Accessibility links

უმაღლესი განათლების მისაღებად 28 ათასი სტუდენტი ემზადება


ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების თანახმად, წელს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლას 28 ათასი სტუდენტი შეუდგება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, თავდაპირველად, გამოცდებზე 41 ათასზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა, თუმცა მათმა ნაწილმა სასკოლო გამოსაშვებ გამოცდებში საჭირო შედეგი ვერ აჩვენა, რის გამოც, უმაღლეს სასწავლებებლებში მისაღები გამოცდების პროცესს გამოეთიშა. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, ტენდენციები წინა წლების მსგავსია, როგორც ჩარიცხვების რაოდენობის მიხედვით, ასევე არჩეული ფაკულტეტების თვალსაზრისით.

ნია სალუქვაძე უკვე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია. ოქროსმედალოსანმა მოსწავლემ ახლა არჩეულ ფაკულტეტზე სწავლის სრული დაფინანსებაც მოიპოვა და სექტემბრიდან სწავლას ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე განაგრძობს. ნიას თქმით, გამოცდების წარმატებით ჩაბარებაში მონდომება და, სასკოლო პროგრამის გარდა, ონლაინ სალექციო კურსების მოსმენა დაეხმარა.

„ბედნიერი ვარ, რომ მოვხვდი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე, კომპიუტერული მეცნიერება ავირჩიე სპეციალობად. საერთოდ, მინდოდა ბავშვობიდან, რომ მათემატიკასთან მჭიდრო კავშირში მყოფი პროფესია ამერჩია. ძალიან კარგი საშუალებაა ონლაინ კურსები აბიტურიენტებისთვის. მე, მაგალითად, ამერიკის წამყვანი უნივერსიტეტების ონლაინ კურსებს ვესწრებოდი, ლექციებს ვუსმენდი და, საბოლოოდ, მივხვდი, რომ კომპიუტერული მეცნიერებები მაინტერესებდა, შესაბამისად, ეს ავირჩიე, პირველ პრიორიტეტად ჩავწერე და ყველაფერი 100%-იანმა დაფინანსებამ დააგვირგვინა“.

ნია სალუქვაძის მგავსად, არჩეულ ფაკულტეტზე 100%-იანი სახელმწიფო გრანტით სწავლას 1009 სტუდენტი განაგრძობს. გამოცდაჩაბარებული 28 ათასი სტუდენტიდან 70%-იანი დაფინანსება 1457-მა მოიპოვა, 50%-იანი – 4081-მა, ხოლო ე.წ. უფასო ფაკულტეტებზე 4051 სტუდენტი ჩაირიცხა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში დადებით ტენდენციად მიიჩნევენ იმასაც, რომ, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, 1047 არაქართულენოვანი აბიტურიენტი გახდა სტუდენტი.

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ივა მინდაძე ამბობს, არჩეულ ფაკულტეტებთან მიმართებით ტენდენცია შენარჩუნებულია. კვლავ მაღალია ინტერესი ეკონომიკური და იურიდიული ფაკულტეტების მიმართ. უმნიშვნელოდ, მაგრამ იზრდება დაინტერესება საბუნებისმეტყველო ფაკულტეტებით, რის განმაპირობებელ მიზეზად, შესაძლოა, მივიჩნიოთ ორი ფაქტორი: პირველი – აგრარულ-საინჟინრო სფეროში გაჩენილი სამუშაო ადგილები და, მეორე, ე. წ. სახელმწიფო დაფინანსება. 2013 წლიდან, განათლების სამინისტროს ინიციატივით, მიზნობრივად ფინანსდება ჰუმანიტარული, საბუნებისმეტყველო, სოციალური, ტექნიკური და აგრარული მეცნიერებები.

„ეკონომიკა, ბიზნესი, ბიზნესი და ადმინისტრაცია ეს მიმართულება კვლავაც ძალიან პოპულარულია და ბევრი ადამიანი უკავშირებს თავის მომავალს ამ სპეციალობებს. კვლავინდებურად, პოპულარულია სამართალმცოდნეობა, საერთაშორისო ურთიერთობები, ფსიქოლოგია, ჟურნალისტიკა, სამედიცინო მიმართულებები ბევრი სტუდენტისთვის არის მომხიბვლელი. ნაკლებია, მაგრამ მზარდი ტენდენცია არის საბუნებისმეტყველო, აგრარული, საინჟინრო და, განსაკუთრებით, სამშენებლო სპეციალობების მიმართ“.

რიგ შემთხვევებში, სტუდენტები განხიბლულები არიან ხოლმე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებით, რადგან, ხშირად, მათთვის სახელმძღვანელოებიც კი არ არის ხელმისაწვდომი, ეს არის ისეთი საკითხები, რომელიც გადაუჭრელ საკითხად იქცა ჩვენი ქვეყნისთვის...

კითხვაზე, მაღლდება თუ არა აბიტურიენტთა ცოდნის დონე წლიდან წლამდე, ივა მინდაძე პასუხობს, რომ არც გამოსაშვები გამოცდები და არც მისაღებ გამოცდებზე ნაჩვენები შედეგები არ არის ამის ინდიკატორი. გამოცდების ტესტები მთლიანი პოპულაციის საშუალო ცოდნის დონის შესაბამისად დგება. თუმცა, როგორც საერთაშორისო და ადგილობრივი კვლევებიც ცხადყოფს, განათლების დონე სახარბიელო არ არის.

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის განათლების სპეციალისტი თამარ მოსიაშვილი, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წელს ნაჩვენებ შედეგებთან დაკავშირებით, მიიჩნევს, რომ ტენდენციები შენარჩუნებულია და უმჯობესი იქნებოდა, თუ უფრო მეტი აბიტურიენტი საბუნებისმეტყველო სპეციალობებს აირჩევდა სამომავლო პროფესიად. ამასთან, მისი თქმით, ერთია გამოცდების ჩაბარებით მიღებული სიხარული და მეორეა ის, თუ რა სახის უმაღლეს სასწავლებლებში უწევთ სტუდენტებს სწავლის გაგრძელება. ვინაიდან სწავლის დაწყებიდან მალევე ხდება ხოლმე განხიბვლა, უმაღლესი სასწავლებლების არსებული ვითარების გამო.

„რიგ შემთხვევებში, სტუდენტები განხიბლულები არიან ხოლმე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებით, რადგან, ხშირად, მათთვის სახელმძღვანელოებიც კი არ არის ხელმისაწვდომი, ეს არის ისეთი საკითხები, რომელიც გადაუჭრელ საკითხად იქცა ჩვენი ქვეყნისთვის, არადა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უკეთესი უმაღლესი სასწავლებლების არსებობა“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG