Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვის აძლევდა ხელს გვარამია-ბურჭულაძის სატელეფონო საუბრის ჩაწერა


 ნიკა გვარამია
ნიკა გვარამია

მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერი პაატა ბურჭულაძე ფარული სატელეფონო ჩანაწერის შექმნასა და გამოქვეყნებაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ადანაშაულებს. იგულისხმება სატელეფონო საუბარი „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიასთან, რომელიც ინტერნეტსივრცეში 14 სექტემბერს გამოქვეყნდა. თავის მხრივ, ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ვარაუდობს, რომ პაატა ბურჭულაძესთან საუბარი თავად ნიკა გვარამიამ ჩაწერა. ვის აძლევდა ხელს ამ კონკრეტული საუბრის გამოქვეყნება წინასაარჩევნო პერიოდში და რატომ ვერ დაიძლია ფარული ჩანაწერების უმძიმესი პრობლემა საქართველოში?

სატელეფონო საუბარი ახლო წარსულში მართლაც რომ შედგა, ამას, ნიკა გვარამიას მსგავსად, პაატა ბურჭულაძეც ადასტურებს. მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერი, ისევე როგორც ფარულ ჩანაწერში მისი თანამოსაუბრე, „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი, მომხდარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გეგმის ნაწილად მიიჩნევს. ბურჭულაძე სატელევიზიო ეთერში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ჩანაწერი შეგნებულად არის დამონტაჟებული:

„რომ შედიოდეს გვარამიას ინტერესებში ან ჩემს ინტერესებში, მაშინ არ ამოჭრიდნენ და დატოვებდნენ ჩემს ნათქვამ ფრაზას, რომ მე არ მივეკუთვნები არც ერთ პარტიას (არც „ნაციონალურ მოძრაობას“ და არც „ქართულ ოცნებას“)... ვადასტურებ, რომ ეს იყო ნამდვილად ჩვენი საუბარი, მე ვადასტურებ იმასაც, რომ ეს არის დამონტაჟებული... ეს იყო ორ ადამიანს შორის საუბარი და არა ტელევიზიის დირექტორსა და პარტიის ლიდერს შორის. ჩვენ დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს...“

ბურჭულაძისა და გვარამიას ბრალდებებს სუსი უარყოფს, თუმცა ამჯერად მას ამჟამინდელი თავდაცვის მინისტრი იცავს. უწყება „მიუკერძოებლად“ ახორციელებს თავის ფუნქციებს, უთხრა 15 სექტემბერს ჟურნალისტებს ლევან იზორიამ, რომელიც ახლო წარსულში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის პოსტს იკავებდა. იზორია ამბობს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში მაქსიმალურად არის დაცული ამა თუ იმ პირის პირადი ცხოვრება:

როგორც ჩანს, ახლა დადგა დრო, როდესაც ორივე მხარე მიხვდა, რომ ჯობია პარლამენტი იყოს ორპარტიული, ანუ ყველანი გარეთ უნდა დატოვონ და ხმები არ გაუყონ არავის ... ამიტომ დაიწყო შეტევები ოპოზიციაზე, როგორც ბურჭულაძის პოლიტიკურ ძალაზე, ასევე რესპუბლიკელებზე და სხვებზე და სხვებზე...
ვახტანგ ძაბირაძე

„როგორც ამ სამსახურის ერთ–ერთი ძველი წარმომადგენელი, რომელმაც ვიცი რა ამ მიუკერძოებლობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის მაღალი ხარისხი, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თავის ფუნქციებს ახორციელებს კანონის საფუძველზე“.

მართალია, მოსმენისა და ფარული ჩანაწერების შექმნის ყველაზე მეტი ბერკეტი და შესაძლებლობა სახელმწიფო სტრუქტურის ხელში ეგულება, მაგრამ ხალხს გამოძიების დასრულებამდე დაცდას ურჩევს ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი. როგორც მან 15 სექტემბერს ამბროლაურში გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა,განვითარებული ტექნოლოგიების ეპოქაში ამ ფარული ჩანაწერის გაკეთების საშუალება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლო, თუმცა გამოძიების დასრულებამდე ბიძინა ივანიშვილი სავარაუდო დამნაშავედ „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას, ასახელებს. ივანიშვილი ფიქრობს, რომ გვარამიას ამით ძალისა და გავლენების დემონსტრირება სურდა:

„ეს ჩანაწერი რომ ნამდვილია, თვითონ დაასაბუთა და ამით ეჭვსაც აღრმავებს, რომ მას ეს უნდოდა, პრინციპში, რომ თავისი ვაჟკაცობა ეჩვენებინა, ეტყობა, ნაციონალებისთვის თუ საკუთარი გუნდისთვის, თუ მოსახლეობას ისევ გვემუქრება, არ ვიცი... მაგრამ დიდი ეჭვები არის, რომ მანვე გაავრცელა, პრინციპში, ეს და მასვე შეეძლო ყველაზე მეტად საკუთარი ნასაუბრების გავრცელება... მან ამით აჩვენა, როგორ უჭირავს ხელში პარტია მთლიანად...“

შექმნილ სიტუაციაში ჩანაწერის გამოქვეყნება ორივე ძალას ხელს აძლევდა - როგორც „ქართულ ოცნებას“, ასევე „ნაციონალურ მოძრაობას“, ეუბნება რადიო თავისუფლებას კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე და იქვე საჭიროდ თვლის დააკონკრეტოს, რომ ის გამოქვეყნებული საუბრის შინაარსის მიხედვით მსჯელობს და გმობს ფარული ჩანაწერების შექმნასა და გამოქვეყნებას. არ ამბობს, რომ შეთანხმებულად მოქმედებდნენ, მაგრამ პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური ძალის შესასუსტებლად ფარული ჩანაწერი, თეორიულად, შესაძლოა, მმართველ პარტიასაც გაევრცელებინა და მის მთავარ კონკურენტ პარტიასაც:

„თავის დროზე, თამაშდებოდა ისეთი სცენარი, რომ პაატა ბურჭულაძე, თითქოს, ან ერთი მხარის („ნაციონალური მოძრაობის“) უნდა ყოფილიყო, ან მეორე მხარის („ქართული ოცნების“). მაგრამ, როგორც ჩანს, ახლა დადგა დრო, როდესაც ორივე მხარე მიხვდა, რომ ჯობია პარლამენტი იყოს ორპარტიული, ანუ ყველანი გარეთ უნდა დატოვონ და ხმები არ გაუყონ არავის ... ამიტომ დაიწყო შეტევები ოპოზიციაზე, როგორც ბურჭულაძის პოლიტიკურ ძალაზე, ასევე რესპუბლიკელებზე და სხვებზე და სხვებზე“.

ვახტანგ ძაბირაძე ძალიან სამწუხაროდ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მსგავსად, ფარული ჩაწერებისა და კომპრომატების შექმნის ბერკეტს ვერც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება შეელია. ანალიტიკოსისთვის მეტად სამწუხაროა ის ფაქტი, რომ დამნაშავეთა გამოვლენისა და დასჯის გარეშე ჩაიარა პირადი ცხოვრების ხელყოფის ძალიან ბევრმა გახმაურებულმა შემთხვევამ. ეს კი, ვახტანგ ძაბირაძის თქმით, შესაძლებელია მიუთითებდეს ორ რამეზე: ხელისუფლებას არ შეუძლია ასეთი ფაქტების გამოძიება, ანდა ხელისუფლებისთვის არახელსაყრელია ასეთი ფაქტების გამოძიება.

ლიკა საჯაია
ლიკა საჯაია

მთავარი პრობლემა კანონმდებლობაში ეგულებათ საზოგადოებრივი კამპანია „ეს შენ გეხებას“ მონაწილე ორგანიზაციებს, რომლებმაც 14 სექტემბერს ერთობლოვი განცხადება გამოაქვეყნეს. როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენელმა, ლიკა საჯაიამ, უთხრა რადიო თავისუფლებას, თუკი საქართველოს მოქალაქეებს თვითონ კანონი არ მისცემს დაცულობის მეტ გარანტიას, შეუძლებელი იქნება ძალოვანი სტრუქტურებისა თუ ხელისუფლების ნებისმიერი სხვა სტრუქტურის კეთილი ნების იმედად ყოფნა. საჯაიას თქმით, აუცილებლად უნდა იყოს დაცული ბალანსი სახელმწიფო უსაფრთხოებასა და ადამიანის პირად ცხოვრებას შორის და სწორედ ამას ითვალისწინებს სამოქალაქო სექტორის წიაღში შემუშავებული კანონპროექტი, რომელიც ხელისუფლებამ არ გაიზიარა.

„სამწუხაროა ძალიან, რომ მერვე მოწვევის პარლამენტს არ ეყო პოლიტიკური ნება, რომ გამოესწორებინა ამ მხრივ კანონმდებლობა. იყო გარკვეული წინგადადგმული ნაბიჯები (ცვლილებების სახით), რაც 2014 წელს მიიღო პარლამენტმა, მაგრამ შემდეგ უკვე, როდესაც მივიდა საკითხი იქამდე, თუ ვის ხელში უნდა ყოფილიყო გასაღები, აქ, რა თქმა უნდა, მაინც გადაძალა, მე ვიტყოდი, პოლიციური სახელმწიფოს ინტერესებმა და ხელისუფლებამ ვერ გამოიჩინა ის პოლიტიკური ნება, რომ საკითხი სხვაგვარად გადაეწყვიტა“.

ლიკა საჯაიას თქმით, კამპანია „ეს შენ გეხება“ პირადი ცხოვრების დაცულობისთვის ბრძოლას მომავალი პარლამენტის პირობებშიც გააგრძელებს, რადგანაც არამართებულია მოსმენის ტექნიკურ საშუალებებს უპირატესად ფლობდეს უწყება (კერძოდ, სუსი), რომელიც პროფესიულად არის დაინტერესებული მოიპოვოს რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია. “ეს შენ გეხება“ დარწმუნებულია, რომ ასეთი ვითარება ქმნის ძალაუფლების ბოროტად გამოყენების რისკს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG