Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ეს არის ფესტივალის იდეაც, რომ ჩვენ რაღაც სამშვიდობო ლოზუნგები კი არ ვავრცელოთ სცენიდან, არამედ ეს მოხდეს უმტკივნეულოდ, თავისთავად"


ელენე ბაბაკიშვილი, One Caucasus-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
ელენე ბაბაკიშვილი, One Caucasus-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი

22-25 აგვისტოს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი წერაქვი უმასპინძლებს ფესტივალს One Caucasus („ერთიანი კავკასია“). უშუალოდ საფესტივალო დღეებს რამდენიმე კვირით წინ უსწრებს საგანმანათლებლო და გასართობი ღონისძიებების წყება, რომლებიც მუნიციპალიტეტის სხვადასხვა დასახლებას მოიცავს.

ფესტივალის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, ელენე ბაბაკიშვილი რადიო თავისუფლების ეთერში ფესტივალის მიმართ ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან უკვე ჩამოყალიბებულ დამოკიდებულებასა და ინტერესზე ლაპარაკობს:

"ჩვენდა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ძალიან ბევრი ადამიანი საღამოობით თავს აღწევს ხოლმე რუტინას და გვსტუმრობს ფესტივალზე, რომელიც რამდენიმე დღე გრძელდება.

ყველაზე სასიამოვნო არის ხოლმე ის ფაქტი, როცა ხედავ საკმაოდ ხანში შესულ ადამიანებს ფესტივალზე მოსულს, რომლებიც ძალიან დიდი მონდომებით უყურებენ სცენას და ელიან რა დაიწყება.

ყოველ წელს ძალიან დიდი ინტერესით ელიან შემსრულებლებს. სოფელში უკვე გვცნობენ კიდეც და გვეკითხებიან - აბა, წელს როგორი იქნება?რას გვპირდებით?“.

One Caucasus არაკომერციული ფესტივალია. პირველად ის 2014 წელს ჩატარდა:

"გვქონდა გათვლა, რომ ეს არ იქნებოდა კომერციული, ზუსტად ამიტომ ფესტივალზე დასწრება არის უფასო, მათ შორის ტრანსპორტირებაც თბილისიდან და მარნეულიდან.

ეს არის ხალხის მიერ შექმნილი და ხალხისთვის გაკეთებული ფესტივალი!".

ელენე ბაბაკიშვილი განსაკუთრებით აღნიშნავს როგორც უცხოელი პარტნიორების, ისე ადგილობრივი მოსახლეობის მხარში დგომის მნიშვნელობას.

ასეთი ფესტივალის ჩატარების იდეა პოლონელი პარტნიორებისგან წამოვიდა:

"ალტრუისტული იდეაც იყო პოლონელების - მოდით, გავიდეთ თბილისიდან! პოლონური არასამთავრობო ორგანიზაციაა "სხვა სივრცე", რომელიც აკეთებდა თბილისში ფესტივალ „არტ ზონას“.

გვინდოდა მოგვეძებნა სივრცე, რომელიც გააერთიანებდა სამ კულტურას - სომხეთს, აზერბაიჯანს და საქართველოს".

ასეთი სივრცის ძებნაში სოფელ წერაქვს გაუმართლა. წელს ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს 20 მუსიკალური ბენდი 4 კონტინენტიდან.

ფესტივალის დროებით ინფრასტრუქტურასა და მოსამზადებელ პროცესზე "დილის საუბრებში" ყვება ირაკლი მიქიანი, კოორდინატორი, რომელიც წერაქვიდან ტელეფონით ჩაერთო გადაცემაში.

"ძალიან განსხვავებული იქნება სხვა წლებისგან. ძალიან მაგარი საერთაშორისო გუნდია უკვე არის ჩამოსული 11 ქვეყნის წარმომადგენელი. მუსიკალური პროგრამა გვაქვს უძლიერესი წელს! ველოდებით ყველა მსურველს, ვისაც უნდა ჩაერთოს ასეთ ღონისძიებაში, რომლის მსგავსიც რეგიონში არ არსებობს!".

ელენე ბაბაკიშვილი კვლავ ფესტივალის იდეაზე:

„სწორედ ეს არის ფესტივალის იდეაც, რომ ჩვენ რაღაც სამშვიდობო ლოზუნგები კი არ ვავრცელოთ სცენიდან, არამედ ეს მოხდეს უმტკივნეულოდ, თავისთავად. როცა ერთ სივრცეში ხარ ბევრ სხვა ადამიანთან და მათთან ერთად ძალიან ბევრ აქტივობას ახორციელებ, ძალაუნებურად ჩნდება კომუნიკაცია. სწორედ ეს იყო ფესტივალის იდეა!".

ელენე ბაბაკიშვილი ფესტივალზე - One Caucasus
please wait

No media source currently available

0:00 0:23:36 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG