Accessibility links

სირიის არმიისა და სირიელი მეამბოხეების ალიანსის წარმომადგენლებმა დაადასტურეს ცნობა, რომ 15 დეკემბერს დილით უნდა დაწყებულიყო მეამბოხეებისა და მოქალაქეების ევაკუაცია ალეპოს ყველა ალყაშემორტყმული რაიონიდან. ამ ევაკუაციის მიმდინარეობის ფონია ურთიერთგამომრიცხავი ცნობები იმის თაობაზე, რომ სირიის არმიის მებრძოლებმა კვლავ გაუხსნეს ცეცხლი ჰუმანიტარულ დერეფანში მოძრავ მეამბოხეთა კოლონას.

რუსეთი და თურქეთი არიან შუამავლები იმ საზავო შეთანხმებისა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მეამბოხეებს, მათი ოჯახის წევრებსა და ალყაში მყოფ სამოქალაქო პირებს, დატოვონ აღმოსავლეთ ალეპოს ის რაიონები, სადაც სირიელი მეამბოხეები ჯერ კიდევ ინარჩუნებენ პოზიციებს. 14 დეკემბრის სატელეფონო საუბარში თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი შეთანხმდნენ ერთობლივი ძალისხმევით სამოქალაქო მოსახლეობისა და ოპოზიციური ძალების მებრძოლთა ევაკუაციაზე. მაგრამ 14 დეკემბრისათვის დაგეგმილი საზავო შეთანხმება მხოლოდ მეორე დღეს, 15 დეკემბრის დილით, ამოქმედდა. მეამბოხეთა ერთ-ერთი ჯგუფის, „ნოურ-ალ დინ ალ ზინკის“, ოფიციალურმა წარმომადგენელმა, აბდულ სალამ აბდულ რეზაკმა, განაცხადა, რომ ევაკუაცია ხუთშაბათს დილის 6 საათიდან დაიწყებოდა. საზავო შეთანხმების მიღწევა დაადასტურა სირიის მთავრობის სამხედრო სარდლობამ, რომლის თანახმად, გარდა მეამბოხეებისა და მათი ოჯახის წევრების, რაც, ჯამში, 4 000 კაცს შეადგენს, ევაკუირებული უნდა იქნეს 15 ათასი ადამიანი, რომლებიც მეამბოხეების მიერ ალყაშემორტყმულ ორ სოფელში იმყოფებიან. სოფლებს სირიის სამთავრობო ჯარის ნაწილები აკონტროლებენ, რის გამოც სირიის მეამბოხეთა წარმომადგენელმა ჯაბჰა შამიამ უარი თქვა 15 ათასი კაცის ევაკუაციაზე და განაცხადა, რომ ჰუმანიტარული დერეფნით მხოლოდ დაჭრილი ადამიანები ისარგებლებენ.

ბრიტანეთში მოქმედი ადამიანის უფლებათა ობსერვატორია იუწყება, რომ აღმოსავლეთ ალეპოდან უკვე დაიწყო იმ მოქალაქეთა პირველი ნაკადის ევაკუაცია, რომლებიც გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას საჭიროებენ. მეამბოხეებისათვის გამოყოფილია 20 ავტობუსი, რომლებსაც ჰუმანიტარულ დერეფანში სამედიცინო დახმარების 10 ავტომანქანა გააცილებს.

15 დეკემბერს საერთაშორისო წითელი ჯვრის კომიტეტმაც გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ორგანიზაცია აპირებს ისარგებლოს გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტით და მოახდინოს ევაკუაცია 200 დაჭრილი ადამიანისა, რომელთაგან რამდენიმე კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

თუმცა დღის მეორე ნახევარში ახალი ამბების სააგენტო „როიტერსმა“, სამაშველო ორგანიზაციის წარმომადგენელ აჰმედ სეიდზე დაყრდნობით, გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმად, სირიის სამთავრობო ჯარების მებრძოლებმა ცეცხლი გაუხსნეს ალეპოდან მიმავალ კოლონას, რის შედეგადაც, სულ მცირე, სამი კაცი დაიჭრა.

14 დეკემბერს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ თურქეთის, რუსეთისა და ირანის ლიდერები 27 დეკემბერს აპირებენ მოსკოვში შეხვედრას, რომელზეც იმსჯელებენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე მთელი სირიის მასშტაბით. ამასთან, ჩავუშოღლუმ ირანი და რუსეთი დაადანაშაულა მათ მიერ საზავო შეთანხმების განზრახ ჩაშლის მცდელობაში. ამის პასუხად რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ბაშარ ალ ასადის არმიის დანაყოფებმა იერიშები მხოლოდ მას შემდეგ განაახლეს, რაც საზავო შეთანხმება მეამბოხეების მხრიდან დაირღვა.

ამასთან, რუსეთის ინფორმაციით, სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის მხარეზე მებრძოლი რუსი სამხედროები, პრეზიდენტ პუტინის ბრძანების შესაბამისად, მზად არიან გააკონტროლონ მეამბოხეების გასვლა აღმოსავლეთ ალეპოდან. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სირიის ხელისუფლებამ მეამბოხეებს და მათ ოჯახებს პირობა მისცა, რომ უსაფრთხოდ შეძლებენ სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ იდლიბში გადასვლას. რუსეთის სამხედროები უპილოტო აპარატების გამოყენებით გააკონტროლებენ მეამბოხეების ევაკუაციას.

15 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ ტელეფონზე დაურეკა სირიის პრეზიდენტს და მიულოცა მას ქალაქ ალეპოში მყოფ მეამბოხეებზე გარდაუვალი გამარჯვება, რასაც, ირანის პრეზიდენტის თქმით, ირანელები ისევე იზეიმებენ, როგორც აშშ-ზე გამარჯვებას.

ირანის საზეიმო განცხადებების ფონია გაეროს უმაღლესი წარმომადგენლების განცხადება, რომლის თანახმადაც, შეიძლება სირიის რეჟიმისა და მისი მომხრეების მხრიდან ომის დანაშაულს უტოლდებოდეს ალეპოზე კონტროლის აღდგენის დროს განხორციელებული სასტიკი იერიშები და ასობით სამოქალაქო პირის დახოცვა.

სირიაში შექმნილი ვითარება იქნება ერთ-ერთი საკითხი ევროკავშირის ლიდერების ერთდღიან სამიტზე, რომელიც 15 დეკემბერს ბრიუსელში იმართება. მოელიან, რომ ევროკავშირის ლიდერები მკაცრად დაგმობენ სირიის რეჟიმისა და მისი მომხრეების მიერ ალეპოზე განხორციელებულ შეტევას.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG