Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის პროექტი სამოქალაქო სექტორის მხარდასაჭერად


თბილისში გაიმართა პრეზენტაცია ევროკავშირის ახალი პროექტისა „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გარემოს გაუმჯობესებას, გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, გაზარდოს მათი ანგარიშვალდებულება მოქალაქეების მიმართ. პროექტი 2020 წლამდე გაგრძელდება და მისი საერთო ბიუჯეტია 5 მილიონი ევრო.

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ფონზე, სამოქალაქო საზოგადოების ანგარიშვალდებულებისა და, ზოგადად, მისი მნიშვნელობის გაზრდაა მთავარი მიზეზიც და მიზანიც ევროკავშირის ახალი პროექტისა, რომლის პრეზენტაციაც 24 მარტს „ექსპო-ჯორჯიას“ საგამოფენო ცენტრში გაიმართა და რომელსაც სამოქალაქო საზოგადოების, ხელისუფლების, დიპლომატიური მისიების, საერთაშორისო ორგანიზაციების, მედიისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

როგორც რადიო თავისუფლებასთან საუბარში პროექტის მენეჯერი დავით აფრასიძე ამბობს, სამოქალაქო სექტორის გაძლიერების გარდა, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია გარკვეული ტიპის მუშაობის ჩატარება - ერთი იმის გასარკვევად, თუ როგორია საზოგადოების დამოკიდებულება სამოქალაქო სექტორისა და მისი მუშაობის მიმართ და მეორე იმისათვის, რომ გაიზარდოს სოციალური პასუხისმგებლობა, ანუ კერძო სექტორის ჩართულობა და მონაწილეობა იმ საკითხების მოგვარებაში, რომლებიც საზოგადოებას აწუსხებს:

„ეს ინიციატივა გულისხმობს არა მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოებას, ვიწრო გაგებით, არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებს, არამედ გულისხმობს მთლიანად საზოგადოებას და აქცენტი კეთდება იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტი გაკეთდეს რეგიონებში, რაც შეიძლება მეტი გაკეთდეს იმისთვის, რომ მოქალაქეები იყვნენ ჩართული არასამთავრობო საქმიანობაში და ახალგაზრდები გააქტიურდნენ იმ საქმიანობაში, რასაც სამოქალაქო საქმიანობას ვეძახით“.

დავით აფრასიძის თქმით, საქართველოში, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, დამკვიდრდა წარმოდგენა, რომ სამოქალაქო საზოგადოება უდრის არასამთავრობო ორგანიზაციას და ამ პროექტის ერთ-ერთი მიზანი ამ ტოლობის გაქრობაა. ამასთან, მისი თქმით, აუცილებელია სამოქალაქო სექტორისა და ბიზნესის, ასევე სამოქალაქო და სამთავრობო სექტორებს შორის თანამაშრომლობის გაღრმავება, რათა არასამთავრობო სექტორი მუდმივად საერთაშორისო დონორებზე არ იყოს დამოკიდებული და დაირღვეს წარმოდგენა, რომ სამოქალაქო სექტორს დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად სამთავრობო სექტორთან ფინანსური თანამშრომლობა არ სჭირდება:

„გულახდილად ვთქვათ, რომ ევროკავშირიც სამთავრობო ორგანიზაციაა, ისიც არ არის არასამთავრობო და ამერიკის განვითარების სააგენტოც. ეს ფულიც ბიუჯეტიდან მოდის, გადასახადების გადამხდელების ფულია და ამ თანხასაც ისე უნდა მოვექცეთ, როგორც საკუთარ თანხას მოვექცეოდით, და ყველას აქვს თავისი დღის წესრიგი. რაც შეეხება სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის თანამშრომლობის პოზიტივს, ამაზე ძალიან მარტივი პასუხი არსებობს, რომ არის სფეროები, სადაც სახელმწიფოს შეუძლია რესურსიც დაზოგოს და ალტერნატიული ხედვაც მოიზიდოს, თუ ამ ყველაფერს თვითონ კი არ გააკეთებს, არამედ გადაულოცავს არასამთავრობო სექტორს, რომელსაც აქვს ამის გამოცდილება“.

„სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ პროექტის პრეზენტაციის პარალელურად, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო საზოგადოებრივი ორგანიზაციების ძირითადი პრინციპების დეკლარაცია. სამოქალაქო საზოაგოდების ინსტიტუტის პროექტის მენეჯერ ეკა დანელიას თქმით, დეკლარაცია საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების თვითრეგულირებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც მომავალში მოიაზრებს კონკრეტული მექანიზმების შექმნას, ყოველი პრინციპის უკეთ დაცვისა და ორგანიზაციულ საქმიანობაში მისი ეფექტურად განხორციელებისათვის. მსგავსი პრაქტიკა უკვე არსებობს. 2016 წელს საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა დანერგეს მექანიზმი, რომელიც გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულების პრინციპებს ეფუძნება. ეკა დანელიას თქმით, დეკლარაციაზე ხელმოწერა იქნება კარგი ლუსტრაცია იმისა, თუ რა ორიენტაციისაა და დაფინანსების რა წყაროებით გეგმავს თავის საქმიანობას ესა თუ ის სამოქალაქო ორგანიზაცია:

„ხშირად საუბარია პრორუსულ პროპაგანდაზე და ორგანიზაციები შესაძლოა დაფინანსებას იღებდნენ რუსული წყაროებიდან და ამაზე სექტორი აქტიურად აკეთებს აქცენტს, რომ დროა ერთგვარი თვითიდენტიფიკაციის მექანიზმი შევქმნათ და გავაეკთოთ აქცენტი კვლავ იმაზე, თუ რა ღირებულებებს იზიარებს სამოქალაქო საზოგადოება“.

სამოქალაქო სექტორის წინაშე მდგარი გამომწვევების ან ქვეყანაში შესაძლო არადემოკრატიული პროცესების გამო გაჩენილ ხიფათებზე პასუხი არ არის ეს პროექტიო, ამბობს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტის კოორდინატორი ლელა ხოფერია. მისი თქმით, დასავლეთის ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს დემოკრატიაც ახალგაზრდაა და, შესაბამისად, სამოქალაქო სექტორიც. ამდენად, მისი გაძლიერება და განსაკუთრებით რეგიონებში საქმიანობის გაფართოებაა პროექტის მიზანი:

„აქამდე საქართველოს სამოქალაქო სექტორის დაფინანსების წყაროები მეტწილად დასავლური ფონდები იყო და დღესაც კვლავ არის და არ შეიძლება მუდმივად დასავლური ფონდების შემყურე ვიყოთ და უნდა განვითარდეს ადგილობრივი ინსტიტუტები, ადგილობრივი დაფინანსების წყაროები“.

პროექტის ფარგლებში, 2020 წლის ბოლომდე ჩატარდება სხვადასხვა ფორმისა და შინაარსის, სულ მცირე, 110 აქტივობა და გაიცემა 79 გრანტი, რომლითაც ისარგებლებს სამოქალაქო საზოგადოების, სულ მცირე, 5 000 წარმომადგენელი მთელი საქართველოს მასშტაბით.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG