Accessibility links

გასულ კვირაში ალეპოში მდგომარეობის გამწვავებას მკვეთრი გამოხმაურება მოჰყვა მსოფლიოში. ეს შეინიშნებოდა სოციალურ ქსელებში და აისახა მედიის დღის წესრიგზეც. სირიელების მხარდასაჭერი აქციები გაიმართა მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის ევროპულ სახელმწიფოებში, რომლებმაც შეშფოთება გამოხატეს მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის გამო. სირიელების მხარდამჭერი აქცია იმართება საქართველოშიც.

დღეს, 20 დეკემბერს, მსოფლიოში სოლიდარობის დღე აღინიშნება. ის 11 წლის წინ დაწესდა გაეროს რეზოლუციით. სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და ადამიანის უფლებების დაცვის წახალისების გარდა, გაეროს გადაწყვეტილების მიზანი იყო მსოფლიოს ერების გაერთიანება მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ორგანიზაცია ხაზს უსვამს სოლიდარობას სიღარიბეში მცხოვრები ერების მიმართ, 2016 წლის მეორე ნახევარში სირიაში განვითარებულმა მოვლენებმა მსოფლიოს ერები კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დააყენა - სოლიდარობა სიცოცხლის უფლების შესანარჩუნებლად.

სირიის ქალაქ ალეპოში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი-მუნმა 16 დეკემბერს ნიუ-იორკში გამართულ პრესკონფერენციაზე:

ბან კი-მუნი
ბან კი-მუნი

„ხოცვა-ჟლეტა სირიაში ღია ჭრილობას წარმოადგენს გლობალური ცნობიერების თვალსაზრისით. დღეს ალეპო ჯოჯოხეთის სინონიმად იქცა. როგორც სამი დღის წინ განვაცხადე გაეროს უშიშროების საბჭოზე, ჩვენ ყველამ ერთად განვიცადეთ წარუმატებლობა სირიელი ხალხის გადარჩენის საქმეში. მშვიდობა მხოლოდ მაშინ გაიმარჯვებს, როდესაც მას თან ახლავს თანაგრძნობა, სამართლიანობა და პასუხისმგებლობა იმ სასტიკი დანაშაული გამო, რომელიც ვიხილეთ“.

სირიის შეიარაღებული კონფლიქტი ხუთი წელია გრძელდება. ამ პერიოდში სოლიდარობის აქციები და კამპანიები ძლიერდებოდა ხოლმე კრიტიკული სიტუაციების დროს, მას შემდეგ, რაც ვრცელდებოდა ინფორმაცია მშვიდობიანი მოქალაქეების, მათ შორის ბავშვების დაღუპვის, საავადმყოფოების აფეთქების შესახებ. ასე მოხდა ბოლო ერთი კვირის განმავლობაშიც, როდესაც სოციალური ქსელები და გავლენიანი საინფორმაციო საშუალებები დიდ ყურადღებას უთმობდნენ ომის გაშუქებას.

ევროპის სახელმწიფოებიდან ერთ-ერთი პირველი, სადაც საპროტესტო აქცია გაიმართა ალეპოში ბავშვების დახოცვის დასაგმობად, ბოსნია-ჰერცეგოვინა იყო. 14 დეკემბერს სარაევოს მთავარ მოედანზე 1000-მდე მოქალაქე შეიკრიბა. მათ შორის იყვნენ ისლამური, ებრაული, კათოლიკური და მართლმადიდებლური თემების წარმომადგენლები. რამდენიმე მათგანს ხელში ეჭირა სისხლიან ზეწრებში გახვეული ბავშვების გამოსახულება.

„ჩვენ მორალური ვალდებულება გვაქვს, რომ ხმა ავიმაღლოთ ალეპოსთვის... ალეპო ერთგვარი ტესტია ადამიანურობის გამოსავლენად... არ არსებობს წმინდა ომი, არსებობს მხოლოდ წმინდა მშვიდობაო“, ამბობს სარაევოში გამართული აქციის ერთ-ერთი მონაწილე, სარაევოს ებრაული თემის წარმომადგენელი, ელი ტაუბერი.

სოლიდარობის აქცია გაიმართა საფრანგეთშიც. 14 დეკემბრის საღამოს განათება გამოირთო ეიფელის კოშკზე. ქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ობიექტი სტუმრებისთვისაც დაიხურა. პარიზის მერის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ვკითხულობთ: „ეს არის სიმბოლური ქმედება საერთაშორისო საზოგადოებისთვის იმის შესახსენებლად, რომ საჭიროა მყისიერი მოქმედება“.

ჩვენს ჯგუფს ძირითადად ოთხი ძირითადი მოთხოვნა აქვს. პირველი: სახელმწიფოს სახელით გაკეთდეს სამძიმრის განცხადება. მეორე: გლოვის ნიშნად, დროებით გამოირთოს საახალწლო განათებები საქართველოს ქალაქებში. მესამე: საქართველოს მთავრობამ მოითხოვოს საბრძოლო მოქმედებების დროებით შეჩერება, რომ შესაძლებელი გახდეს მოსახლეობის გამოყვანა ყველა ცხელი წერტილიდან...
ნატა ფერაძე

15 დეკემბერს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ განმარტებები მოსთხოვა ბრიტანეთში სირიისა და რუსეთის ელჩებს სირიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. მისი თქმით, ვერც რუსეთმა შეძლო და ვერც ირანმა შეესრულებინათ საერთაშორისო სამართლით დაკისრებული ვალდებულებები. მან იგულისხმა დაბრკოლებები, რომლებმაც ხელი შეუშალა ალეპოს ალყის დროს სამოქალაქო პირებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას. 17 დეკემბერს სოლიდარობის აქცია გაიმართა დიდი ბრიტანეთის დედაქალაქშიც, ლონდონში.

მანამდე, 16 დეკემბერს, სირიელების მხარდასაჭერ დემონსტრაციებზე შეიკრიბნენ სტამბოლსა და ანკარაში. სტამბოლში მოქალაქეები ირანის საელჩოსთან მივიდნენ და დაგმეს ირანის როლი სირიის კონფლიქტში. იმავე საღამოს მლოცველები დროშებითა და ტრანსპარანტებით მივიდნენ ანკარის ერთ-ერთ მეჩეთთან.

აქციები გაიმართა ბერლინში, ჰამბურგსა და ამსტერდამშიც.

ევროპულ ქვეყნებს დღეს, 20 დეკემბერს, საქართველოც უერთდება. „ალეპოსთვის“ - ასე ჰქვია აქციას, რომელიც თბილისში რვა საათზე დაიწყება. თავისუფლების მოედანზე შეიკრიბება ხალხი, რომელიც გმობს სირიაში უდანაშაულო ადამიანების მკვლელობას. აქციის მთავარი მიზნების შესახებ ლაპარაკობს მისი ერთ-ერთი ორგანიზატორი, სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე:

„ჩვენს ჯგუფს ძირითადად ოთხი ძირითადი მოთხოვნა აქვს. პირველი: სახელმწიფოს სახელით გაკეთდეს სამძიმრის განცხადება. მეორე: გლოვის ნიშნად, დროებით გამოირთოს საახალწლო განათებები საქართველოს ქალაქებში. მესამე: საქართველოს მთავრობამ მოითხოვოს საბრძოლო მოქმედებების დროებით შეჩერება, რომ შესაძლებელი გახდეს მოსახლეობის გამოყვანა ყველა ცხელი წერტილიდან და მეოთხე მოთხოვნა არის, სახელმწიფო დაგვეხმაროს შევქმნათ საერთო ბაზა, სადაც თავს მოიყრის ყველა საჭიროება და პირველადი დახმარება, რომელიც შემდეგ გაიგზავნება კონფლიქტის ზონაში“.

სირიელი ხალხის მიმართ სოლიდარობის აქციები თბილისის გარდა იმართება საქართველოს კიდევ სამ ქალაქში - ბათუმში, ქუთაისსა და თელავში.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG