Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში და საქართველოზე


ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ყოველწლიური სესიის საქართველოში ჩასატარებლად ემზადება. მართალია, წინ კიდევ თითქმის წელიწად-ნახევარია, მაგრამ, საკითხის მნიშვნელობის გათვალისწინებით, სწორედ ყოველწლიური სესიისთვის მომზადება დასახელდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივნის საქართველოში სტუმრობის ერთ-ერთ ძირითად მიზნად. სპენსერ ოლივერმა თბილისში კვლავაც მოისმინა წუხილი ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით რუსეთის მიერ გადადგმული ნაბიჯების გამო. თბილისს ეუთოსა და მისი საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან მხარდაჭერის მოლოდინი აქვს.

აშკარაა, რომ საქართველოში ბევრჯერ ნამყოფი სპენსერ ოლივერი აღფრთოვანებულია ქვეყნის „უცვლელი“ სტუმართმოყვარეობით და სწორედ ამ ჭრილში აყალიბებს ის თავის კომენტარს მომავალ, მეტად წარმომადგენლობით სტუმრიანობასთან დაკავშირებითაც:

„ვაპირებთ, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესია თბილისში ჩავატაროთ მომავალი წლის ზაფხულში. აქ ვარ იმისთვის, რომ მოსამზადებელი სამუშაოები დავიწყოთ. მოუთმენლად ველით, რომ ვისიამოვნოთ ტრადიციული ქართული სტუმართმოყვარეობით. 2016 წლის ზაფხულში საქართველოში ჩამოვა 300-მდე პარლამენტარი ეუთოს წევრი ქვეყნების 56 პარლამენტიდან. ჩვენ მოუთმენლად ველოდებით ამას“.

მომავალი წლისთვის დაგეგმილ მასშტაბურ მოვლენაზე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურმა მდივანმა საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებთან ილაპარაკა და ძირითადი ასპექტებიც შეათანხმა. სპენსერ ოლივერის განრიგში იყო შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარესთან.

მიმოვიხილეთ უსაფრთხოების სიტუაცია რეგიონსა და საქართველოში. რა თქმა უნდა, ძირითადი ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მოვლენებს, ე. წ. ხელშეკრულებებს, რომელსაც უკვე მოეწერა ხელი სოხუმში...
დავით დონდუა

ოფიციალური წყაროების თანახმად, ყოველწლიური სესიის გარდა, საუბრის მთავარ თემებს წარმოადგენდა საქართველოს უკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა და რუსეთის ქმედებები, რასაც საქართველოს ხელისუფლება „ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯად“ აფასებს. საქართველოსთვის პრინციპულ საკითხებზე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურმა მდივანმა საგარეო საქმეთა სამინისტროში სტუმრობის დროსაც ილაპარაკა. მას მინისტრის პირველი მოადგილე დავით დონდუა შეხვდა.

„მიმოვიხილეთ უსაფრთხოების სიტუაცია რეგიონსა და საქართველოში. რა თქმა უნდა, ძირითადი ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მოვლენებს, ე. წ. ხელშეკრულებებს, რომელსაც უკვე მოეწერა ხელი სოხუმში და, ალბათ, ხელი მოეწერება ცხინვალში. ვისაუბრეთ ამ ტერიტორიებზე შექმნილ ჰუმანიტარულ სიტუაციაზე და იმ როლზე, რომელიც შეიძლება შეასრულოს ეუთომ და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ“.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული პრობლემატიკა უცვლელად დგას როგორც ეუთოს, ასევე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დღის წესრიგში. გავიხსენოთ, რომ ეუთო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ერთ–ერთი თანათავმჯდომარეა, ევროკავშირთან და გაეროსთან ერთად, და ის აქტიურად არის ჩართული ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მუშაობაში. საქართველოსთვის პრინციპული საკითხები ასევე შესაბამისად აისახება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ დამტკიცებულ დოკუმენტებში. ასეა შარშან ბაქოში გამართული ყოველწლიური 23-ე სესიის დეკლარაციაში, რომლის შემადგენელ რეზოლუციებშიც საქართველო არაერთგან არის მოხსენიებული.

(ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა) მოუწოდებს რუსეთს შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები...

საპარლამენტო ასამბლეა იმეორებს მოწოდებას საკუთარ სახლებში დევნილთა უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებასთან დაკავშირებით. დეკლარაციაში ხაზგასმულია ასევე, რომ, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფილი უნდა იქნეს საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების ხელმისაწვდომობა და რომ ეს უნდა ემსახურებოდეს საქართველოსა და მისი ოკუპირებული ტერიტორიების თანდათანობით დაახლოებას. აქვეა მოწოდება რუსეთის გასაგონად:

„(ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა) მოუწოდებს რუსეთს შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციისა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების პატივისცემის მიზნით“.

2014 წლის ბაქოს დეკლარაციაში ასახული ეს აქცენტები წინა წლებშიც იჩენდა თავს და, მაგალითად, 2013 წელს, როდესაც ყოველწლიურ სესიას სტამბოლი მასპინძლობდა. მართალია, რუსეთი თითქმის არასოდეს ითვალისწინებს საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდებებს, მაგრამ მსგავს დოკუმენტებში ჩადებულ მსგავს აქცენტებს საქართველოს საბოლოო გამარჯვებისთვის საჭირო „აგურებად“ მიიჩნევს პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე:

„ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა – ეს არის ერთ-ერთი უმაღლესი ტრიბუნა და შეიძლება ითქვას, რომ ეს არის მეორე უმაღლესი ტრიბუნა – გაეროს გენერალური ასამბლეის შემდეგ. ეუთო არის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია. მასში გაწევრიანებულია ევროპის ყველა სახელმწიფო, ცენტრალური აზიის 5 სახელმწიფო და ჩრდილოეთ ამერიკის ორი სახელმწიფო. თუკი არა გეოგრაფიული, არამედ პოლიტიკური კუთხით ვისაუბრებთ, ეუთოში წარმოდგენილი არიან სამი კონტინენტის სახელმწიფოები“.

შესაბამისად, ნიკა ჩიტაძე, სხვა ექსპერტების მსგავსად, მეტად მნიშვნელოვნად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ 2016 წელს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესია საქართველოში ჩატარდება. გარღვევას, ცხადია, არავინ მოელის, მაგრამ არავინ დავობს, რომ მასშტაბური ღონისძიების მასპინძლობის ფონზე საერთაშორისო თანამეგობრობის უფრო ფართო ყურადღებას მიიპყრობს რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველო. ბევრი რამ კი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა მდგომარეობაში იქნება იმ დროისთვის რუსეთის ფედერაცია.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG