Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში ენერგოვაუჩერების გაცემა იწყება


საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში ენერგოვაუჩერების გაცემა გრძელდება. ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში პროცესი დასრულდა და ადგილობრივმა მოსახლეობამ ვაუჩერით ისარგებლა კიდეც, გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში კი თანხის განაწილებამ დაიგვიანა. ადგილობრივ მცხოვრებთა უმრავლესობამ გასათბობად ხეხილის ბაღები გაჩეხა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ამ სოფლების ტყეები საოკუპაციო ხაზს მიღმა მოექცა და იქ შესვლა შეუძლებელი გახდა. სოფელ ქერეში კოლოტაშვილების ოჯახმა ვაშლის ბაღი გაჩეხა. შეშა უკვე გაუთავდათ. ცისანა კოლოტაშვილი აცხადებს, რომ ბაზარზე შეშის ფასი ყოველდღიურად ძვირდება და ოჯახმა მისი შეძენა ვერ შეძლო.

ბაზარზე ერთი სატვირთო მანქანა შეშა ათასი ლარი ღირს, მსუბუქი მანქანებით კი 200 ლარზე მეტი ჯდება. მიუხედავად იმისა, რომ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში ბუნებრივი აირი შეიყვანეს, მოსახლეობა გაზით გათბობისგან თავს იკავებს, რადგან ეშინია, რომ ვალი დაუგროვდება, რის გადახდასაც ვერ შეძლებს. ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებში მცხოვრებლები აცხადებენ, რომ 200-ლარიანი ენერგოვაუჩერი მხოლოდ ერთ თვეს ეყოფათ გასათბობად.

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებისთვის ზამთრის სეზონზე დასახმარებლად მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მილიონ-ნახევარი ლარი გამოიყო. გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში ადგილობრივი მოსახლეობისთვის თანხის დარიცხვა ახლო მომავალში დაიწყება. გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გიორგი წვერავა აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტს ყველა დოკუმენტი მოწესრიგებული აქვს და ფინანსური დახმარება მალე ადრესატებამდე მივა.

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველსაყოფად ფინანსურ დახმარებას გორის მუნიციპალიტეტის 26 სოფლის 7255 ოჯახი მიიღებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG