Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„დიალოგი ღია რეჟიმში“


„ეს შენ გეხებას“ ერთ-ერთი აქცია თბილისში
„ეს შენ გეხებას“ ერთ-ერთი აქცია თბილისში

კამპანია „ეს შენ გეხება“ უკანონო ფარული თვალთვალისა და მიყურადების წინააღმდეგ საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობაზე სასაუბროდ 6 მაისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა. „ეს შენ გეხებაში“ შემავალი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დავით უსუფაშვილს ის კონკრეტული ინიციატივები გააცნეს, რომლებიც, მათი აზრით, კანონმდებლობის გაჯანსაღებას უნდა დაედოს საფუძვლად. რეფორმის აუცილებლობას აღიარებს პარლამენტის თავმჯდომარეც, რომელიც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან ღია დიალოგის რეჟიმში რჩება და მათგან დამატებით ინფორმაციას ელის.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ერთ-ერთია იმ პოლიტიკური სუბიექტებიდან, რომელთაც კამპანია „ეს შენ გეხებას“ წარმომადგენლები შეხვდნენ იმ მიზნით, რომ ფარული თვალთვალისა და მიყურადების სისტემური პრობლემის გადაჭრას ხელი შეუწყონ. მანამდე მათ თავიანთი ინიციატივები ოპოზიციურ ფრაქციებს გააცნეს. მათ მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მიზნად ფარული მიყურადების სისტემის მოწესრიგებას ისახავს. საკანონმდებლო პაკეტი გულისხმობს სამი ახალი სტრუქტურის შექმნას და დღეს არსებული სტრუქტურების შეცვლას. კერძოდ, ლაპარაკია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სუსის, ფუნქციების ახლებურად განსაზღვრაზე, თვალთვალის უფლებამოსილებით აღჭურვილი ერთადერთი ორგანოს - სპეციალური სააგენტოს - შექმნაზე, უსაფრთხოების სამსახურებზე საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერებაზე, ანუ საზედამხედველო საბჭოს ამოქმედებაზე, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნაზე და სხვა.

პირველ რიგში, მომწონს „ეს შენ გეხება“, იმიტომ რომ ეს ჩვენ გვეხება და კარგია, რომ ასეთ თემებზე არის აქტიურობა. განვიხილეთ მათ მიერ მომზადებული სამი კანონპროექტი...
დავით უსუფაშვილი

აზრს, რომ ფარული მიყურადების სისტემის კონტროლის გასაუმჯობესებლად საჭიროა ცვლილებები, „ეს შენ გეხებასთან“ შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილიც დაეთანხმა:

“პირველ რიგში, მომწონს „ეს შენ გეხება“, იმიტომ რომ ეს ჩვენ გვეხება და კარგია, რომ ასეთ თემებზე არის აქტიურობა. განვიხილეთ მათ მიერ მომზადებული სამი კანონპროექტი: ერთი, რომელიც ეხება უშიშროების სამსახურზე საპარლამენტო კონტროლის გაძლიერების მექანიზმებს, მეორე საკითხი ეხება მოსმენების თემას, რაზეც საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება - 2017 წლის მარტიდან ის მოდელი, რომელიც დღეს კანონშია, დაკარგავს ძალას და პარლამენტი, უბრალოდ, ვალდებული ვართ მივიღოთ შესაბამისი ზომები. რაც შეეხება მესამე საკითხს, ეს იყო დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნის საკითხი“.

სწორედ ამ უკანასკნელ საკითხს მიიჩნევს ყველაზე რთულ და კარგად შესასწავლ თემად დავით უსუფაშვილი, რომელიც „ეს შენ გეხებას“ წარმომადგენლებისგან დამატებით წერილობით განმარტებებს ელის. იგი ჯერჯერობით მოძრაობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტებს არ იცნობს, თუმცა აღნიშნავს, რომ ინიციატივის მიმართულებები სწორი და საინტერესოა. თავის მხრივ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი მიესალმება პარლამენტის თავმჯდომარის მზადყოფნას თანამშრომლობის გაგრძელებისთვის:

“შევთანხმდით, რომ მას დამატებით ინფორმაციას მივაწვდით, ჩვენი მოდელების და ჩვენი ხედვის სისწორე, მათ შორის, რომ ემყარება საერთაშორისო გამოცდილებას და საუკეთესო პრაქტიკას და შევთანხმდით იმაზე, რომ კარი რჩება ღია დიალოგის გაგრძელებისთვის, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ამ ეტაპზე მოთხოვნები, რომელსაც კამპანია აყენებს, პოლიტიკოსების მხრიდან იყოს ღია კარი იმისთვის, რომ ჩვენ მაქსიმალურად მივაღწიოთ კანონმდებლობის შეცვლას“.

ნინო ლომჯარია
ნინო ლომჯარია

ზოგადად კი, „ეს შენ გეხებას“ წევრები აღნიშნავენ, რომ საკანონმდებლო ცვლილებები დროულადაა მისაღები. „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელი ნინო ლომჯარია ამბობს:

“დღეს უფრო ვხედავთ იმის ალბათობას და იმის უფრო მეტ შანსს, რომ ინიცირებული იყოს და აქტიური საპარლამენტო განხილვები მიმდინარეობდეს მანამ, სანამ იქნება საბოლოო სესიები პარლამენტში, ამიტომ თვითონ პროცესის დაწყება დღეს არის მნიშვნელოვანი. ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ არჩევნების შემდგომ შეკრებილ პარლამენტს მაინც მოუწევს სუსის რეფორმასთან დაკავშირებით - მათ შორის, თვალთვალთან და მიყურადებასთან დაკავშირებით - საკანონმდებლო რეფორმატორული ცვლილებების გატარება“.

მოსმენების შესახებ კანონმდებლობა საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად, დაახლოებით, ერთი თვის წინ ცნო. საუბარია ორი გასაღების პრინციპსა და რეგულაციაზე, რომელიც მოსმენებზე კონტროლის მექანიზმს ისევ შინაგან საქმეთა სამინისტროს მფლობელობაში ტოვებდა. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალით, საკითხი პარლამენტის დღის წესრიგში დგას. ძნელი სათქმელია, აღმოჩნდება თუ არა მის გვერდით „ეს შენ გეხებას“ მიერ ინიცირებული სხვა საკითხებიც, განსაკუთრებით, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რომლისთვისაც სისხლის სამართლებრივი დევნის უფლებამოსილების მინიჭებას საქართველოს მთავრობა მხარს არ უჭერს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG