Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

20 000 ევრო და საქმის ხელახალი გამოძიება - ევროსასამართლო სულხან მოლაშვილის საქმეზე


სულხან მოლაშვილის სასამართლო. 2006 წლის 23 თებერვალი
სულხან მოლაშვილის სასამართლო. 2006 წლის 23 თებერვალი

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის ოთხი მუხლით გაამართლა. სასამართლოს განჩინებით, საქართველოს მთავრობას სულხან მოლაშვილისთვის 20 000 ევროს ოდენობით კომპენსაციის გადახდა და ერთი წლის ვადაში საქმის ხელახალი გამოძიება დაეკისრა.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს განჩინების მიხედვით, სულხან მოლაშვილის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა კონვენციის მესამე, მეხუთე, მეექვსე და მეთოთხმეტე მუხლები. ეს მუხლები, შესაბამისად, შეეხება ადამიანის ისეთ ფუნდამენტურ უფლებებს, როგორიცაა თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება, სამართლიანი სასამართლოს უფლება, დისკრიმინაციისა და წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის დაუშვებლობა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის გოჩა ლორთქიფანიძის განმარტების თანახმად, საქართველოს ძველი ხელისუფლება იძულებული გახდა ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოსთვის აღიარებითი წერილით მიემართა და სულხან მოლაშვილთან მორიგების პროცედურა დაეწყო. მხარეებს შორის მორიგების ტექსტზე შეუთანხმებლობის გამო, მოლაპარაკებები გაჭიანურდა. პროცედურა ახალმა ხელისუფლებამ დაასრულა და სტრასბურგის სასამართლომაც საქმე დახურა:

“ამ საქმეში არის მრავალი დარღვევა და ეს განსაკუთრებით დასტურდება სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილი მასალებიდან. კერძოდ, ის, რომ მომჩივანის მიმართ ადგილი ჰქონდა დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას, ასევე უსაფუძვლო და დაუსაბუთებელ წინასწარ პატიმრობას, დისკრიმინაციას, უსამართლო სასამართლოს და ყოფილი პრეზიდენტის მიერ მისი უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას”.

კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი 2004 წლის აპრილში დააკავეს. მას ბრალად ედებოდა სახელმწიფოსათვის 3 მილიონი ლარის ოდენობის მატერიალური ზარალის მიყენება, საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა და უფლებამოსილების გადამეტება. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რამდენიმე ეპიზოდში ბრალდების მოხსნის შემდეგ კი სასჯელის ზომა 1 წლით შეუმსუბუქა. სულხან მოლაშვილმა საპატიმროში 4 წელი დაყო. 2008 წელს იგი პატრიარქის შუამდგომლობის საფუძველზე გათავისუფლდა.

სულხან მოლაშვილის საქმე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში მისმა ადვოკატებმა გაასაჩივრეს. ამ საქმეს დართული ჰქონდა ასევე ინფორმაცია იმ დარღვევების შესახებ, რომელთაც ადგილი ჰქონდა საგამოძიებო პროცედურების, სასამართლო განხილვისა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდში. სტრასბურგის სასამართლოს 2014 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით, საქმე ევროსასამართლოში იმ პირობით დაიხურა, რომ ხელისუფლება საქმის ხელახალი გამოძიების ვალდებულებას პირნათლად შეასრულებს. სულხან მოლაშვილს სააპელაციო სასამართლოში განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით მიმართვისთვის ერთი წლის ვადა აქვს. გავრცელებული ცნობით, ამ მიზნით იგი საქართველოში ნოემბერში ჩამოვა. სულხან მოლაშვილი პატირობიდან გათავისუფლების შემდეგ საფრანგეთში ცხოვრობს.

მე ის მოვინახულე, თუ არ ვცდები, ორჯერ თუ სამჯერ, როდესაც უკვე გადაყვანილი იყო, მძიმედ ჯანმრთელობაშერყეული, ეგრეთ წოდებულ რეზბალნიცაზე. და მაშინ, მახსოვს, რომ მას ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვნად წონა დაკლებული - 60 კილოგრამამდე დაიკლო წონაში...
ლია მუხაშავრია

როგორც საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ იუწყება, საქართველოში ჩამოსული სულხან მოლაშვილი, სავარაუდოდ, კონკრეტული პირების სამართლებრივ პასუხისმგებლობას მოითხოვს. თუმცა სააგენტოსთან საუბარში სულხან მოლაშვილის ძმა, თორნიკე მოლაშვილი, არ აზუსტებს, ვინ იგულისხმებიან იმ კონკრეტულ პირებში, რომელთა წინააღმდეგაც იქნება საჩივარი მიმართული.

თავად კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე კი პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ აცხადებდა, რომ საპატიმროში მის წამებაში ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები გიგა ბოკერია, ზურაბ ადეიშვილი და გოგა გრიგალაშვილიც მონაწილეობდნენ.

საპატიმროში რამდენჯერმე მოინახულა იგი ადვოკატმა, „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლია მუხაშავრიამ:

“მე ის მოვინახულე, თუ არ ვცდები, ორჯერ თუ სამჯერ, როდესაც უკვე გადაყვანილი იყო, მძიმედ ჯანმრთელობაშერყეული, ეგრეთ წოდებულ რეზბალნიცაზე. და მაშინ, მახსოვს, რომ მას ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვნად წონა დაკლებული - 60 კილოგრამამდე დაიკლო წონაში - იმ პირობებისა და მოპყრობის გამო, რომელიც გადაიტანა. გარდა ამისა, მან შეიძინა, ასე ვთქვათ, ინფექციური დაავადება ჰეპატიტი და მისი ჯანმრთელობა ძალიან სერიოზულად შეირყა“.

დისკრიმინაცია გამოიხატებოდა, კერძოდ, იმაში, რომ მის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა. და აქედან გამომდინარე დავობდა პირი დისკრიმინაციას სტრასბურგის სასამართლოში. ანუ ახლა უნდა მოხდეს ის, რომ საქმე ხელახლა განიხილება ეროვნულ დონეზე...
თამარ დეკანოსიძე

ლია მუხაშავრია ამბობს, რომ სულხან მოლაშვილი მე-7 საპყრობილეში საერთაშორისო ექსპერტებმაც მოინახულეს და პატიმრის წამების შესახებ ინფორმაცია ადამიანის უფლებების შესახებ საერთაშორისო ანგარიშებშიც მოხვდა. წამება და ადამიანის მიმართ არაადამიანური მოპყრობა, ადვოკატის თანახმად, ცივილიზებულ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მძიმე დანაშაულად ითვლება და, შესაბამისად, სულხან მოლაშვილის საქმის ხელახალი გამოძიება აუცილებელია იმისთვისაც, რომ მსგავსი პრეცედენტები აღარ განმეორდეს.

რაც შეეხება საქმის კონკრეტულ ფორმულირებას, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი თამარ დეკანოსიძე განგვიმარტავს:

“ეს ეხება ევროპული კონვენციის მესამე მუხლის დარღვევას, რაც არის წამების აკრძალვა; ასევე ეხება მეხუთე მუხლის დარღვევას, რაც არის თავისუფლების უფლების დარღვევა; მეექვსე მუხლის დარღვევას - სამართლიანი სასამართლო განხილვა და მეთოთხმეტე მუხლი, ეს არის დისკრიმინაცია. დისკრიმინაცია გამოიხატებოდა, კერძოდ, იმაში, რომ მის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა. და აქედან გამომდინარე დავობდა პირი დისკრიმინაციას სტრასბურგის სასამართლოში. ანუ ახლა უნდა მოხდეს ის, რომ საქმე ხელახლა განიხილება ეროვნულ დონეზე. ხელახლა განხილვისთვის არის ერთწლიანი ვადა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან“.

უფრო მოკლე დროში - სამი თვის ვადაში - უნდა დაიფაროს კომპენსაცია, რომელიც ხელისუფლებას დაეკისრა. თანხის ოდენობა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 20 000 ევროთი განისაზღვრა, რაც, იუსტიციის სამინისტროს თანახმად, შესაძლოა გაცილებით მეტი ყოფილიყო, საქმე საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ცალმხრივი აღიარებით რომ არ დასრულებულიყო.

XS
SM
MD
LG