Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტებისთვის განათლების მისაღები ხარისხის უზრუნველყოფა


სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა იმ კურსდამთავრებულთა აკადემიური მოსწრების მაჩვენებლები, რომლებმაც აუდიტისთვის შერჩეულ სამ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი - მოიპოვეს ბაკალავრის ხარისხი. ანალიზმა გამოავლინა, რომ აღნიშნულ კურსდამთავრებულთა 64 %-მა სწავლა საშუალოზე დაბალი აკადემიური მოსწრების მაჩვენებლით დაასრულა. განსაკუთრებით საგულისხმოა, რომ საშუალოზე დაბალი აკადემიური მოსწრების მაჩვენებლით დაასრულა საბაკალავრო პროგრამები იმ კურსდამთავრებულთა საშუალოდ 40 %-მა, რომლებსაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მაღალი შედეგები ჰქონდათ. საშუალოზე დაბალია ასევე შერჩეული აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტების შეფასებების 67%. ამასთანავე, აუდიტის ჯგუფის მიერ განხორციელებულმა კვლევამ გამოავლინა, რომ დაკვირვების ჩატარების დღეეებში შერჩეულ ლექცია/სემინარებზე დასწრების საერთო მაჩვენებელი 15 % იყო.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა ის წინაპირობები, რომლებიც სტუდენტს საგანმანათლებლო პროგრამით დასახული სწავლების შედეგებისა და მაღალი აკადემიური მოსწრების მიღწევის მოტივაციას უნდა უქმნიდეს. კერძოდ, აუდიტის შესწავლის საგანი იყო სახელმწიფო სასწავლო დაფინანსების სისტემა, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ სტუდენტებისთვის შეთავაზებული დახმარების სერვისები და საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფის ღონისძიებები.

იქიდან გამომდინარე, რომ არსებული სქემის პირობებში სახელმწიფო სასწავლო დაფინანსების შენარჩუნება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში სტუდენტისგან არანაირ დამატებით ძალისხმევას არ მოითხოვს, სტუდენტებს ნაკლები მოტივაცია აქვთ შეინარჩუნონ მაღალი აკადემიური მოსწრება. სტუდენტების მოტივაციისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ შექმნას პროფესიულ პროგრესზე ორიენტირებული სასწავლო გარემო, რაც გულისხმობს მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამებსა და სასწავლო პროცესს. ამისთვის უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა მუდმივად უნდა იზრუნონ სტუდენტებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების მოთხოვნებსა და საჭიროებებზე სრულფასოვანი ინფორმაციის (უკუგების) მიღებასა და შესაბამისი ინტერვენციების განხორციელებაზე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობით უნდა შეიმუშაოს სახელმწიფო სასწავლო დაფინანსების ისეთი სქემა, რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად დაფინანსებულ სტუდენტებს შეუქმნის მოტივაციას, შეინარჩუნონ მაღალი აკადემიური მოსწრება და სრულად მიაღწიონ საგანმანათლებლო პროგრამებით დასახულ სწავლების შედეგებს. ამგვარი მიდგომა, შესაძლებლობას მისცემს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გაზარდოს მოტივირებული სტუდენტების რაოდენობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG