდებით ნამდვილი მორწმუნეები, თქვენი ქვეყნის სასახელო შვილები და, ჩეხეთში მცხოვრებ ქართულ დიასპორასთან ერთად, დიდი წვლილი შეგაქვთ მართლმადიდებლობის განმტკიცებაში.“
25 ივნისს შესრულდება 75 წელიწადი მას შემდეგ, რაც ნაცისტური გერმანიის უშიშროების სამსახურმა, გესტაპომ, შეიპყრო და აწამა ჩეხოსლოვაკიის მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები, რომლებმაც პრაღის კირილესა და მეთოდეს სახელობის ეკლესიის კრიპტაში დამალეს ოპერაცია „ანთროპოიდის“ მონაწილე ჩეხი და სლოვაკი პატრიოტები - შვიდი პარაშუტისტი. მათ მიერ, 1942 წლის 27 მაისს მოწყობილი თავდასხმის შედეგად დაიღუპა მორავიისა და ბოჰემიის პროტექტორი, ნაცისტური გერმანიის მაღალი რანგის ფუნქციონერი რაინჰარდ ჰაიდრიხი.
მიუხედავად იმისა, რომ ეპისკოპოსმა გორაზდმა არ იცოდა პატრიოტთა დამალვის ფაქტი, მოგვიანებით ბერლინიდან დაბრუნებული, საკუთარი ნებით ჩაბარდა გესტაპოს და გაიზიარა სხვა სასულიერო პირების ბედი. 1942 წლის 4 სექტემბერს ნაცისტებმა დახვრიტეს გორაზდი და, მასთან ერთად, კირილესა და მეთოდეს ტაძრის რამდენიმე ღვთისმსახური. საოკუპაციო რეჟიმმა საკონცენტრაციო ბანაკებში გაგზავნა არაერთი სასულიერო პირი, ხოლო მართლმადიდებელი ეკლესიის მოღვაწეობა აკრძალა.
დაწერეთ კომენტარი