Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამი საარჩევნო ოლქის 11 უბანზე გაიმართა განმეორებითი კენჭისყრა


გორის, ხაშურისა და სიღნაღის ოლქებში მაჟორიტარული სისტემით განმეორებითი კენჭისყრა გაიმართა.

განმეორებითი კენჭისყრის შედეგების გათვალისწინებით, კოალიცია "ქართული ოცნება" პარლამენტში კიდევ სამ მაჟორიტარს შეიყვანს.

სიღნაღში "ქართული ოცნების" კანდიდატს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 49,09%-მა დაუჭირა მხარი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატ ლევან ბეჟაშვილს კი - 47%-მა. გორის საარჩევნო ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატ მალხაზ ვახტანგაშვილს 47,43% უჭერს მხარს, ხოლო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატ გიორგი ტატიშვილს - 46,19%. ხაშურის საარჩევნო ოლქის შედეგების მიხედვით, "ქართული ოცნების" კანდიდატ ვალერი გელაშვილს ამომრჩეველთა 57,75% უჭერს მხარს, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატ სერგო ქიტიაშვილს კი - 33,61%.

ამ მონაცემების მიხედვით, "ქართული ოცნება" ახალ პარლამენტში 41 მაჟორიტარულ ადგილს მიიღებს, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" კი - 32-ს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, უბნები საღამოს, 20:00 საათზე დაიხურა და სამი საარჩევნო ოლქის 11 უბანზე განმეორებით მაჟორიტარულ არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 32,9% შეადგინა.

განმეორებითი კენჭისყრის ჩატარება იმ დარღვევების გამო გახდა საჭირო, რომლებიც დამკვირვებლებმა ამ ოლქებში საქართველოში 1 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების დროს აღრიცხეს.
XS
SM
MD
LG