Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ევროკავშირთან ასოცირება ჩეხეთში ბარიერს აწყდება


ჩეხეთის კომპანია „ენერგო-პროსა“ და საქართველოს ხელისუფლებას შორის მიმდინარე ფინანსურმა დავამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას. ჩეხური მედიის თანახმად, ჩეხური კომპანია უარს ამბობს გადაიხადოს მისთვის დაკისრებული 60 მილიონი დოლარის ჯარიმა, რასაც კომპანია „ენერგო-პროც“ და ჩეხეთის მთავრობაც გაუმართლებლად მიიჩნევს.

ჩეხეთის წამყვანი გამოცემის „ლიდოვე ნოვინის“ ცნობით, ჩეხეთის საკანონმდებლო ორგანოს აქამდეც შეეძლო საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების რატიფიკაცია, მაგრამ, ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კოლეგიის ჩარევის გამო, პროცესი რამდენჯერმე გადაიდო.

როგორც გამოცემა იუწყება, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიუბომირ ზაორალეკი „ევროპასთან საქართველოს დაახლოების მნიშვნელოვან დოკუმენტს საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლისა და ჩეხური კომპანია „ენერგო-პროს“ ინვესტიციების დასაცავად იყენებს“, ამის მიზეზი კი ის ჯარიმა გამხდარა, რომელიც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შარშან დაუკისრებია კომპანია „ენერგო-პროსათვის“, რომელიც ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია და საქართველოში 15-მდე ჰიდროელექტროსადგურს ფლობს.

გაზეთ „ლიდოვე ნოვინის“ ცნობით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 1,5 მილიარდი ჩეხური კრონის, ანუ, დაახლოებით, 60 მილიონი დოლარის, დამატებითი გადასახადის გადახდა დააკისრა ჩეხურ კომპანიას, რომელიც ამ თანხის კანონიერებაზე დაობს. ამ დავის შესახებ ცნობილია ჩეხეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ზაზა გოგსაძისთვის, რომელიც მიუღებლად მიიჩნევს კერძო კომპანიის ფინანსური დავის საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციასთან დაკავშირებას:

„ჩემთვის ოფიციალურად არ უთქვამთ, რომ ეს ორი საკითხი ერთმანეთთან არის დაკავშირებული და რომ თუ ერთი საკითხი არ გადაწყდება, არ მოხდება მეორის გადაწყვეტა. ახლა იმასაც გეტყვით, რომ, როგორც საქართველოს ელჩს, ამ ორი საკითხის ერთ სიბრტყეში მოთავსება აბსოლუტურად მიუღებელი მგონია“.

ზაზა გოგსაძეს მხედველობაში აქვს ჩეხეთის კერძო ბიზნესკომპანიის საქმიანობის დაკავშირება საქართველოსათვის ისეთ მნიშვნელოვან საკითხთან, როგორიც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებაა.

„საქმის კურსში ვარ, რომ ამ კომპანიას, „ენერგო-პროს“, პრობლემური საკითხები ჰქონდა საქართველოში. კომპანიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ირჟი კრუშინა, ჩასული იყო საქართველოში, შეხვდა შესაბამის თანამდებობის პირებს და როცა ჩამოვიდა, მე მეორედ შევხვდი მას. ბატონი კრუშინა ძალიან კმაყოფილი იყო საქართველოში გამართული პოზიტიური შეხვედრებით. ბოლოს რა მდგომარეობაშია ეს საკითხი, ვერ გეტყვით“, - აცხადებს ზაზა გოგსაძე.

ირჟი კრუშინა, რომელსაც რადიო თავისუფლება ტელეფონით დაუკავშირდა, ამჟამად მივლინებაში იმყოფება და შეკითხვებზე პასუხს მოგვიანებით დაგვპირდა. უშედეგო აღმოჩნდა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლიუბომირ ზაორალეკთან დაკავშირების მცდელობა. ჩეხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ცნობილია საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის მხარდამჭერი განცხადებებით, თუმცა ზაორალეკი, რომელიც ჩეხეთის კოალიციურ მთავრობაში სოციალ-დემოკრატიულ პარტიას წარმოადგენს, ცხადია, უფრო მეტად ჩეხური კომპანიების ინტერესებს იცავს. გაზეთ „ლიდოვე ნოვინის“ ცნობით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ კომპანიისათვის დაკისრებულ დამატებით გადასახადს ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თურმე „წარმატებით მოქმედ ჩეხურ კომპანიაზე შეტევა“ უწოდა.

სხვაგვარად ფიქრობს საქართველოს ხელისუფლება.

კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯიასთვის" თანხის გადახდის დაკისრებას „ჩვეულებრივი საგადასახადო ქეისი“ უწოდა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა. ნოდარ ხადური აცხადებს, რომ თუ კომპანია დამატებით მტკიცებულებებს წარმოადგენს იმაზე, რომ სადავო თანხების ნაწილი მის საქმიანობას მოხმარდა, მაშინ „ენერგო-პრო ჯორჯია“ ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს ინვესტირებას. „არც ერთი წამით კომპანიის საქმიანობა არ ყოფილა შეფერხებული. ის ჩვეულ რეჟიმში მუშაობს და საკმაოდ საინტერესო საინვესტიციო წინადადებები აქვს“, - აცხადებს ხადური.

ამ ფონზე, ჩეხეთის პარლამენტში 12 მარტს გადის განსახილველად ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციის საკითხი. „მე ვიმედოვნებ, რომ ყვლაფერი რიგზე იქნება და დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული ამ რატიფიკაციასთან დაკავშირებით“, - აცხადებს ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG