Accessibility links

რას იტყვის საქართველოს პარლამენტი სირიის კრიზისზე


ევაკუაციის მომლოდინე ხალხი ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილში

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტისგან მოითხოვს რაც შეიძლება მალე მიიღოს განცხადება სირიის კრიზისის თაობაზე - 19 დეკემბერს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე პარტიის წევრებმა კოლეგებს სწორედ ამ ინიციატივით მიმართეს, მაგრამ პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძისა, და უმრავლესობის წევრების გადაწყვეტილებით, ამ საკითხის განხილვა მომავალი კვირისთვის, პარლამენტის რიგგარეშე სესიისთვის გადაიდო.

რა პოზიცია აქვთ სირიის კრიზისთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობაში და მზად არის თუ არა ქვეყანა, საჭიროების შემთხვევაში, ხელი გაუმართოს სირიელ ლტოლვილებს?

საპარლამენტო ოპოზიცია სირიის საკითხის შესახებ მკაფიო განცხადების მიღებას აუცილებლად მიიჩნევს დღეს, როდესაც დანარჩენი მსოფლიო ამაზე ხმამაღლა ლაპარაკობს. 19 დეკემბერს, მას შემდეგ, რაც ბიუროს სხდომაზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტს ერთობლივი განცხადების მიღების ინიციატივით მიმართა, პარტიის ერთ-ერთმა წევრმა, სალომე სამადაშვილმა, სწორედ ამ ფაქტორს გაუსვა ხაზი:

„ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ საერთაშორისო კონტექსტიც. სწორედ დღეს იღებს გაეროც შესაბამის რეზოლუციას და თუ პროცედურულად შესაძლებელია გამონაკლისის დაშვება, პოლიტიკურად მნიშვნელოვანია ამ საკითხს მალევე ვუყაროთ კენჭი და მივიღოთ ეს განცხადება“.

ჩვენ ვდგავართ ცივილიზებული მსოფლიოს გვერდით, როდესაც საქმე ამ ტრაგედიას ეხება. რაც შეეხება პარტიების განცხადებას, მზად ვართ განვიხილოთ მათ მიერ შემოთავაზებული ტექსტები. დარწმუნებული ვარ, რომ ყველას ჩვენს ქვეყანაში ერთნაირი პოზიცია აქვს...

პარტიის ერთ-ერთი წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებით, სირიის კრიზისთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის პოზიცია უნდა იყოს მკაფიოდ ჩამოყალიბებული:

„ჩვენ გვგონია, რომ ეს უნდა იყოს განცხადება, რომლითაც მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ მაქსიმალური ძალისხმევა გაიღოს იმისათვის, რომ ეს ჰუმანიტარული კატასტროფა იყოს დარეგულირებული. ასევე, ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია, ღიად დავგმოთ რუსეთის ფედერაციის როლი ამ კრიზისში“.

„ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, სხვა ოპოზიციურ პარტიებშიც ფიქრობენ, რომ საჭიროა საქართველოს პარლამენტმა რეაგირება მოახდინოს სირიის მოვლენებზე, დაგმოს იქ მიმდინარე მოვლენები და ამ გზით შეუერთდეს მსოფლიოს ლიდერების პროტესტს. ასე ფიქრობს, მაგალითად, „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი წევრი, თამარ კორძაია, რომელიც მიიჩნევს, რომ სირიის საკითხზე პარლამენტმა საკუთარი პოზიცია ღიად უნდა დააფიქსიროს:

„შესაძლოა, ვინმემ ჩათვალოს, რომ მხოლოდ განცხადებები ამ ვითარებაში, რაც ალეპოში ხდება, საკმარისი არ არის, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ჩვენ ჩვენი სამხედრო ძალებით ვმონაწილეობთ სამშვიდობო მისიებში და ვამაყობთ ამ გადაწყვეტილებებით, ასევე უნდა ავიმაღლოთ ხმა იმის წინააღმდეგ, რაც ხდება მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სირიაში, ქვეყანაში, რომელიც ჩვენთან ძალიან ახლოსაა. ამ ფონზე, ვფიქრობ, დანაშაულის ტოლფასია, როდესაც საქართველოს პარლამენტი ხმას არ იღებს და არ გმობს რუსეთის მოქმედებას“.

რაც შეეხება უმრავლესობის დამოკიდებულებას ამ საკითხისადმი, „ქართული ოცნების“ წევრმა და უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ შენიშნა, რომ საქართველომ უკვე დაუჭირა მხარი ალეპოს შესახებ გაეროს რეზოლუციას და მზად არის განიხილოს ოპოზიციური პარტიების წინადადებაც ერთობლივი განცხადების მიღების თაობაზე:

„ჩვენ ვდგავართ ცივილიზებული მსოფლიოს გვერდით, როდესაც საქმე ამ ტრაგედიას ეხება. რაც შეეხება პარტიების განცხადებას, მზად ვართ განვიხილოთ მათ მიერ შემოთავაზებული ტექსტები. დარწმუნებული ვარ, რომ ყველას ჩვენს ქვეყანაში ერთნაირი პოზიცია აქვს“.

თუმცა, იდეური თანხვედრის მიუხედავად, პარლამენტმა პროცედურისგან გადახვევას საკითხის მომავალ კვირაში განხილვა ამჯობინა.

19 დეკემბერს ამავე საკითხს საგარეო უწყებაც გამოეხმაურა. მინისტრის მოადგილემ დავით ზალკალიანმა თქვა, რომ საქართველო ჩართულია სირიისადმი საერთაშორისო მხარდაჭერის პროცესში და რომ საქართველო შეუერთდა გაეროს ფარგლებში სირიასთან დაკავშირებულ ყველა რეზოლუციას.

ლევან ცუცქირიძე
ლევან ცუცქირიძე

„ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანების უმოწყალო ხოცვაზე სირიაში. ვფიქრობ, საქართველომ თავისი სიტყვა უნდა თქვას, სირიელი ხალხის მხარდაჭერა დებატების საგანი არ უნდა გახდეს, მით უმეტეს, ქვეყნისთვის, ვინც 8 აგვისტო სულ ცოტა ხნის წინ გამოიარა“, - ასე ფიქრობს პოლიტოლოგი ლევან ცუცქირიძე და რადიო თავისუფლებასთან საუბარში შენიშნავს, რომ, პოლიტიკურ განცხადებასთან ერთად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ჰუმანიტარული დახმარების შეთავაზებაც:

„ვფიქრობ, რომ ჩვენი გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ სირიელი ლტოლვილების ნაწილს მივცეთ შესაძლებლობა იპოვონ მშვიდობა საქართველოში, საჭიროცაა და, ამასთანავე, დაგვიანებულიც. ცხადია, სირიის კრიზისი დღეს არ დაწყებულა, არც ალეპოში მიმდინარე ამბებია ახალი, მაგრამ ვფიქრობ, დღესაც მნიშვნელოვანია ამ მხარდაჭერის გამოხატვა, როგორც ჰუმანიტარული დახმარების, ისე პოლიტიკური განცხადების სახით. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ჩვენ ვართ მსოფლიოს იმ ნაწილის შემადგენელი, რომელიც ხედავს და აფასებს ვითარებას და საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში ცდილობს ომისგან დაზარალებულ ადამიანებს მდგომარეობა შეუმსუბუქოს“.

რაც შეეხება კონფლიქტის ჰუმანიტარულ მხარეს, კერძოდ, საქართველოს როლს და მზაობას სირიის მოქალაქეებისადმი მხარდაჭერის მხრივ, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი კოკაიამ რადიო თავისუფლებასთან საუბარში განმარტა, რომ, საერთაშორისო სამართლის კანონმდებლობით, პირს თავშესაფრის მოთხოვნის უფლება აქვს მაშინ, როდესაც ის იმყოფება ქვეყნის საზღვართან ან ქვეყანაში, ხოლო ქვეყანას აქვს ვალდებულება განიხილოს ამ პირისათვის სტატუსის მინიჭების საკითხი.

დღეის მონაცემებით, საქართველოში 75 სირიელს აქვს მინიჭებული ჰუმანიტარული და 5-ს ლტოლვილის სტატუსი. ირაკლი კოკაია განმარტავს, ასევე, რომ თუ ქვეყანაში შემომსვლელთა რაოდენობა კრიტიკულ ზღვარს აღწევს, მაშინ ქვეყანას შეუძლია უარი განაცხადოს მათ მიღებაზე და ჩაკეტოს საზღვარი, თუმცა საქართველო ამ ფაქტის წინაშე, სავარაუდოდ, არ დადგება, რადგან სირიის შემთხვევაში იძულებით გადაადგილებული პირები ან მეზობელ ქვეყნებს აფარებენ თავს და ან მესამე ქვეყნებში გაღწევას ცდილობენ. საქართველოსთვის ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში და, განსაკუთრებით, ალეპოში განვითარებული მოვლენების შემდეგ თავშესაფრისათვის არავის მოუმართავს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG