Accessibility links

ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა 7 საათს გაგრძელდა. მე-80 შეხვედრაზე საათზე მეტი საიუბილეო სადილს დაეთმო. შუადღით სამუშაო ჯგუფის წევრებმა ალკოჰოლიც მიიღეს და სამუშაო კარავს ისევ დაუბრუნდნენ. დღის წესრიგით კი ათი საკითხი იყო განსახილველი. მათგან მთავარი ისევ გიორგი გიუნაშვილის გათავისუფლებაა, რომელიც გასული წლის ივნისში ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით დააკავეს, მოგვიანებით კი დივერსიულ-ტერორისტული საქმიანობის ბრალდებით გაასამართლეს და 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელები დიდი ხანია გიუნაშვილის გათავისუფლებას მოითხოვენ და ოსური მხარის ბრალდებებს უსაფუძვლოდ და აბსურდულად მიიჩნევენ. ერგნეთის შეხვედრაზე ახალგორში განვითარებულ მოვლენებზეც იმსჯელეს. ქართულმა მხარემ გააპროტესტა რაიონის ქართულ სკოლებში ქართული ენის გაკვეთილების შემცირება.

ეს ინფორმაცია დე ფაქტო ხელისუფლების განათლების მინისტრმა გააჟღერა. ამის გამო, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა პროტესტი გამოთქვეს და დე ფაქტო ხელისუფლება ახალგორში ქართველი ბავშვების უფლებების შელახვაში დაადანაშაულეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ ოსური დელეგაციის ხელმძღვანელმა მურატ ჯიოევმა განაცხადა, რომ ქართული ენის გაკვეთილები არ შემცირდება და მხოლოდ ახალგორის ქართული სკოლების ადაპტაცია მოხდება ოსური განათლების სისტემასთან, რაც პირველიდან მეოთხე კლასამდე, დამატებით, ოსური და რუსული ენის სწავლებას ითვალისწინებს.

მურატ ჯიოევი
მურატ ჯიოევი

„არავითარი აკრძალვა, არავისთვის მშობლიურ ენაზე სწავლებისა არ არსებობს. საუბარი მიმდინარეობს იმაზე, რომ ლენინგორის სკოლები გადავიყვანოთ სამხრეთ ოსეთის განათლების ერთიან სისტემაში. ლენინგორის რაიონში დღეისთვის 6 ქართული სკოლა ფუნქციონირებს. ესე იგი, საერთოდ 10 სკოლიდან 6 ქართულია. ამ ქართულ სკოლებში სწავლება ქართულ ენაზე მიმდინარეობს. ქართული ენის სწავლება სრულად გაგრძელდება, მაგრამ რადგან ეს ვერ ეწერება სამხრეთ ოსეთის საგანმანათლებლო სტანდარტში, ამ სასწავლო წლიდან, პირველი კლასიდან, ქართულ სკოლებში სწავლება გაგრძელდება ისეთივე სისტემით, როგორც სხვა სკოლებში. ეს ნიშნავს, რომ პირველი კლასიდან, ქართული ენის გარდა, შეისწავლიან ოსურ და რუსულ ენებსაც. ქართული ენის გაკვეთილები არც ერთ კლასში ერთი საათითაც კი არ შემცირდება“, – ამბობს მურატ ჯიოევი.

კახაბერ ქემოკლიძე
კახაბერ ქემოკლიძე

ერგნეთის შეხვედრაზე ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის საქმეც განიხილეს. მეარაყიშვილი ახალგორის პროკურატურაში დაკითხვაზე ცილისწამებისა და ღირსების შემლახავი განცხადებების გავრცელების ბრალდებით დაიბარეს, თუმცა თამარ მეარაყიშვილი მიიჩნევს, რომ მასზე ზეწოლა სწორედ სამოქალაქო აქტივობის გამო ხორციელდება, რაც ადგილობრივი მოხელეების უმოქმედობასა და კორუფციული გარიგებების მხილებაში გამოიხატება. ქართული მხარე აცხადებს, რომ მეარაყიშვილის უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიაზე ილახება. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელი მურატ ჯიოევი თვლის, რომ მეარაყიშვილის საქმის გამოძიება სამხრეთ ოსეთის პროკურატურის უფლებაა და ამ საქმეში საქართველოს ხელისუფლება არ უნდა ჩაერიოს, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კახაბერ ქემოკლიძე. მან დღეს ოსურ მხარეს ადამიანის უფლებების შელახვის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის მე-80 შეხვედრა აფეთქებების ხმის ფონზე მიმდინარეობდა. ცხინვალში რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზის ჯარისკაცები წვრთნას გადიან, მსხვილკალიბრიანი იარაღიდან სროლის ხმა ერგნეთშიც კარგად ისმოდა. ქართულმა მხარემ ამ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გააპროტესტა ბორდერიზაციის პროცესი და რუსულ და ოსურ მხარეებს მათი შეწყვეტისკენ მოუწოდა. ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის მომდევნო შეხვედრა 3 ოქტომბერს გაიმართება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG