Accessibility links

ფარული მოსმენა დამოუკიდებელი ორგანოს ხელში


საპროტესტო აქცია ფარული მოსმენების წინააღმდეგ. 19 მარტი, 2016 წ.

31 მარტს იწურება 11-თვიანი ვადა იმისა, რომ პარლამენტმა კანონმდებლობა ფარული მოსმენის შესახებ კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოიყვანოს. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი მზად არიან პარლამენტს უახლოეს მომავალში წარუდგინონ პროექტი, რომელიც, მათი მტკიცებით, სრულად გამორიცხავს ამ პროცესში ადამიანის უფლებების დარღვევასა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, რის საშუალებასაც, მათი თქმით, დღეს მოქმედი კანონმდებლობა იძლევა. არასამთავრობო ორგანიზაციები დამოუკიდებელი სააგენტოს შექმნის ინიციატივით გამოდიან. რას ნიშნავს ფარული მიყურადებისათვის დამოუკიდებელი ორგანოს შექმნა და როგორ წარმოუდგენია არასამთავრობო სექტორს მისი ფუნქციონირება?

9 თვის წინ საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სატელეფონო მოსმენების განსახორციელებლად ორეტაპიანი ელექტრონული სისტემის ფლობის, განთავსებისა და მისი უშუალოდ გამოყენების გზით ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვების შესაძლებლობა, ასევე კავშირგაბმულობის ხაზებისა და მათი შემაერთებლებიდან, ბაზებიდან, ინფორმაციის რეალურ დროში მოსაპოვებლად სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენება. საკონსტიტუციო სასამართლომ მაშინ პარლამენტს 11-თვიანი ვადა მისცა იმისთვის, რომ კანონმდებლობა ფარული მოსნება-მიყურადების შესახებ კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოეყვანა. 11-თვიანი ვადა მარტის ბოლოს იწურება. არასამთავრობო ორგანიზაციები მზად არიან ე. წ. მოსმენების შესახებ მათ მიერ შემუშავებული მოდელი ახალ პარლამენტს გააცნონ, - ამის შესახებ 26 დეკემბერს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში გამართულ შეხვედრაზე „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მოდელი, რომელიც არასამთავრობო სექტორმა შეიმუშავა, ე. წ. მოსმენების „გასაღების“ დამოუკიდებელი სააგენტოს ხელში გატანას გულისხმობს:

„ერთ-ერთი მოდელი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა შევიმუშავეთ, ეს არის „გასაღების“ საერთოდ გარეთ გატანა, დამოუკიდებელი ორგანოს ხელში, რაც შეიძლება იყოს უფრო მეტი გარანტი იმისა, რომ „გასაღების“ ფლობა არ გახდეს მისი ბოროტად გამოყენების შესაძლებლობა. ეს უნდა იყოს დამოუკიდებელი სააგენტო. მას ბმა ექნება პარლამენტთან. ის, რა თქმა უნდა, არ იქნება აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილი. ის იქნება დამოუკიდებელი ინსტიტუცია, რომელსაც უშუალოდ „გასაღების“ კონტროლის ფუნქცია მიენიჭება“.

ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა იანვრიდან დაიწყება. ეკა ბესელია, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ამბობს, რომ მუშაობა სამუშაო ჯგუფის ფორმატში წარიმართება. ამ ეტაპზე, მისი თქმით, დაწყებულია კვლევითი საქმიანობა, რაც სხვადასხვა ქვეყნის მოდელებისა და გამოცდილების გაცნობას გულისხმობს, უკვე თებერვლისთვის კი პარლამენტს განსახილველად წარედგინება საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი:

„როგორი უნდა იყოს და სად უნდა იყოს ეს სისტემა, ამაზე ჩვენ გვექნება საუბარი სამუშაო პროცესში. ნამდვილად შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ ჩვენ მოვძებნით საუკეთესო ბალანსს, იმისათვის რომ ადამიანის პირადი ცხოვრება იყოს დაცული და, ამავე დროს, მეორე, ჩვენი მოსახლეობის ძალიან მნიშვნელოვანი უფლება - უსაფრთხოდ ყოფნის განცდა - იყოს გარანტირებული. მოდელი, რომ გარე კონტროლი არსებობდეს, დიახ, ამ მოდელს ჩვენ ვიცავთ, რომ იყოს კონტროლის ძლიერი მექანიზმი, მაგრამ, ამავე დროს, იყოს უსაფრთხოების დაცვის ასევე ეფექტური მექანიზმი“.

სააგენტო იქნება ორგანო, რომელიც ტექნიკურად აღასრულებს სასამართლოს დავალებას. შესაბამისად, მოსამართლის ბრძანება, რომ კონკრეტული პირის მოსმენა განხორციელდეს, მივა სააგენტოში. სააგენტოში დაიწყება ამ პირის მოსმენა და დამთავრდება მაშინვე, როცა ამოიწურება სასამართლოს განჩინებაში მითითებული ვადა...

დღეს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ფლობს ე. წ. „გასაღებს“, რომლის დახმარებითაც მათ ხელში ექცევა ყველა ის ტექნიკური შესაძლებლობა, რომლითაც ქვეყანაში მიყურადება ხორციელდება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აქვს უფლება კონკრეტული ინტერნეტპროვაიდერიდან თუ მობილური ოპერატორიდან მოიპოვოს ინფორმაცია ისე, რომ ამის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ ექნება, მაგალითად, თავად მობილურ ოპერატორს. ამასთანავე, არასამთავრობო ორგანიზაციების მტკიცებით, კანონმდებლობის მიხედვით, საკმაოდ სუსტია კონტროლის მექანიზმებიც, ანუ, როგორც ისინი ფიქრობენ, საზოგადოება არ არის დაზღვეული, რომ სახელმწიფო ამ უფლებამოსილებას ბოროტად არ იყენებს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ საპარლამენტო მდივანი ლიკა საჯაია რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ სწორედ ამაზე მიუთითა თავის გადაწყვეტილებაში და აღნიშნა, რომ როდესაც ტექნიკური აღჭურვილობა არის იმ ორგანოს ხელში, რომელიც ახორციელებს გამოძიებას ან პროფესიულად არის დაინტერესებული მოიპოვოს მეტი ინფორმაცია, ეს წარმოადგენს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, ადამიანის უფლებების დარღვევის რისკს. ლიკა საჯაიას თქმით, სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ მიყურადების ტექნიკური შესაძლებლობა იყოს ნეიტრალური, დამოუკიდებელი ორგანოს ხელში. რას ნიშნავს დამოუკიდებელი ორგანო და როგორ წარმოუდგენია არასამთავრობო სექტორს ამ ორგანოს ფუნქციონირება, ლიკა საჯაია განმარტავს:

„სააგენტო იქნება ორგანო, რომელიც ტექნიკურად აღასრულებს სასამართლოს დავალებას. შესაბამისად, მოსამართლის ბრძანება, რომ კონკრეტული პირის მოსმენა განხორციელდეს, მივა სააგენტოში. სააგენტოში დაიწყება ამ პირის მოსმენა და დამთავრდება მაშინვე, როცა ამოიწურება სასამართლოს განჩინებაში მითითებული ვადა. თვითონ ეს მასალა იქნება დაცული, ჩვენი საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს ამის გარანტიას. ანუ, მაგალითად, პროკურორი ან გამომძიებელი მივა სააგენტოში, იქ მოუსმენს ინფორმაციას და რაც მტკიცებულებად სჭირდება, მხოლოდ იმას წამოიღებს დაშიფრულ ფორმატში, რათა თავიდან ავიცილოთ ამ მასალების არასანქცირებული გავრცელება“.

გარდა ამისა, ლიკა საჯაიასავე განმარტებით, არასამთავრობო ორგანიზაციების კონცეფციის მიხედვით, სააგენტო გაკონტროლდება არა მხოლოდ პარლამენტის მიერ, არამედ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მხრიდანაც, ანუ, მისი თქმით, განხორციელდება მიყურადების ორმაგი კონტროლი. არასამთავრობო ორგანიზაციები მათ მიერ შემუშავებულ პროექტს ე. წ. მოსმენების შესახებ პარლამენტს უახლოეს მომავალში - სავარაუდოდ, იანვარში - წარუდგენენ.

ნინო თარხნიშვილი

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG