Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკომიგრაციის გამოწვევები


ეკომიგრანტთა პრობლემებისადმი მიძღვნილი ფორუმი
ეკომიგრანტთა პრობლემებისადმი მიძღვნილი ფორუმი

პირველ თებერვალს გაიმართა საჯარო ფორუმი, სახელწოდებით „განსახლება, როგორც ეკომიგრაციის პრობლემის გადაწყვეტის მოკლევადიანი სტრატეგია“. ფორუმის მიზანია ეკომიგრაციის შესახებ დისკუსიის გაგრძელება და ამ მიმართულებით ქვეყნის მიღწევებსა და გამოწვევებზე საუბარი.

ეკომიგრაციის გამოწვევები
please wait

No media source currently available

0:00 0:05:00 0:00
გადმოწერა

ფორუმზე, რომელიც მიეძღვნა მოკლევადიან სტრატეგიას ეკომიგრანტთა პრობლემების გადასაწყვეტად, საკმაოდ ვრცელი სიტყვა წარმოთქვა არჩილ ხახუტაიშვილმა, დემოკრატიის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა. თუკი ორიოდე სიტყვით შევაჯამებთ მის ვრცელ სიტყვას, შეიძლება ითქვას, რომ, მიუხედავად სახელმწიფოს მიერ 2013 წლის შემდეგ გადადგმული ნაბიჯებისა, პრობლემად რჩება განსახლების პოლიტიკის სახელმწიფოებრივი ხედვა და მისი შესაბამისი სტრატეგიის შემუშავება. აი, მაგალითად, მისი სიტყვებით, მოუგვარებელია 20-30 წლის წინ განსახლებული ოჯახების ადგილზე დამკვიდრების საკითხი. განსახლების ადგილებში, ანუ მასპინძელ თემში, ინტეგრაციის პრობლემის გამო მაღალია განსახლებულთა უკუმიგრაცია და სხვა. სწორედ უკუმიგრაციაზე საუბრისას გაამახვილა მან ყურადღება ხულოს რაიონის სოფელ თხილვანზე, სადაც იანვრის შუა რიცხვებში მეწყერი ჩამოწვა და 60-მდე ოჯახს სერიოზული საფრთხე შეექმნა. საქმე ისაა, რომ ამ ოჯახთა დიდი ნაწილი 2008-2009 წლებში მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხიხანში, ჩაასახლეს, როგორც ეკომიგრანტები, თუმცა მოგვიანებით ისინი მშობლიურ სახლებს, სტიქიურ ზონას დაუბრუნდნენ, ორიოდე კვირის წინ კი ისინი კვლავაც ურთულესი პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ. არჩილ ხახუტაიშვილს მიაჩნია, რომ ეს ფაქტი არის ერთგვარი ტესტი დღეს არსებული სისტემისათვის, რომელიც, მართალია, ეკომიგრანტების პრობლემაზე მუშაობს, მაგრამ ეფექტური სტრატეგია მაინც არ არის შექმნილი:

„რომ არა ეს უკუმიგრაცია, დღეს თხილვანაში 13 ან მაქსიმუმ 20 ოჯახიც არ იქნებოდა დაზარალებული. სტიქიურად ძალიან აქტიური ზონაა. პირველად 1985 წელს გაჩნდა პრობლემა, შემდეგ 90-იან წლებსა და 2000-იანების დასაწყისში. იმის თქმა მინდა, რომ ეს არის პრობლემა, რომელიც წლების წინ ვითომცდა მოაგვარა სახელმწიფომ ამ ოჯახებთან და სოფელთან მიმართებაში, მაგრამ, აი, დღეს ისევ იგივე სოფელი და იგივე ოჯახები პრობლემად გვიდგას“.

ეკომიგრანტების დასახლება ხელვაჩაურში
ეკომიგრანტების დასახლება ხელვაჩაურში

საქართველოს უახლეს ისტორიაში ცნობილი ეკომიგრაციის პირველ ფაქტებს 1980-იან წლებში ჰქონდა ადგილი. ტერმინი „ეკომიგრანტი“ პირველად გამოყენებული იქნა 2005 წელს საქართველოს კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“, თუმცა საკუთრივ ტერმინი მხოლოდ 2013 წლის 13 ნოემბერს განიმარტა. სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად, ეკომიგრანტად ითვლება ის ოჯახი, რომლის საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეული ან დაზიანებულია და არ ექვემდებარება აღდგენას, ან სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ იქ მიმდინარე სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის ამ ოჯახების ჯანმრთელობას. იანვარში გამოქვეყნებული გამოკვლევის მიხედვით, ფოკუს-ჯგუფებში ჩატარებული გამოკითხვების შედეგად ირკვევა, რომ მეწყერსაშიშ და ზვავსაშიშ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანები კვლავაც აგრძელებენ მიწის დამუშავებას, რაც ეკოლოგიურ მდგომარეობას კიდევ უფრო მეტად საშიშს ხდის. პოტენციური ეკომიგრანტებისთვის, რა თქმა უნდა, არ არის სულ ერთი, სად გააგრძელებენ ისინი ცხოვრებას. კოტე რაზმაძე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ეკომიგრანტთა საკითხების დეპარტამენტის უფროსი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას რამდენიმე გამოწვევასა და სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ამახვილებს ყურადღებას. უკუმიგრაციაზე ლაპარაკისას ის ამბობს, რომ სწორედ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად შეცვალა სახელმწიფომ პოლიტიკა და ეკომიგრანტებს საშუალებას აძლევს თავად აირჩიონ საცხოვრებელი ადგილი:

„ამ გადაწყვეტილებას, ფაქტობრივად, მინიმუმამდე დაჰყავს უკუმიგრაციის ფაქტები, რადგან ეკომიგრანტებს იმ ადგილას შეუძლიათ სახლის არჩევა, სადაც მათ სურთ, და შემდეგ ამ სახლს მათ სახელმწიფო უყიდის. ამაზე მეტის გაკეთება სახელმწიფოს, სამწუხაროდ, ამ მომენტისთვის არაფერი შეუძლია. სახელმწიფო ვერავის ვერ აუკრძალავს გადაადგილების თავისუფლებას“.

დავით გუჩუა საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრის, „აფხაზეთის“, წარმომადგენელია. ეს ორგანიზაცია წლებია მუშაობს ეკომიგრანტთა საკითხებზე. ის აქცენტს აკეთებს სახელმწიფოს გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, ეკომიგრანტთათვის საცხოვრებლის შესაძენი თანხის რაოდენობა 5 000 ლარით გაიზარდა და ახლა ის 25 000 ლარს შეადგენს. დავით გიჩუას ვარაუდით, ამ გადაწყვეტილებამ, შესაძლოა, ნაწილობრივ მაინც აღმოფხვრას ის პრობლემა, რომელსაც ეკომიგრანტები და გასაყიდი სახლის პატრონები აწყდებიან, და რის გამოც ეკომიგრანტები ახალ საცხოვრებელ ადგილას გადასვლას ვერ ახერხებენ:

„ეკომიგრანტ ოჯახსა და სახლის ყოფილ მეპატრონეს შორის ხდება ზეპირი ხელშეკრულების გაფორმება. ანუ თანხა, რომელსაც სახელმწიფო გამოყოფს სახლის შესაძენად, ხშირად არ არის საკმარისი, ამიტომ ყოფილ მეპატრონესთან ხდება ზეპირი შეთანხმება იმის თაობაზე, რომ დამატებით თანხას ისინი დროთა განმავლობაში გადაიხდიან. აქ უკვე ხდება ისე, რომ ვერ ახერხებენ ეკომიგრანტები ამ თანხის დროზე გადახდას და შეიქმნება კაზუსური სიტუაცია, როდესაც სახლი იურიდიულად ეკომიგრანტის საკუთრებაა, მაგრამ მას აქვს დავალიანება, ასე ვთქვათ, ღირსების, სინდისის დონეზე და, შესაბამისად, ეს ეკომიგრანტები სანამ დავალიანებას არ გაისტუმრებენ, არ გადადიან საცხოვრელად ახალ სახლში. ყალიბდება სიტუაცია, რომ თანხა დახარჯულია, მაგრამ ადამიანი ახალ საცხოვრებელ სახლში გადასული არ არის“.

დღესდღეობით დევნილთა და განსახლების სპეციალურ მონაცემთა ბაზაში აღრიცხულია 1 940 ეკომიგრანტთა ოჯახი, რომლებიც განსახლებას საჭიროებენ. მიმდინარეობს ასევე 400 ოჯახის მდგომარეობის მოკვლევა, რომლებიც, შესაძლოა, ასევე საჭიროებდნენ განსახლებას. აღსანიშნავია ისიც, რომ სამინისტროს წლის განმავლობაში მხოლოდ 90 ოჯახის განსახლებისთვის აქვს გამოყოფილი ბიუჯეტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG