Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროსაბჭო: რუსეთის უკანონო აქტები და ქმედებები საქართველოში


რუსეთის უკანონო, დესტრუქციული ქმედებები საქართველოს ტერიტორიაზე, ადამიანის უფლებათა ხელყოფის ფაქტები და დევნილების ღირსეული დაბრუნების ხელშეშლის პრობლემები ასახულია დოკუმენტში, რომელიც 3 მაისს დამტკიცდა სტრასბურგში, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტში მოადგილეების დონეზე გამართული სხდომის ფარგლებში. საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, მიღებულ გადაწყვეტილებაში „პირველად დაფიქსირდა“, რომ კონფლიქტი არის რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის. სტრასბურგში დამტკიცებულ დოკუმენტს თბილისში აფასებენ მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯად, რომელიც საქართველოს ხელს შეუწყობს დიპლომატიური ბრძოლის პროცესში.

გადმოწერა

„რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული პოლიტიკა და ქმედებები, მათ შორის, ე.წ. ხელშეკრულებების დადება საქართველოს რეგიონებთან და ჩატარებული რეფერენდუმები/არჩევნები, ხელს უშლის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას, ძირს უთხრის რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გამყარებისაკენ მიმართულ ძალისხმევას, აშკარად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და იურიდიული ძალის არმქონეა“, - წერია გადაწყვეტილების ტექსტში, რომელიც ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მოადგილეების დონეზე გამართული სხდომის შემდეგ გამოაქვეყნა. დოკუმენტში ვხვდებით მოწოდებას რუსეთის ფედერაციის მისამართით, რომ ის დაემორჩილოს საერთაშორისო სამართალს და შეასრულოს 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.

აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს ოკუპირებული რეგიონების საერთაშორისო სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრისა და ამ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვაზე პასუხისმგებლობის თვალსაზრისით...
მიხეილ ჯანელიძე

ტექსტში კიდევ არაერთხელ არის ნახსენები რუსეთის ფედერაცია და, მათ შორის, როგორც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფაქტობრივი კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფო. შესაბამისად, დოკუმენტის თანახმად, სწორედ რუსეთის ფედერაციას ევალება, მაგალითად, ქართულ ენაზე განათლების მიღების უფლების უზრუნველყოფა, იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების ხელშეწყობა, უკანონო დაკავების ფაქტების თავიდან არიდება თუ ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების გამოძიება. რუსეთის ფედერაცია ყველაფერ ამას უგულებელყოფს, ხოლო საქართველოს საკუთარი ინტერესების დაცვის საშუალება, უბრალოდ, არა აქვს:

„საქართველოს, როგორც საერთაშორისო სამართლის მიხედვით ერთადერთ სუვერენულ სახელმწიფოს თავის რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში, კვლავაც ხელი ეშლება ამ რეგიონებში ლეგიტიმური იურისდიქციის განხორციელებაში, რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებების, მათ შორის, ადგილზე მისი სამხედრო ნაწილების განგრძობადი ყოფნის გამო“.

ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომის ფარგლებში დამტკიცებულ დოკუმენტში გამოხატულია სერიოზული შეშფოთება 2016 წლის 19 მაისს სოფელ ხურჩაში გიგა ოთხოზორიას მკვლელობის გამო და იქვეა მოთხოვნა, რომ დანაშაულის ჩამდენი პირები დაუყოვნებლივ წარდგნენ მართლმსაჯულების წინაშე.

„აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს ოკუპირებული რეგიონების საერთაშორისო სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრისა და ამ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვაზე პასუხისმგებლობის თვალსაზრისით“, - აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დოკუმენტში დასმულ აქცენტებს უპრეცედენტოს უწოდებს:

„ფაქტობრივად, პირველად, სახელმწიფოებმა საერთაშორისო ორგანიზაციის გადაწყვეტილებაში ჩამოაყალიბეს მტკიცე პოზიცია, რომ რუსეთის ფედერაციის უკანონო ყოფნის გამო, საქართველო საკუთარ რეგიონებში ვერ ახორციელებს ლეგიტიმურ იურისდიქციას. მიღებულ გადაწყვეტილებაში ასევე პირველად დაფიქსირდა, რომ კონფლიქტი არის რუსეთსა და საქართველოს შორის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილებაში ცალსახად არის აღნიშნული, რომ რუსეთის ფედერაციის არც ერთ უკანონო აქტს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონების სტატუსის შეცვლას, არ ექნება სამართლებრივი შედეგი“.

გიორგი გობრონიძე
გიორგი გობრონიძე

3 მაისს დამტკიცებულ დოკუმენტს, საერთაშორისო სამართლის ჭრილში „ცალსახად დადებით“ სიახლედ მიიჩნევს პოლიტოლოგი გიორგი გობრონიძე. ჩვენთან საუბრისას ის ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე დამტკიცებული ტექსტი რუსეთს საგანგებო პასუხისმგებლობას აკისრებს:

„ეს ნიშნავს, რომ უკვე არსებობს სახელმწიფო, რომელსაც, ვთქვათ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანები შეიძლება ედავონ მათი უფლებების დარღვევისთვის იმგვარად, რომ ამან არ წარმოშვას გაუგებრობები საქართველოსთვის. როცა ვამბობთ, რომ ჩვენი ტერიტორიაა ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ჩვენს ტერიტორიაზე საქართველოს სახელმწიფოა პასუხისმგებელი თვითონ თავისი მოქალაქეების უფლებების დაცვაზე, მაგრამ, იმავდროულად, როცა იქნება დადგენილი, რომ იქ ფაქტიური კონტროლი ხორციელდება რუსეთის ფედერაციის მხრიდან, მაშინ, ცალსახად, მთელი პასუხისმგებლობა დაეკისრება არა საქართველოს, არამედ რუსეთს“.

მიუხედავად იმისა, რომ 2014 წელს, ყირიმის ანექსიის გამო, რუსეთს შეუჩერდა ხმის უფლება და, ისედაც, მოსკოვი უკვე დიდი ხანია აბსოლუტურად უგულებელყოფს ევროსაბჭოს შეფასებებს, გიორგი გობრონიძე 3 მაისს დამტკიცებულ დოკუმენტს საერთაშორისო თანამეგობრობისთვის საყურადღებო და გასათვალისწინებელ კიდევ ერთ ინსტრუმენტად განიხილავს. მისი თქმით, ტექსტი მნიშვნელოვანია არაღიარების პოლიტიკის ხელშეწყობის ჭრილშიც.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG