Accessibility links

ფარცხალაძე-თორდიას საქმე: აუდიტის დასკვნა 2 დღეში გახდება ცნობილი


ლაშა თორდია

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური მისი ხელმძღვანელის, ლაშა თორდიას, თანახმად, ორშაბათს, 22 მაისს, გამოაქვეყნებს თბილისის მერიის მიერ ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის კუთვნილი კომპანიისთვის მიწის გადაცემის საკითხის კანონიერების შესახებ დასკვნას. გენერალური აუდიტორი ამბობს, რომ აუდიტის სამსახურის მოკვლევამ საქმეში დანაშაულის ნიშნები გამოკვეთა, ყოფილი გენერალური პროკურორის ადვოკატები კი სიმართლის გასარკვევად მზად არიან დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ სამართალდამცავ ორგანოებს მისი შესწავლის თხოვნით მიმართონ. ამ საკითხის განხილვას კამათი მოჰყვა თბილისის საკრებულოს 19 მაისის სხდომაზეც. რაც შეეხება გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიაზე 13 მაისს განხორციელებული თავდასხმის საქმის გამოძიებას, იგი მხარეთა ურთიერთბრალდებების ფონზე გრძელდება.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის, ლაშა თორდიასა, და ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს შორის მომხდარი დაპირისპირების საქმეზე სამართალდამცავ ორგანოებს უკვე განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გამოუქვეყნებიათ. თუმცა, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროდან გახდა ცნობილი, საქმეზე უკვე დაიკითხნენ ფინანსური პოლიციის წარმომადგენელი მიხეილ ჩოხელი და ოთარ ფარცხალაძის დაცვის წევრები. 19 მაისს საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე კი ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის, ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ინციდენტის მომსწრე ადამიანები უარს ამბობენ გამოკითხვაზე, რაც, მათი აზრით, იმის შედეგია, რომ ლაშა თორდია, თავისი სატელევიზიო განცხადებებით, „ელ ცენტროში“ მომხდარი ინციდენტის თვითმხილველებზე ზეწოლას ახორციელებს:

“ინფორმაციის შეგროვების დროს უკვე არაერთმა ნეიტრალურმა პირმა, რომელიც სტუმრობდა მოცემულ კაფე-ბარს და იყო თვითმხილველი მომხდარისა, უარი განაცხადა გამოკითხვაზე და მათი მხრიდან აპელირება გაკეთდა ლაშა თორდიას სატელევიზიო განცხადებაზე, სადაც ეს უკანასკნელი ცინიზმით მოიხსენიებს საკუთარ თანამოქალაქეებს, ვითომ მოწმეებს, და აცხადებს, რომ მათ აუცილებლად მოსთხოვს პასუხს. ბატონი თორდიას მუქარები ამით არ დასრულებულა, ის უკვე საჯაროდ გადასულია ადვოკატისა და ბატონ ოთარ ფარცხალაძის ირიბ მუქარაზე“, ამბობს ოთარ ფარცხალაძის ადვოკატი, მერაბ ჩიქოვანი, და მოუწოდებს ინციდენტის მოწმეებს, არ შეეშინდეთ ლაშა თორდიას მუქარისა და სიმართლე თქვან.

თავად ლაშა თორდია კი ოთარ ფარცხალაძის ადვოკატების განცხადებას „სამარცხვინოს“ უწოდებს და თვითმხილველებს მოუწოდებს, გამოძიებასთან ითანამშრომლონ და დაპირისპირების ფაქტზე ღიად ილაპარაკონ:

„მე მათ მართლაც ამ ცინიკურ განცხადებებზე, რომ თვითდაზიანება მივიყენე, ყოველთვის გავაკეთებ ჩემს განცხადებას, თუ რა მოხდა რეალურად. ეს ადამიანები თვითონ საჯაროდ საუბრობენ გამოკითხვებზე, სადაც მოყავთ, არ ვიცი, ვისი ჩვენებები, რომ არაფერი იმ დაწესებულებაში არ მომხდარა. ზუსტად ამაზე ვსაუბრობ მეც, რომ როდესაც მოწმე აძლევს ცრუ ჩვენებას, ამაზე სხვა, სისხლის სამართლებრივი, პასუხისმგებლობის საკითხები დადგება და მე, მართლაც, მინდა მოვუწოდო ყველა მოწმეს, რომ თქვან ის, რაც მართლა მოხდა იმ დაწესებულებაში“.

სპეციალურად ხდება ის, რომ ამ მუხლით დაიწყო გამოძიება. მე ვფიქრობ, რომ ასევე სპეციალურად ხდება ის, რომ დღეების განმავლობაში არ იქნა დაკითხული ბატონი ფარცხალაძე და, ფაქტიურად, ყველაფერი ხდება ისე, რომ არ დადგინდეს სიმართლე და საზოგადოებამ მთავარი რამ არ გაიგოს...
ეკა გიგაური

ლაშა თორდია ამბობს, რომ ცინიკურად მოწმეებზე კი არა, ოთარ ფარცხალაძის ადვოკატებზე ლაპარაკობს, მთავარი თემა კი ამჟამად საქმის არასწორი კვალიფიკაციაა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს. ფარცხალაძე-თორდიას საქმის კვალიფიკაციის შეცვლას ითხოვენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომელთა შეფასებით, აღნიშნული ძალადობრივი აქტი არ შეიძლება კვალფიცირებულ იქნეს, როგორც რიგითი ცემის ან ძალადობის შემთხვევა, და მნიშვნელოვანია, რომ დანაშაულის კვალიფიკაცია ითვალისწინებდეს ძალადობას ხელისუფლების წარმომადგენელზე, მის სამსახურებრივ საქმიანობასთან კავშირში. როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური განმარტავს, აშკარად იკვეთება არა კერძო ხასიათის ინციდენტი, არამედ ინციდენტი სამსახურებრივი საქმიანობის ნიადაგზე, თუმცა რეალობა გამოძიების მიმართულებით მოცემულობას ვერ პასუხობს:

“სპეციალურად ხდება ის, რომ ამ მუხლით დაიწყო გამოძიება. მე ვფიქრობ, რომ ასევე სპეციალურად ხდება ის, რომ დღეების განმავლობაში არ იქნა დაკითხული ბატონი ფარცხალაძე და, ფაქტიურად, ყველაფერი ხდება ისე, რომ არ დადგინდეს სიმართლე და საზოგადოებამ მთავარი რამ არ გაიგოს, რომ ჩვენ გვაქვს პრობლემები თბილისის მერიაში, რომ ამ პრობლემების შექმნაში, შესაძლოა, ჩართული იყოს ყოფილი პროკურორი და რომ ჩვენს ქვეყანაში კიდევ არიან ადამიანები, რომელთაც არ ეხებათ კანონი“.

10 არასამთავრობო ორგანიზაცია კი, საქმის კვალიფიკაციის შეცვლის გარდა, მოითხოვს, ასევე, მის შესახებ პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ იმსჯელოს. საპარლამენტო კომისიის შექმნის აუცილებლობაზე ლაპარაკობს სახალხო დამცველიც, თუმცა პარლამენტი არ ჩქარობს. მმართველი გუნდი პარლამენტში დროებითი კომისიის შექმნის აუცილებლობას ვერ ხედავს და გამოძიების დასრულებას ელოდება. გამოძიებას კი, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს, ჯერ სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიც კი არ ამოუღია.

13 მაისს საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესა და გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიას შორის დაპირისპირება კლუბ „ელ ცენტროში“ მოხდა. როგორც ლაშა თორდია განმარტავდა, მის მიმართ ოთარ ფარცხალაძემ და მისმა თანმხლებმა პირებმა აგრესია გამოხატეს აუდიტის სამსახურის მიერ წარმოებული მოკვლევის გამო, რომელშიც ოთარ ფარცხალაძის გვარი ფიგურირებს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG