Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგარეო საქმეთა მინისტრების წინასაარჩევნო სტუმრობა


საქართველოში სტუმრად იმყოფებიან ლიტვის, ბულგარეთის, ლატვიის, რუმინეთისა და ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები. ვიზიტის ფარგლებში, აუდრონიუს აჟუბალისმა, ნიკოლაი მლადენოვმა, ედგარ რინკევიჩმა, ტიტუს კორლატეანმა და კარელ შვარცენბერგმა შეხვედრები გამართეს საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან. შეხვედრების დროს განხილულ იქნა როგორც მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობა, ასევე საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პერსპექტივები.

ლიტვის, ბულგარეთის, ლატვიის, რუმინეთისა და ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტი საქართველოში 17 სექტემბერს, დილაადრიან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრით დაიწყო. სამინისტროს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული ცნობით, გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრისას მინისტრებმა დაადასტურეს სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის ხელშეწყობისადმი. ოფიციალური შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა მინისტრებმა მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთეს როგორც მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების, ასევე სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების შესახებ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის თქმით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წვრთნები „კავკასია 2012“ საქართველოს საზღვრის მახლობლად აშფოთებს არამარტო საქართველოს ხელისუფლებას:
საქართველოს დიპლომატიის ძალისხმევამ გამოიღო ის შედეგი, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა სულ უფრო და უფრო მძაფრ შეკითხვებს უსვამს რუსეთს ამ სამხედრო სწავლებების შესახებ ...
გრიგოლ ვაშაძე

„ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს რა შედეგი მოიტანა რუსეთის 2008 წლის სწავლებებმა, რომელიც თავისი მასშტაბით გაცილებით უფრო მცირე იყო და მასში გაცილებით შეზღუდული ძალები მონაწილეობდნენ. საქართველოს დიპლომატიის ძალისხმევამ გამოიღო ის შედეგი, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა სულ უფრო და უფრო მძაფრ შეკითხვებს უსვამს რუსეთს ამ სამხედრო სწავლებების შესახებ.“

გრიგოლ ვაშაძის თქმით, ევროპის ხუთი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების სტუმრობა იმის მანიშნებელია, რომ მათთვის საქართველო ისევე მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოსთვის ევროპის კავშირი და ნატო. ვაშაძის ბულგარელმა კოლეგამ საქარველოში მოახლოებული არჩევნების შესახებ ილაპარაკა. ნიკოლაი მლადენოვის თქმით, საქართველო გაგებით უნდა მოეკიდოს ევროკავშირის დაინტერესებას არჩევნებითა და მისი ხარისხით.

„ჩვენ არ გაგვიხარდებოდა, თუკი სხვა ხალხი მოვიდოდა ჩვენთან და ჩვენი არჩევნების შინაარსზე ისაუბრებდა. რისიც გვინდა გვჯეროდეს და რაზეც ინტენსიურად ვმუშაობთ ხელისუფლებასთან, არის ის, რომ დავრწმუნდეთ: საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესი არა მარტო გამყარებულია ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებებით, არამედ უპასუხებს ეუთოსა და ევროსაბჭოს მეშვეობით ჩვენ მიერ ევროპაში დამკვიდრებულ საუკეთესო სტანდარტებს“, განაცხადა ნიკოლაი მლადენოვმა, ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მათ ჰქონდათ რამდენიმე შეკითხვა: დააზუსტეს ჩვენი სტრატეგია. კიდევ ერთხელ დავუსაბუთეთ, რომ ეს გახლავთ ევროატლანტიკური სივრცე. დააზუსტეს რუსეთთან ურთიერთობა. დააზუსტეს საგარეო პოლიტიკის ჩვენი ხედვა და ა.შ. ...
ბიძინა ივანიშვილი

ლიტვის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აუდრონიუს აჟუბალისმა კი განაცხადა, რომ მინისტრები საქართველოში რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდასაჭერად არ ჩამოსულან. „საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება“, აღნიშნა ლიტველმა მინისტრმა. ასევე არჩევნებთან დაკავშირებით, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარ რინკევიჩმა განაცხადა, რომ ყველა პოლიტიკურ ძალას სამართლიანი და თანაბარი პირობები უნდა ჰქონდეს. მისივე თქმით, თუ არჩევნების შედეგებს სამართლიანად აღიარებენ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები, ეს შედეგი ყველა პარტიამ უნდა მიიღოს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და უშიშროების საბჭოს მდივანთან დახურულ კარს მიღმა გამართული საუბრების შემდეგ ხუთი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერსაც შეხვდნენ. ბიძინა ივანიშვილმა კმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ მინისტრები პატივს სცემენ თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებს და საქართველოში ჩამოვიდნენ არა რომელიმე პარტიის, არამედ დემოკრატიის მხარდასაჭერად:

„ისინი ჩამოვიდნენ საქართველოს ხალხის მხარდასაჭერად და არა რომელიმე პარტიის ან ხელისუფლებისა. ამ კუთხით ჩვენც მადლობა გადავუხადეთ. მათ ჰქონდათ რამდენიმე შეკითხვა: დააზუსტეს ჩვენი სტრატეგია. კიდევ ერთხელ დავუსაბუთეთ, რომ ეს გახლავთ ევროატლანტიკური სივრცე. დააზუსტეს რუსეთთან ურთიერთობა. დააზუსტეს საგარეო პოლიტიკის ჩვენი ხედვა და ა.შ. მგონი, ძალიან კარგი შეხვედრა იყო. ძალიან კმაყოფილნი დარჩნენ. ყველა შეკითხვაზე პასუხი მიიღეს და კარგად გაიგეს ჩვენი პოზიცია.“

ვიზიტის მსვლელობისას ლიტვის, ბულგარეთის, ლატვიის, რუმინეთისა და ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტსაც შეხვდებიან.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG