Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

32 მილიონი ევრო საქართველოს მხარდასაჭერად


იოჰანეს ჰანი, გიორგი კვირიკაშვილი
იოჰანეს ჰანი, გიორგი კვირიკაშვილი

ევროკავშირი საქართველოს ასოცირების შეთანხმების განსახორციელებლად 32 მილიონ ევროს გამოუყოფს. საფინანსო ხელშეკრულება თბილისში, ევროკომისარ იოჰანეს ჰანის ვიზიტის ფარგლებში, 5 მაისს გაფორმდა. ევროკავშირის დახმარების მიზანია საქართველოს სახელმწიფო უწყებების ინსტიტუციური გაძლიერება და ქვეყნის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების ხელშეწყობა, სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანის თბილისში გამართული შეხვედრების მთავარი საკითხები კი იყო ევროკავშირ-საქართველოს თანამშრომლობის პრიორიტეტები, ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმები და სამომავლო გეგმები. ცნობილი გახდა ისიც, რომ 2018 წლის სექტემბრიდან თბილისში „აღმოსავლეთის პარტნიორობის ევროპული სკოლა“ ამოქმედდება.

32 მილიონი ევრო საქართველოს მხარდასაჭერად
please wait

No media source currently available

0:00 0:05:20 0:00
გადმოწერა

„უვიზო რეჟიმის შემოღება საქართველოს მოქალაქეებისთვის გახლავთ ყველაზე თვალსაჩინო შედეგი, რომელიც კიდევ სხვა მრავალი წარმატების საწინდარი გახდება მომავალში“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელზეც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის ეფექტურობა და ნაყოფიერება არაერთ კონტექსტში იყო ნახსენები. საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახმად, ევროკომისრის ამჟამინდელი ვიზიტი იმ მომავალი ნაბიჯების განსაზღვრასა და შეჯერებას ემსახურება, რომლებიც საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირთან კიდევ უფრო გააღრმავებს - მათ შორის, „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ მომავალ სამიტზე.

ეს ასევე დაეხმარება საქართველოს, მონაწილეობა მიიღოს ევროკავშირის ორ უმნიშვნელოვანეს პროექტში - „კრეატიული ევროპა“, რომელიც კულტურული და კრეატიული სფეროების განვითარებას უწყობს ხელს, და „ჰორიზონტი 2020“, რომელიც კვლევასა და ინოვაციებს შეეხება. ესაა კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან აახლოებს...
იოჰანეს ჰანი

“შეხვედრისას ევროკომისარს გავუზიარეთ საქართველოს მოლოდინები. წელს, 24 ნოემბერს, ქალაქ ბრიუსელში დაგეგმილ "აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამიტთან დაკავშირებით, რომელიც, ჩვენი აზრით, უნდა იყოს მომავლის ხედვაზე ორიენტირებული და ხელი უნდა შეუწყოს ევროკავშირთან ურთიერთობის განმტკიცებას. ხელი მოეწერა ასევე საფინანსო შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც ევროკავშირი გამოყოფს 32 მილიონი ევროს ოდენობის დახმარებას ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდასაჭერად. ევროკომისიასთან ერთად, ჩვენ ასევე ვგეგმავთ საქართველოში რეგიონალური მნიშვნელობის „ევროპული სკოლის“ გახსნას. ეს იდეა ეკუთვნის ევროკომისარ იოჰანეს ჰანს“, განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

იოჰანეს ჰანის განმარტებით კი, „ევროპული სკოლისთვის“ საქართველო საპილოტე ქვეყნად იქნა შერჩეული და სასიამოვნოა, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ ეს იდეა აიტაცა. ევროკომისრის თანახმად, ამ სკოლაში აღმოსავლეთ სამეზობლოს ნიჭიერ ახალგაზრდებს მიეცემათ საშუალება ისწავლონ ევროპული კულტურა, ენები, აითვისონ შესაბამისი უნარები და ადვილად განაგრძონ სწავლა ევროპულ უნივერსიტეტებში. იოჰანეს ჰანმა ილაპარაკა ასევე საქართველოს მთავრობასთან გაფორმებული 32 მილიონი ევროს ოდენობის საფინანსო შეთანხმების კონკრეტულ მიზნებზე:

“ეს ხელს შეუწყობს რეგულაციების ევროპულ კანონებთან შესაბამისობაში მოყვანას ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ენერგეტიკა, სავაჭრო სისტემა, სახელმწიფო შესყიდვები და საბანკო სერვისები. ეს ასევე დაეხმარება საქართველოს, მონაწილეობა მიიღოს ევროკავშირის ორ უმნიშვნელოვანეს პროექტში - „კრეატიული ევროპა“, რომელიც კულტურული და კრეატიული სფეროების განვითარებას უწყობს ხელს, და „ჰორიზონტი 2020“, რომელიც კვლევასა და ინოვაციებს შეეხება. ესაა კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან აახლოებს“.

ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის საუბარი გაფართოებულ ფორმატში შეეხო ასევე საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების მიმდინარე პრიორიტეტებს, საკონსტიტუციო რეფორმის განხილვის პროცესში საზოგადოებისა და ვენეციის კომისიის ჩართულობის მნიშვნელობას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი ევროკავშირის ერთგულებას და სხვა საკითხებს. ამ საკითხებზე მსჯელობა გაგრძელდა ევროკომისრის შეხვედრებზე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებსა და პრეზიდენტთან.

ის, რომ მოსახლეობის 90 პროცენტი ემხრობა ევროკავშირს, ამ დროს მოსახლეობის 30 პროცენტი ამბობს, რომ ევროკავშირი საფრთხეა ქართული იდენტობისთვის. პატრიოტიზმი არის ისეთი გრძნობა, რომელიც ადვილად შეიძლება გამოიყენონ ასეთმა ძალებმა, მიუხედავად იმისა, რომ ეს მოსახლეობა მაინც უჭერს ევროკავშირს მხარს. რისკი არის ყოველთვის...
ნოდარ ტანგიაშვილი

შეხვედრებს, თავის მხრივ, ყურადღებით ადევნებდა თვალყურს სამოქალაქო სექტორი, რომლის ერთმა ნაწილმა საქართველოს ევროპული მომავლის მხარდასაჭერად 5 მაისს დაიწყო მოძრაობა „ ძალა ევროპაშია“. როგორც „აღმოსავლეთ-დასავლეთის ინსტიტუტის“ მრჩეველი საჯარო პოლიტიკისა და ანგარიშვალდებულების საკითხებში ნოდარ ტანგიაშვილი ამბობს, ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავების მიუხედავად, ევროპის მხარდამჭერი კამპანია, საქართველოში ნაციონალისტური პლატფორმის გაძლიერების საფრთხის ფონზე, აქტუალური და საშურია:

“ის, რომ მოსახლეობის 90 პროცენტი ემხრობა ევროკავშირს, ამ დროს მოსახლეობის 30 პროცენტი ამბობს, რომ ევროკავშირი საფრთხეა ქართული იდენტობისთვის. პატრიოტიზმი არის ისეთი გრძნობა, რომელიც ადვილად შეიძლება გამოიყენონ ასეთმა ძალებმა, მიუხედავად იმისა, რომ ეს მოსახლეობა მაინც უჭერს ევროკავშირს მხარს. რისკი არის ყოველთვის. მაგალითად, რაც მოხდა მაკედონიაში ახლახან, პროევროპულ ქვეყანაში, რომელიც მიიწევს დასავლეთისაკენ, უცბად ნაციონალისტები შეიჭრნენ პარლამენტში და ხელისუფლება ლამის დაამხეს, იმიტომ რომ ძალიან აქტიურია რუსული პროპაგანდა. ჩვენი კამპანიის მიზანია, რომ ამ პროპაგანდას დავუპირისპირდეთ“.

მოძრაობა „ძალა ევროპაშია“ სამოქალაქო და მედიაორგანიზაციებს აერთიანებს და რუსეთის მიერ ანტიდასავლური პროპაგანდის გასანეიტრალებლად შეიქმნა. ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის გაფორმება ორგანიზატორებმა საგანგებოდ დაამთხვიეს ევროპის კვირეულს. ისინი მოხარულები არიან იმითაც, რომ კამპანიის დაწყება სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანის საქართველოში ვიზიტს დაემთხვა. ევროკომისარი საქართველოს 6 მაისს დატოვებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG