Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტის რეზოლუცია ვანო მერაბიშვილს პოლიტპატიმრად არ მოიხსენიებს


ევროპარლამენტის შენობა სტრასბურგში
ევროპარლამენტის შენობა სტრასბურგში
23 ოქტომბერს ევროპარლამენტმა დაამტკიცა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ ინიცირებული რეზოლუცია, რომელიც ბოლო დღეებში კამათისა და დაპირისპირების თემად იქცა საქართველოში. პროექტისგან განსხვავებით, დამტკიცებული რეზოლუციის 39-ე პუნქტში ვანო მერაბიშვილი აღარ არის მოხსენიებული პოლიტპატიმრად. რეზოლუცია, სახელწოდებით ”ევროპის სამეზობლო პოლიტიკის შესახებ: პარტნიორობის გაძლიერებისკენ” შეეხება საქართველოსაც, როგორც ევროპის სამეზობლო პოლიტიკაში ჩართულ ქვეყანას, რომელიც განსაკუთრებულ იმედებს უკავშირებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ვილნიუსის სამიტს.

რეზოლუციის პროექტის ძველი ტექსტის თანახმად, რომელიც ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა გასულ კვირაში დაამტკიცა, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმრად იყო მოხსენიებული. ევროპარლამენტი "მხარს უჭერს ასოცირების შეთანხმების ინიცირებას, მაგრამ მიიჩნევს, რომ წინასწარ უნდა გამოვლინდეს არსებითი პროგრესი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან კანონის უზენაესობის სფეროში, რაც უნდა დაიწყოს, ვანო მერაბიშვილის ჩათვლით, ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებით და ვროპული სტანდარტების დაცვით უნდა ჩატარდეს მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები”, - ასეთი იყო თავდაპირველი ფორმულირება, რასაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის მწვავე კომენტარები მოჰყვა. 17 ოქტომბერს, მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, პრესკონფერენციაზე, ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ წინა ხელისუფლებას ევროპასა და ამერიკაში საეჭვო მეგობრები შემორჩა, რომ წინა ხელისუფლება ხალხისგან ”წაგლეჯილ” მილიონებს უცხოელ ლობისტებს უხდიდა, რომ ამ საქმეებზე მიმდინარეობს გამოძიება, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი არ დამთავრებულა, რომ მას აქვს კვლევები და პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ ”მინიშნებებს” გააკეთებს გარკვეულ პირებთან დაკავშირებით.
...ასოცირების შეთანხმების ხელმოწერამდე უნდა გამოვლინდეს არსებითი პროგრესი საქართველოს მხრიდან კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის სფეროში და ევროპული სტანდარტების დაცვით უნდა ჩატარდეს მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები...
ევროპარლამენტი

ოდნავ მოგვიანებით, ევროპარლამენტში რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით ინიცირებულ იქნა 22 ცვლილება, საიდანაც საქართველოს შეეხებოდა 5 ცვლილება და ამ 5-დან სამი სწორედ რეზოლუციის 39-ე მუხლს უკავშირდებოდა. ტექსტის გარშემო დებატები ევროპარლამენტში 22 ოქტომბერს საღამოს გაიმართა, ხოლო 23 ოქტომბრის სხდომაზე დამტკიცებული რეზოლუციის 39-ე მუხლში საერთოდ აღარ ვხვდებით ”პოლიტიკური პატიმრების” ცნებას და აღარც ვანო მერაბიშვილია მოხსენიებული.

ევროპარლამენტი "მიიჩნევს, რომ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერამდე უნდა გამოვლინდეს არსებითი პროგრესი საქართველოს მხრიდან კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის სფეროში და ევროპული სტანდარტების დაცვით უნდა ჩატარდეს მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები”, - ასეთია დამტკიცებული ფორმულირება.

თუკი მოკლედ და ზოგადად ვიტყვით, ევროპარლამენტარები გამოხატავენ კეთილგანწყობას ევროკავშირის მთავარი პრინციპის მიმართ, რაც ევროპის სამეზობლო პოლიტიკაში და, კერძოდ, აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში ჩართულ ქვეყნებს ”მეტს” მხოლოდ ”მეტის სანაცვლოდ” სთავაზობს. დებატების მსვლელობისას არაერთხელ ითქვა, რომ მოლდავეთი, უკრაინა და საქართველო - ეს სამი ქვეყანა, აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში ჩართული 6 ქვეყნიდან, მიღწეული წარმატებების გათვალისწინებით, ყველაზე მეტს მოელის ვილნიუსის ნოემბრის სამიტზე: უკრაინა - ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერას, ხოლო საქართველო და მოლდავეთი - პარაფირებას. წარმატებები აღენიშნებოდა სომხეთსაც, მაგრამ მას ახლა ევროპარლამენტარები დიდწილად ”დაკარგულად” თვლიან, რადგანაც სომხეთის პრეზიდენტის მიერ არჩეული გზა - მოსკოვის მიერ ინიცირებული საბაჟო კავშირის სასარგებლოდ - გამორიცხავს სავაჭრო ურთიერთობებს ევროკავშირთან. არასახარბიელოდ არის ვითარება ბელორუსიასა და აზერბაიჯანთან მიმართებით.

რეზოლუციის გარშემო დებატები, როგორც უკვე ვთქვით, სტრასბურგში ევროპარლამენტის 22 ოქტომბრის სხდომაზე გაიმართა. შერჩევითი სამართალი იყო ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელზეც ევროპარლამენტარების ნაწილი შეშფოთებას გამოხატავდა ძირითადად უკრაინასთან მიმართებით. ზოგიერთ შემთხვევაში ნახსენები იყო საქართველოც და, მათ შორის, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის რეაქციების ხაზგასმითაც. ეს აქცენტი შვედმა ევროპარლამენტარმა, ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენელმა გუნარ ჰიუკმარკმა დასვა:

”წუხილი უნდა გამოვხატო, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოპოზიციას საქართველოში ამ პარლამენტისთვის ქრთამის მიცემაში ადანაშაულებს. ოპოზიციას ის სამართლებრივი დევნით ემუქრება და ეს პირველად არ ხდება... ასე არ იცავენ კანონის უზენაესობას და სწორედ ამიტომ ვხვდებით წინასწარი პატიმრობის პრაქტიკასაც. ჩვენი ვალია, რომ რეაგირება მოვახდინოთ ამაზე - ჩვენ უნდა ვიყოთ გახსნილი საქართველოს მიმართ, მაგრამ ვიყოთ მომთხოვნი, თუ როგორ უნდა მიუდგნენ ისინი კანონის უზენაესობასა და დემოკრატიას”.

”ნაციონალური მოძრაობის” პარტნიორი პოლიტიკური ძალის - ”ევროპის სახალხო პარტიის” - აქტიურობა არ გამორჩენია ავსტრიელ ევროპარლამენტარ ულრიკე ლუნაჩეკს. ის ვარაუდობს, რომ ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლები ცუდსა და კარგს პარტნიორობის მიხედვით განსაზღვრავენ:
ულრიკე ლუნაჩეკი
ულრიკე ლუნაჩეკი

”კოლეგებო, საქმე ასე მარტივად არ არის... და ნუ იქნებით ბრმა პრობლემებისადმი, რაც არსებობდა სააკაშვილის მთავრობაში, სადაც ასევე იგულისხმება შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი. მეც კრიტიკულად ვუყურებ მის ყოფნას წინასწარ პატიმრობაში, მაგრამ გასაჯაროვდა მისი მინისტრობის დროს გადაღებული ვიდეომასალები, რომლებზეც ასახული არიან ოპოზიციონერები, კრიტიკულად განწყობილი პირები და ეს მასალები გამოიყენებოდა მათი დისკრედიტაციისთვის. ის მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო და ეს საქმე გამოძიებას საჭიროებს. ნუ დახუჭავთ თვალს იმ ადამიანების მისამართით, რომლებიც თქვენი ოჯახის წევრები და პოლიტიკური მეგობრების მეგობრები არიან”.

რაც შეეხება 23 ოქტომბერს დამტკიცებული რეზოლუციის ტექსტის სხვა აქცენტებს, ჩანს, რომ ევროპარლამენტი საქართველოსთან მიმართებით მიესალმება ასოცირების შესახებ შეთანხმების ინიცირებას ვილნიუსის სამიტზე და ყველა პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სავიზო რეჟიმთან დაკავშირებულ სარგებელს, რასაც ევროპასთან დაახლოება სამომავლოდ მოუტანს საქართველოს. თუმცა აქვე ხაზგასმულია აუცილებლობა, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულება და ევროპული ნორმებითა და სტანდარტებით წარმართოს ოპოზიციის ლიდერების სასამართლო პროცესი. ამ კონტექსტში მოხსენიებულია მხოლოდ ვანო მერაბიშვილი.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG