Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის წამყვანი მოხელეები ბოიკოტს გამოუცხადებენ უკრაინაში ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატს


საპატიმროში მყოფი იულია ტიმოშენკო
საპატიმროში მყოფი იულია ტიმოშენკო
თუ უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, საპატიმროში მყოფი იულია ტიმოშენკოს მიმართ მოპყრობა არ შეიცვლება, ანუ კანონის ჩარჩოებს არ დაუბრუნდება, ევროპის მომავალ საფეხბურთო ჩემპიონატს, რომელიც უკრაინასა და პოლონეთში იმართება, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ბოიკოტს გამოუცხადებს.

ანგელა მერკელის მრჩეველმა გეორგ შტრაიტერმა ორშაბათს მკაფიოდ თქვა, რომ ჩემპიონატზე მერკელის ჩასვლა პირდაპირაა დამოკიდებული ტიმოშენკოს მდგომარეობასა და უკრაინაში კანონის უზენაესობაზე. მერკელი ევროკავშირის მოხელეებმა მარტო არ დატოვეს ამ მცდელობაში, სოლიდარობა გამოუცხადოს პატიმარს, რომელიც 20 აპრილის შემდეგ შიმშილობს და რომელსაც ხერხემლის პრობლემები და, აქედან გამომდინარე, ტკივილები აქვს დიდი ხანია. ტიმოშენკო, რომელიც თანამდებობის ბოროტად გამოყენების გამო იხდის შვიდწლიან პატიმრობას, ხარკოვის ციხეში იმყოფება. ხარკოვი კი ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი ქალაქია. არა მარტო ხარკოვში, ევროპელი მოხელეები შეიძლება არ ჩავიდნენ სხვა თამაშებზეც. ევროკომისარმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ, რომელიც ცნობილი ფეხბურთის მოყვარულია, და ევროკავშირის საგარეოპოლიტიკურმა ლიდერმა კეთრინ ეშტონმა განაცხადეს, რომ, ტიმოშენკოს საქმის გამო, განზრახული აქვთ არ წავიდნენ ევროპის ჩემპიონატზე. ბაროზუს წარმომადგენელმა პია არენკილდე ჰანსენმა ბრიუსელში განაცხადა, რომ ბაროზუ არ გეგმავს უკრაინაში წასვლას, სანამ კიევი არ მიაქცევს ყურადღებას ტიმოშენკოს ძალიან, ძალიან სერიოზულ მდგომრეობას:

ტიმოშენკოსა და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებთან დაკავშირებული ვითარება უკრაინაში არ შეიცვალა, კომისარი ვასილიუ თვლის, რომ იქ ჩასვლა არასწორი იქნებოდ ...
დენის აბოტი
„ცხადია, რომ ამჟამინდელ ვითარებაში ჟოზე მანუელ ბაროზუ არ აპირებს უკრაინაში გაემგზავროს და მონაწილეობა მიიღოს იქ დაგეგმილ ცერემონიებში.“

უკრაინაში თამაშებზე წასვლაზე უარი თქვეს ევროპის იუსტიციისა და გაფართოების კომისრებმა, ვივიან რედინგმა და შტეფან ფიულემ. განათლების, კულტურის და ახალგაზრდობის საკითხებში ევროპის კომისრის ანდრულა ვასილიუს წარმომადგენელმა, დენის აბოტმა, პრესას ამცნო, რომ კომისარი პოლონეთში ჩასვლას აპირებს, უკრაინაში კი - არა:

„თუ ადამიანის უფლებების მდგომარეობა, კერძოდ, ტიმოშენკოსა და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებთან დაკავშირებული ვითარება უკრაინაში არ შეიცვალა, კომისარი ვასილიუ თვლის, რომ იქ ჩასვლა არასწორი იქნებოდა.“

უკრაინის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ტიმოშენკოს მომხრეებს - ასევე დასავლეთს - მიაჩნიათ, რომ ახლანდელი მთავრობა მას ანგარიშს უსწორებს და სასამართლოები და განაჩენი ამის შედეგია. 51 წლის პოლიტიკოსის მიმართ სოლიდარობის ხმები გაისმა იმის შემდეგ, რაც გავრცელდა ცნობები, რომ მას საპატიმროში სცემეს. ამჟამად გერმანიის მთავრობის მუქარას, რომ არ დაესწრება ჩემპიონატს, მომხრები არ ჰყავს დასავლეთში. ევროპის პრესა, სხვათა შორის, იხსენებს პეკინის ოლიმპიადას, როცა ამოდენა სავაჭრო პარტნიორი არავინ გაიმეტა საბოიკოტოდ. ასევეა ახლა გერმანიაში. მაგალითად, ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარემ ტომას ბახმა, რომელიც, ამავე დროს, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტიც არის, წინააღმდეგია ბოიკოტისა და ამბობს: ისტორიამ გვასწავლა, რომ ბოიკოტები უაზრო და წარუმატებელია და ამას უკვე ყველა მიხვდაო. ბახი ასევე კატეგორიულად ეწინააღმდეგება თამაშების სხვა ქვეყანაში გამართვას. საკუთრივ უკრაინაში ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ტიმოშენკოს საქმისა და ჩემპიონატის ერთმანეთთან დაკავშირება „ცივი ომის პერიოდის სტრატეგიაა“ და რომ ასე სპორტი პოლიტიკის მძევლად გადაიქცევა. ამ ყველაფრის ფონზე, გაუარესდა უსაფრთხოების ვითარება უკრაინაში. 27 აპრილს ქალაქ დნეპროპეტროვსკში რამდენიმე ბომბი აფეთქდა, რასაც შეშფოთება მოჰყვა, მოახერხებს თუ არა უკრაინის პოლიცია უზრუნველყოს წესრიგი და უსაფრთხოება ჩემპიონატის დროს, როც იქ უამრავი სტუმარი ჩავა.

უეფას მხრიდან ჩემპიონატის დირექტორმა, მარტინ კალენმა, გერმანიის „ზიუდდოიჩე ცაიტუნგს“ უთხრა, რომ ჩემპიონატის უკრაინიდან სხვა ქვეყანაში გადატანა დაგვიანებულია. თუ ვითარება მართლაც სახიფათო გახდა, კალენის აზრით, ჩემპიონატს სხვა დროისთვის გადაიტანენ. პოლონელი პოლიტიკოსი პაველ კოვალი, მემარჯვენე, რომელიც ევროპის პარლამენტის დეპუტატია და ევროკავშირისა და უკრაინის საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელობას ითავსებს, ფიქრობს, რომ ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში პოლონეთისა და უკრაინის ერთობლივი ტურნირია და ის რაც შეიძლება კარგად უნდა ჩატარდეს. პოლონეთის სპორტის უწყების მოხელეები და პოლიტიკოსები გერმანიის ინიციატივას თავშეკავებით შეხვდნენ, მაგრამ სხვა მხრივ, გერმანიის პრეზიდენტის, იოახიმ გაუკის მოწოდებას, არ მიიღონ მონაწილეობა უკრაინაში - ყირიმში - დაგეგმილ არასაფეხბურთო, წმინდა პოლიტიკურ სამიტში, შეუერთდნენ ჩეხეთისა და სლოვაკეთის, ასევე ავსტრიის და იტალიის პრეზიდენტები.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG