Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ურჩევს ევროპის სახალხო პარტია თბილისს?


ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი ვილფრედ მარტენსი
ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი ვილფრედ მარტენსი
ევროპის სახალხო პარტია საქართველოში გაუარესებულ მდგომარეობაზე ლაპარაკობს და ქვეყანას რეკომენდაციებს აძლევს იმისათვის, რომ გადაულახავი პრობლემები არ შეხვდეს ევროკავშირთან დაახლოების გზაზე. ევროპის სახალხო პარტიის 3-პუნქტიანი დეკლარაცია დამტკიცდა 13 მარტს, ბრიუსელში გამართულ სამიტზე, რომელშიც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც მონაწილეობდა. დეკლარაციის დამტკიცებას ერთი დღით უსწრებდა წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის წერილი ევროპის სახალხო პარტიის მისამართით.

დეკლარაციის პირველ პუნქტში, ანუ დემოკრატიის ფუნქციონირების კონტექსტში, ევროპის სახალხო პარტია მოუწოდებს ”პოლიტიკურ უმრავლესობას, რომ პატივი სცეს საქართველოს პრეზიდენტისა და საპარლამენტო ოპოზიციის საკონსტიტუციო უფლებებს ისევე, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის დამოუკიდებლობას და არჩეული ადგილობრივი ხელისუფლების შეცვლის კამპანია არ მოხდეს ზეწოლითა და ძალადობით.” აქვეა მოწოდება იმის თაობაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არ გამოიყენოს შერჩევითი სამართალი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად.

დეკლარაციის მეორე პუნქტში, რომელიც სასამართლო სისტემას შეეხება, ევროპის სახალხო პარტია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სრულად შეასრულოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის დროს (განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეკომენდაციებს) და ”გამოხატავს შეშფოთებას უკვე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილებების გადახედვის კომისიის შესაძლო შექმნასთან დაკავშირებით, რაც სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მასში პირდაპირი ჩარევის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი საფრთხის მატარებელია”.
არსებულ გარემოებებში და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, მისი ხელმოწერა და რატიფიკაცია ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების მხრიდან საფრთხის ქვეშაა...
ევროპის სახალხო პარტიის დეკლარაცია


ხოლო რაც შეეხება დეკლარაციის მესამე პუნქტს, ის მედიის დამოუკიდებლობაზეა და ევროპის სახალხო პარტია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, არ გადადგას ისეთი ნაბიჯები, ”რომლებიც შეიძლება წარმოადგენდეს ან დანახულ იქნეს როგორც გამოხატვის თავისუფლების სფეროში ჩარევა.” და ასევე მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, ”უზრუნველყოს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიუკერძოებლობის შენარჩუნება და პატივისცემა”.

ევროპის სახალხო პარტიის დეკლარაციაში მინიშნებულია, რომ თუკი საქართველო ხსენებულ რეკომენდაციებს არ შეასრულებს, შესაძლოა მას სერიოზული პრობლემები შეექმნას ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით.

"ევროპის სახალხო პარტია" რჩება ერთგული იმისა, რომ 2013 წლის ნოემბერში ვილნიუსის ”აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტი წარმატებული იყოს პარტნიორობის ზოგადად ყველა ქვეყნისთვის და განსაკუთრებით - საქართველოსთვის, თუმცა სინანულით აღნიშავს, რომ 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისა და პირველად არჩევნების შედეგად ძალაუფლების დემოკრატიულად გადაბარების შემდეგ კანონის უზენაესობის, სასამართლოსა და მედიის დამოუკიდებლობის, დემოკრატიული სტანდარტების თვალსაზრისით ქვეყანაში უკან გადადგმულმა ნაბიჯებმა ზიანი მიაყენა საქართველოს პოზიტიურ იმიჯს. ამდენად, არსებულ გარემოებებში და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, მისი ხელმოწერა და რატიფიკაცია ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების მხრიდან საფრთხის ქვეშაა”, - ვკითხულობთ ევროპის სახალხო პარტიის დეკლარაციაში.

აქვე ვთქვათ, რომ, ოფიციალური ინფორმაციით, ევროპის სახალხო პარტია აერთიანებს: 74 წევრ-პარტიას 40 ქვეყნიდან, ევროკომისიისა და ევროპის საბჭოს პრეზიდენტებს, ევროკავშირის წევრი 14 ქვეყნისა და ევროკავშირის არაწევრი 6 ქვეყნის პირველ პირებს, ევროკომისიის 13 წევრს. ამასთან, ევროპის სახალხო პარტიას ჰყავს ყველაზე დიდი ჯგუფი ევროპარლამენტში.
მე ვფიქრობ, დროა, პრინციპულად, ერთხელ და სამუდამოდ, ეს საკმაოდ ინფანტილური მიდგომა - შეცდომაში შეყვანისა და გაბრიყვებისა - დამთავრდეს და სერიოზულად მოეკიდონ ჩვენი ოპონენტები ევროპელი ლიდერების აზრს...
გიორგი კანდელაკი


13 მარტს დამტკიცებულ და 14 მარტს გამოქვეყნებულ 3-პუნქტიან დეკლარაციას ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი ვილფრედ მარტენსი საქართველოსთვის მნიშვნელოვან სახელმძღვანელო დოკუმენტად აღიქვამს და რადიო თავისუფლების კორესპონდენტთან საუბრისას ის ორიოდე სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრის 14 მარტის წერილსაც ეხმაურება:

”დღეს გამოვაქვეყნეთ მეტად მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც საგანგებოდ შეეხება სამ ასპექტს. ესენია: დემოკრატიის ფუნქციონირება, სამართლიანი სასამართლო და ღია პოლიტიკა მედიასთან დაკავშირებით. ეს არის დოკუმენტის სამი მთავარი ასპექტი. ეს არის ერთგვარი გზამკვლევი. სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ, რომ პრემიერ-მინისტრის პასუხი ასეთი რაციონალურია, თუ არ ჩავთვლით თავდასხმას პრეზიდენტ სააკაშვილზე”.

ევროპის უმსხვილესი და მეტად გავლენიანი პარტიის მიერ დამტკიცებულ დეკლარაციას მაღალი რანგის დოკუმენტად მიიჩნევს საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი გიორგი კანდელაკი. როგორც ის ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, ”ნაციონალური მოძრაობა” ევროპის სახალხო პარტიის ასოცირებული წევრია. ამდენად, პრეზიდენტ სააკაშვილის მონაწილეობა სამიტში გასაკვირი სულაც არ არის და არასერიოზულია, თუკი ვინმე ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი დეკლარაციის ტექსტის შემუშავება-გამოქვეყნებაზე აისახა:

”მათ აქვთ ინფორმაციის არაერთი წყარო და როცა ამხელა სახელმწიფოებზეა საუბარი, მათ საქართველოზე ბევრად დიდი რესურსები აქვთ ინფორმაციის მოპოვების თვალსაზრისით. საერთოდ კი, მე ვფიქრობ, დროა, პრინციპულად, ერთხელ და სამუდამოდ, ეს საკმაოდ ინფანტილური მიდგომა - შეცდომაში შეყვანისა და გაბრიყვებისა - დამთავრდეს და სერიოზულად მოეკიდონ ჩვენი ოპონენტები ევროპელი ლიდერების აზრს”.
ამ დეკლარაციას ვერანაირად ვერ შევაფასებ როგორც ულტიმატუმს ანდა მუქარის დემონსტრირებას. უბრალოდ, მე მაინც ვთვლი, რომ ჩვენ უნდა განვაგრძოთ მუშაობა იმ მიმართულებით, რომ ევროპამ რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით გააკეთოს თავისი დასკვნები. ეს პროცესი უკვე დაწყებულია...
ალექსი პეტრიაშვილი


შეცდომაში შეყვანა და გაბრიყვება არ უხსენებია, მაგრამ როგორც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა აღნიშნა ჩვენთან საუბრისას, მას იმედი აქვს, რომ დროთა განმავლობაში ევროპელთა დასკვნები თანდათან უკეთესობისკენ შეიცვლება:

”ამ დეკლარაციას ვერანაირად ვერ შევაფასებ როგორც ულტიმატუმს ანდა მუქარის დემონსტრირებას. უბრალოდ, მე მაინც ვთვლი, რომ ჩვენ უნდა განვაგრძოთ მუშაობა იმ მიმართულებით, რომ ევროპამ რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით გააკეთოს თავისი დასკვნები. ეს პროცესი უკვე დაწყებულია”.

ალექსი პეტრიაშვილს მეტად გავლენიანი პარტიის - ევროპის სახალხო პარტიის - რიგებში საქართველოს ძალიან ბევრი ”ერთგული და გულწრფელი მხარდამჭერი” ეგულება. ევროპელ პარტნიორთა შეფასებები ყურადსაღებად მიაჩნია და გამოთქვამს იმედს, რომ გაგრძელდება მათთან დიალოგი ცალკეული საკითხების განხილვის მიზნით. სხვათა შორის, ”ყოვლისმომცველი დიალოგის” საჭიროება ევროპის სახალხო პარტიის 13 მარტის დეკლარაციაშიც არის ხაზგასმული. ამასთან, სახელმწიფო მინისტრი ვერ ხედავს ვერანაირ საფრთხეს იმისა, რომ საქართველოს ხელი შეეშლება ევროპასთან დაახლოების პროცესში და რომ ქართველი ხალხის არჩევანი გადაულახავი გამოწვევების წინაშე დადგება.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG