Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფერგიუსონის გამოძახილი


ამერიკაში ძლიერდება ეჭვი რასობრივი სტერეოტიპების გამო ფერადკანიანი მოსახლეობის მიმართ პოლიციური ძალის ზედმეტად გამოყენების თაობაზე

აგვისტოში თეთრკანიანი პოლიციელის მიერ შეუიარაღებელი შავკანიანი ამერიკელი მოზარდის მკვლელობამ ფერგიუსონში რასობრივი დისკრიმინაციის საბაბით დიდი უწესრიგობები გამოიწვია. კიდევ უფრო გაძლიერდა ეჭვი რასობრივი სტერეოტიპების და უმცირესობაში მყოფი ფერადკანიანი მოსახლეობის მიმართ ძალის ზედმეტად გამოყენების თაობაზე.

„არ გვესროლოთ! არ გვესროლოთ“ - სკანდირებდნენ ნიუ იორკში მოწყობილ დემონსტრაციაზე გამოსული აქტივისტები. უმეტესად შავკანიანი ნიუ იორკელლები ივლისში ერიკ გარნერის მკვლელობას აპროტესტებდნენ. ერიკი პოლიციის მხრიდან დაკავების მცდელობის მომენტში გაიგუდა.

ჯამეინ უილიამსი ნიუ იორკის ქალაქის საბჭოს წევრია. 2011 წელს შავკანიან მეგობართან ერთად ის ქუჩაში დასავლეთის ინდიელების აღლუმზე შეავიწროვეს და გაუგებრობით დააპატიმრეს.

„ორივეს ხელბორკილი დაგვადეს. დარწმუნებული ვარ და იქვე ვთქვი კიდეც, რომ სხვა ფერის რომ ვყოფილიყავით, ეს არ მოხდებოდა“ - ყვება ის.

უილიამსის თქმით, პოლიციელთა უმრავლესობა საკუთარ მოვალეობას ღირსეულად ასრულებს. მაგრამ მათ შორის სტერეოტიპების მქონეებიც არიან და ამას ფერადკანიანების, ან ღარიბების მიმართ ძალის ზედმეტი გამოყენებით და გადაჭარბებული ზომები გატარებით გამოხატავენ.

„ამ თემაზე დაფიქრება გვმართებს. რასის და სოციალური კლასის ნიშნით პოლიციის განსხვავებულ მოპყრობას ყურადღება დროზე თუ არ მივაქციეთ, ამით ადამიანთა მთელ ჯგუფს უგულვებელვყოფთ“ - ამბობს ჯამეინ უილიამსი.

ნიუ იორკის პოლიციის დეპარტამენტმა გამოაცხადა, რომ ოფიცრებს ამასთან დაკავშირებით და საერთოდ, საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებშიც საგანგებო წვრთნებს ჩაუტარებს. პოლიციის ყოფილი ოფიცრის იუჯინ ოდონელის აზრით, რასიზმის საწინააღმდეგო ეფექტური ტრეინინგიც აუცილებელია. მაგრამ ყოფილი პოლიციელი თან იმასაც ამბობს, რომ სამართალდამცავთა ქმედება მთავარ პრობლემას არ წარმოადგენს.

„არ ვამბობ, რომ პოლიციაში პრობლემები არ არის. უბრალოდ ბევრად დიდი პრობლემა მგონია ის, რომ ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტ კანონს იღებენ. რატომ ხდება ისე, რომ პოლიციას თანდათან კიდევ უფრო მეტი უფლება ენიჭება? რატომაა, რომ მოვალეობის შესრულების მომენტში ჩადენილ დანაშაულზე პოლიციელისთვის ბრალის დამტკიცება თითქმის შეუძლებელი გახდა? ამ ყველაფრის მიღმა ხშირად სასამართლო გადაწყვეტილებებით განმტკიცებული საკანონმდებლო პრობლემები იკვეთება“ - აცხადებს ყოფილი პოლიციელი.

იუჯინ ოდონელის თქმით, ყურადღების მთლიანად პოლიციაზე გადატანა მთავარი, რეალური პრობლემის იგნორირებას ნიშნავს. რაც მისი აზრით, კანონების სიმრავლეში, სასამართლოს მიერ გაცემულ ორდერებში, ღარიბი მოსახლეობის და უმცირესობების დაპატიმრების რეგულაციებში მდგომარეობს.

XS
SM
MD
LG