Accessibility links

13 ივნისი - მაგალითი ერთად დგომისა


მოხალისეები გაწმენდითი სამუშაოების დროს. 2015 წლის ივნისი

ადიდებულმა მდინარე ვერემ ორი წლის წინ ათასობით ახალგაზრდა დააყენა გვერდიგვერდ. მიუხედავად მძიმე და სახიფათო სამუშაოსი, თავდაპირველად მათ თითქოს ქაოტურად, დაუფიქრებლად შეუტიეს იმ სტიქიის შედეგებს, რომელმაც 13 ივნისის ღამეს 23 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, 200-ზე მეტი ოჯახი და 1000-ზე მეტი ადამიანი დააზარალა, ზოოპარკში ცხოველები დახოცა. 2 წლის თავზე სტიქიის ზონაში მომუშავე ახალგაზრდები ამბობენ, რომ 13 ივნისის სტიქია მოხალისეების გაერთიანების საუკეთესო მაგალითად იქცა. მათივე თქმით, ეს იყო უპრეცედენტო მაგალითი სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების ერთად დგომისა.

13 ივნისის ღამეს სოციალური ქსელითა და მედიის საშუალებით გავრცელებულმა კადრებმა წყალდიდობით დაზარალებულ ტერიტორიებზე არაერთ ადამიანს მოუყარა თავი. მომდევნო დღიდან მათი ერთსულოვნება ნამდვილ სამოქალაქო მოძრაობად იქცა. ჯერ შიშველი ხელებით, შემდეგ კი უკვე ნიჩბებითა და ხელთათმანებით შეიარაღებულმა ახალგაზრდებმა დატბორილი, მიწამიყრილი ტერიტორიების გაწმენდა დაიწყეს. იმ დღეებში თბილისის ქუჩებში მრავლად შეხვდებოდით მუხლებამდე ტალახმიმხმარ ახალგაზრდებს. თუკი მოქალაქეთა ნაწილი სტიქიის ზონაში ფიზიკურად შრომობდა, მეორე ნაწილი მათ საკვებითა და წყლით ამარაგებდა. 13 ივნისის ღამეს მოხალისე დავით ხინთიბიძე რუსთაველიდან სვანიძის ქუჩისკენ მარტო დაიძრა, იმ ქუჩისკენ, რომელსაც ადიდებულმა მდინარე ვერემ ყველაზე დიდი ზიანი მიაყენა:

„სოციალური ქსელებით ვიცოდი, რომ ცუდი ამბავი იყო, ხალხს უჭირდა, შველას ითხოვდნენ და გადავწყვიტე მეც წამოვსულიყავი. ეს ჩემი ქალაქი, ეს შენი ქალაქია და რაც შენია, იმისთვის უნდა იბრძოლო. როცა აქ მოვედი, პირველი 5-10 წუთი შოკი იყო, იმიტომ რომ ასეთ ამბავს ვერ წარმოვიდგენდი. მთელი ტერიტორია წყლით იყო დაფარული, დაშლამული. მანქანები მეორე სართულის სიმაღლეზე ტივტივებდნენ. ხეები მოგლეჯილი იყო. სრული ქაოსი იყო. თავიდან არც ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი, რა უნდა მექნა. მერე ნელ-ნელა ხალხიც მოემატა და ერთობლივი ძალებით დავიწყეთ მუშაობა“.

ორი წლის წინ ლევან მდინარაძე “მზიურის” ტერიტორიაზე მოხალისეებს კოორდინირებას უწევდა. ის ახლა “მზიურში” იმ ფოტოგამოფენას ათვალიერებს, სადაც კარგად არის აღბეჭდილი იმ ახალგაზრდების ერთსულოვნება და შემართება, რომლებმაც მაშველებთან ერთად სტიქიის დღეებში დიდი შრომა გასწიეს იმისათვის, რომ “მზიურის” ტერიტორია შლამისა და მორებისგან გაეთავისუფლებინათ. მოხალისეთა მობილიზებას, ძალების გონივრულ გადანაწილებას, საჭიროებებს, დავალებებს ახალგაზდები სოციალურ ქსელში შექმნილი ჯგუფის საშუალებით - ჰეშტეგით „13 ივნისი მოხალისეთა გაერთიანება“ - იღებდნენ. ლევან მდინარაძე სტიქიიდან ორი წლის თავზე ამბობს, რომ ეს იყო სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების ერთად დგომის უპრეცედენტო ნიმუში:

„გუგლიდან მოვიძიეთ უსაფრთხოების ზომები. შევისწავლეთ, მაგალითად, კანის გაჭრის შემთხვევაში რა უნდა ექნათ ახალგაზრდებს, დაღუპულს თუ იპოვიდნენ, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ და ა.შ. „მზიურში“ ძალიან ბევრი ახალგაზრდა მოდიოდა, რომელმაც არ იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა. 20-30 ადამიანს ჯგუფ-ჯგუფად ვაწვდიდით ინფორმაციას და შემდეგ იმ სეგმენტზე ვანაწილებდით, სადაც ყველაზე მეტი საჭიროება იყო. ახალგაზრდების ღვაწლი ძალიან დიდია და ვისურვებდი, რომ ასეთი მომენტი აღარ განმეორებულიყოს, მაგრამ ეს მუხტი ყოველთვის ყოფილიყოს“.

ყველაზე ემოციური და გადამდები კადრი მაია დარსალიასთვის, კიდევ ერთი მოხალისისთვის, ის მომენტი აღმოჩნდა, როდესაც „მზიურის“ ტერიტორიაზე დაშავებული, ფეხმოტეხილი ბიჭი ცალ ფეხზე დაყრდნობილი იდგა მოხალისეთა ცოცხალ ჯაჭვში და გაწმენდით სამუშაოებში მუშაობას აგრძელებდა. მაია დარსალიას თქმით, მისთვის იმ დღეებში წარმოუდგენელი იყო სახლში დარჩენა და ამ ადამიანების შორიდან ყურება:

„ჩამწერეს გოგოების მოხალისეთა ჯგუფში და მორების გადაზიდვაში ვეხმარებოდით მოხალისეებს. იმ მომენტში იმაზე არ ფიქრობ, რომ შენ გოგო ხარ და შეიძლება ფიზიკურად არ გეყოს ძალა, მაგრამ გოგოები ძალიან მძიმე მორებსაც კი ვეზიდებოდით. ძალიან ამაღელვებელი იყო ასევე ის ფაქტი, რომ ჩვენ მარტო არ ვიყავით. ჩვენთან ერთად მუშაობდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც და როდესაც ისინი მოდიოდნენ, შეძახილებით და ტაშით ვეგებებოდით მათ“.

2015 წლის 13 ივნისს მდინარე ვერეს ადიდების შედეგად, 200-ზე მეტი ოჯახი და 1000-ზე მეტი ადამიანი დაზარალდა. გარდაიცვალა 21 და უგზო-უკვლოდ დაიკარგა 2 ადამიანი. განადგურდა და დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები, საკომუნიკაციო სისტემები. ყველაზე დიდი ზიანი თამარაშვილი - გმირთა მოედნის ტერიტორიას მიადგა. მთლიანად დაიტბორა „მზიურისა“ და ზოოპარკის ტერიტორია. სტიქიას ემსხვერპლა ზოოპარკის ბევრი ბინადარი. დაზარალდა ქალაქის ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ შორის ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ესტაკადა, კოჯორი - სამადლოს დამაკავშირებელი გზა, ახალდაბა - წყნეთის გზის მონაკვეთი.

დღეს მთლიანად გვაქვს შესწავლილი მდინარე ვერეს ხეობაში ყველა ტიპის რისკი - როგორც გეოლოგიური, ისე ჰიდროლოგიური რისკები, საფრთხეები. მდინარე ვერეს ხეობაში ჩვენ გვაქვს მონიტორინგის სისტემა, რომელსაც ვიყენებთ ადრეული შეტყობინებებისთვის და ასევე მოხდა მდინარე ვერეს კალაპოტის გასწორხაზოვნება...

13 ივნისს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ორი წლის წინ თბილისში განვითარებული სტიქიური პროცესების შესახებ ანგარიში წარადგინა. სააგენტოს ხელმძღვანელის, თამარ ბაგრატიას, განმარტებით, სააგენტოს სპეციალისტების მიერ ვერეს აუზში მდინარის დონის მზომი და ნალექმზომი მოწყობილობები დამონტაჟდა, რომელიც საშუალებას იძლევა, უხვი ნალექის მოსვლის შემთხვევაში, დროულად მოხდეს შესაბამისი უწყებების ინფორმირება:

„დღეს მთლიანად გვაქვს შესწავლილი მდინარე ვერეს ხეობაში ყველა ტიპის რისკი - როგორც გეოლოგიური, ისე ჰიდროლოგიური რისკები, საფრთხეები. მდინარე ვერეს ხეობაში ჩვენ გვაქვს მონიტორინგის სისტემა, რომელსაც ვიყენებთ ადრეული შეტყობინებებისთვის და ასევე მოხდა მდინარე ვერეს კალაპოტის გასწორხაზოვნება. მიმდინარეობს პროექტი წყნეთი-ახალდაბის მონაკვეთზე მეწყრის სტაბილიზაციის და გზის აღდგენისათვის და, ასევე, ძალიან მალე ვერეს ხეობაში აშენდება ცხაურის ტიპის კედლები, რომლებიც ღვარცოფული, ნატანი მასალის გვირაბებში შეტანის პრევენციას მოახდენს“.

13 ივნისს მერიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, სტიქიის შემდეგ აღდგენითი სამუშაოები 40 მილიონ ლარზე მეტი დაჯდა. რაც შეეხება დაზიანებულ სახლებს, მიყენებული ზიანის მიხედვით განისაზღვრა მათი კატეგორიები: პირველი კატეგორიის ობიექტებში შევიდა ის სახლები, რომლებიც მთლიანად განადგურდა, ხოლო მეორე კატეგორიად განისაზღვრა ის ობიექტები, რომელთა რეაბილიტაციაც შესაძლებელი იყო. ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად მთლიანად განადგურდა 84, ხოლო დაზიანდა 158 საცხოვრებელი სახლი. მერიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, პირველი კატეგორია ამ დროისათვის თითქმის სრულიად დაკმაყოფილებულია, მეორე კატეგორიაში მოხვედრილ საცხოვრებელ სახლებს კი სარემონტო სამუშაოები უტარდება. აღსანიშნავია ისიც, რომ ხუთი დაზარალებული ოჯახის საქმეს ამჟამად სასამართლო განიხილავს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG