Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტარების "მოხეტიალე ცირკი"


ბრიუსელი: ევროპის პარლამენტის წევრები ემზადებიან სტრასბურგში მატარებლით გასამგზავრებლად
ბრიუსელი: ევროპის პარლამენტის წევრები ემზადებიან სტრასბურგში მატარებლით გასამგზავრებლად
თვეში ერთხელ ევროპის პარლამენტს უწევს ბრიუსელიდან სტრასბურგში გადაბარგება ერთადერთი პლენარული სხდომის ჩასატარებლად, რის შემდეგაც პარლამენტარები ისევ ბრიუსელში ბრუნდებიან, ჩვეულ რეჟიმში სამუშაოდ. ასეა ყოველ თვე, რაც, ადვილი წარმოსადგენია, რომ დიდ ხარჯებს იწვევს, მზარდ კრიტიკასთან ერთად...

ბრიუსელში ჩვენი რადიოს კორესპონდენტი რიკარდ იოზვიაკი როგორც ამბობს, არის დღეები, როცა ევროპის პარლამენტის დერეფნებში ადვილად ვერ გაივლი: კონსიერჟები მიაგორებენ ურიკებს, რომლებიც შავი პლასტმასის ყუთებით დაუტვირთავთ. ხუთი საათი მაინც უნდებიან 6000-მდე ყუთის ჩატანას ქვემოთ, პირველ სართულზე, საიდანაც ბარგს რვა სატვირთო მანქანაში ალაგებენ. ასეა თვეში ერთხელ, ევროპის პარლამენტის წევრების ბრიუსელიდან სტრასბურგში გამგზავრებამდე.

შავი პლასტმასის ყუთები შეგვიძლია ჩავთვალოთ ევროპის პარლამენტის თანამშრომლების - 5000-მდე ადამიანის მობილურ კაბინეტებად. „პარასკევს ხსნი ჩემოდანს და ალაგებ დოკუმენტებს, რომლებიც მომდევნო კვირაში სტრასბურგში დაგჭირდება და რომლებიც არა გაქვს ელექტრონული ვერსიით, ან რომლებიც უბრალოდ გჭირდება, რომ თან გქონდეს“, - განმარტავს როზალი ბიზემანსი. ის თანაშემწედ მუშაობს ევროპის პარლამენტში.

ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელიდან საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში ჩატანილი ყუთები ახლა ევროპარლამენტის სტრასბურგის შენობაში შეაქვთ და იქ იყენებენ ერთი კვირის განმავლობაში, ვიდრე ისევ ჩაალაგებენ და უკან წაიღებენ, 440 კილომეტრით დაშორებულ ბრიუსელში. ასეთია პროგრამა, რომელიც ბევრს მიაჩნია ერთ-ერთ ყველაზე უცნაურ თავისებურებად, ერთგვარ ირაციონალურ რიტუალად ევროკავშირში...

მოკლედ, ევროპის პარლამენტის მთავარი ბაზა მდებარეობს ბრიუსელში, ბრიუსელშია კონცენტრირებული პარლამენტის კომიტეტების მუშაობის და პლენარული სხდომების უდიდესი ნაწილი. სტრასბურგს რაც შეეხება - ევროკავშირის ხელშეკრულებით განსაზღვრულია ის, რომ იქ თვეში ერთი პლენარული სხდომა ჩატარდეს. და კიდევ: პარლამენტის სამდივნო ლუქსემბურგში მდებარეობს...

გვსურს საფრანგეთმა გაიგოს, რომ მხოლოდ დროის საკითხია ევროპის პარლამენტის მიერ გადაწყვეტილების მიღება სტრასბურგიდან გადასვლაზე და ფრანგებს ვურჩევ, კარგად მოიფიქროს, რა ალტერნატივებს მოუძებნის ქალაქ სტრასბურგსა ...
ედუარდ მაკმილან-სკოტი
მუშაობის ასეთი რეჟიმი არა მარტო, უბრალოდ, უჩვეულოა, თუ ექსტრავაგანტული, ან ევროპის პარლამენტის „მოხეტიალე ცირკად“ მოხსენიებას იწვევს - ის სერიოზულ პრობლემებს უკავშირდება, მაგალითად სამუშაო დროს ართმევს პარლამენტის თანამშრომლებს.

„სტრასბურგის ამ კვირაში ერთი დღე გეკარგება მოგზაურობაში. ყველა, ყოველი ჩვენგანი კარგავს ერთ დღეს მაინც. თანაშემწეებს ამ მხრივ გაგვიმართლა, რადგან სულ ნახევარ დღეს ვკარგავთ იქითა გზაზე და ნახევარს უკან დაბრუნებისას. მაგრამ ევროპის პარლამენტის ზოგ წევრს ერთი დღეც არ ყოფნის იქ ჩასასვლელად“, - ამბობს როზალი ბიზემანსი.

ევროპის პარლამენტის თანამშრომლების უმრავლესობა მანქანით მგზავრობს ბრიუსელსა და სტრასბურგს შორის. მხოლოდ რამდენიმე ასეული სარგებლობს რკინიგზით. ჩქაროსნული მატარებლით მგზავრობა ოთხი საათი გრძელდება.

მწვავეა ხარჯების საკითხიც. გამოკვლევამ აჩვენა, რომ სტრასბურგში ყოველთვიური სხდომების ჩატარება წელიწადში 180 მილიონი ევრო ჯდება.

ყველა ამ ფაქტორის გამო პარლამენტარებში უკმაყოფილება იზრდება. არაოფიციალურმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ უმრავლესობა ემხრობა ევროპის პარლამენტის მუშაობას ერთ ქალაქში - ბრიუსელში, ევროკავშირის სხვა ინსტიტუტებთან სიახლოვის გამო.

ევროპის პარლამენტის ბრიტანელი წევრი, ედვარდ მაკმილან-სკოტი აქტიურად მონაწილეობს მრავალპარტიულ კამპანიაში პარლამენტის ბრიუსელში დასატოვებლად. მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება სტრასბურგში მუშაობაზე უარის თქმას, ბრიტანელი პარლამენტარი დარწმუნებულია, რომ ადრე თუ გვიან ეს მაინც მოხდება.

ევროპარლამენტი
ევროპარლამენტი
„აშკარაა, რომ ფრანგული სიამაყე უკავშირდება ამ საკითხს და ჩვენთვის ეს სავსებით მისაღებია. მეორე მხრივ, გვსურს საფრანგეთმა გაიგოს, რომ მხოლოდ დროის საკითხია ევროპის პარლამენტის მიერ გადაწყვეტილების მიღება სტრასბურგიდან გადასვლაზე და ფრანგებს ვურჩევ, კარგად მოიფიქროს, რა ალტერნატივებს მოუძებნის ქალაქ სტრასბურგსა და შენობებს, რომლებიც იქ მდებარეობს“, - ამბობს ედუარდ მაკმილან-სკოტი, ევროპარლამენტის მხოლოდ ბრიუსელში მუშაობის მომხრეთა კამპანიის თანათავმჯდომარე. კამპანიის წინააღმდეგ საფრანგეთთან ერთად ლუქსემბურგიც გამოდის - როგორც უკვე ითქვა, ევროპარლამენტის სამდივნოს მასპინძელი ქვეყანა.

გამოდის, ევროკავშირში დიდი დისკუსია და კამათია მოხეტიალე ცირკად წოდებული პარლამენტის გარშემო. ზოგ დეპუტატს უკვე თავი მოაბეზრა მითქმა-მოთქმამ. მაგალითად, ჩეხეთის წარმომადგენელი, ლიბორ როუჩეკი უპრიანად მიიჩნევს, პარლამენტმა მეტი დრო დაუთმოს სტრასბურგში ჩასვლის გაადვილებაზე ზრუნვას და ევროპარლამენტის ადგილმდებარეობის საკითხი მიანდოს იმათ, ვისაც მინიჭებული აქვს მისი მოგვარების უფლებამოსილება. „ჩვენ ამას ვერ გადავწყვეტთ. თუ ვინმეს უნდა ამის შეცვლა - მთავრობებს, ან, სხვაგვარად რომ ვთქვათ, საბჭოს, მან ეს უნდა განიხილოს, შეცვალოს და ამის შესახებ შეთანხმდეს. ეს ნიშნავს, რომ საჭიროა 27-ვე მთავრობის თანხმობა“, - აღნიშნავს ჩეხი პარლამენტარი, რომლის აზრითაც, ახლა ნაადრევია დისკუსია იმის შესახებ, თუ სად უნდა იყოს პარლამენტის ადგილსამყოფელი - ბრიუსელში, თუ სტრასბურგში.
XS
SM
MD
LG