Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა. 16 იანვარი, 2012 წელი


ორშაბათს, 11 ივნისს, ევროპის გაზეთების ყურადღების ცენტრში ესპანეთი მოექცა, რომელმაც შაბათს გამოაცხადა, რომ აპირებს ევროს გადარჩენის ფონდისგან თავისი საბანკო სექტორისთვის დახმარების გამოყოფა მოითხოვოს. ევროს მოქმედების ზონა ამ მიზნისთვის 100 მილიარდი ევროს გამოყოფას გეგმავს. ჟურნალისტები წერდნენ, რომ ეს ზომა არ გადაჭრის ესპანეთის და ევროკავშირის მთავარ პრობლემებს, მაგრამ დროის მოგების მხრივ იქნება მნიშვნელოვანი. პოლონეთში გამომავალი, ლიბერალური ორიენტაციის ყოველდღიური „გაზეტა ვიბორჩა“ წერდა:

„ესპანეთის ბანკებისთვის ევროპის მიერ გამოყოფილი დახმარება არ გადაჭრის იმ ფუნდამენტურ პრობლემებს, რომლებიც ესპანეთის ეკონომიკას აქვს, თუმცა ესპანეთის მთავრობას და, საბოლოო ანგარიშით, მთელ ევროკავშირს საშუალებას მისცემს მოიგონ დრო, რომელიც მათ ესაჭიროებათ რეფორმებისა და ბოლო შედეგების ჩვენებისთვის. თუ ესპანეთის ეკონომიკა ზრდას დაიწყებს და უფრო კონკურენტუნარიანი გახდება, ის შეძლებს თავისი ვალის შემცირების დაწყებას. ის ნამდვილად უკეთეს პოზიციაშია, ვიდრე საბერძნეთი. ესპანეთი დიდი ქვეყანაა და ევროპაში სიდიდით მეხუთე ეკონომიკას წარმოადგენს. ის ვალების გადახდის უნარს თუ დაკარგავს, ამას მთელი ევროზონისთვის მოჰყვება ფინანსური კატასტროფა. სწორედ ამის გამოა, რომ ევროპის პოლიტიკოსები მას უყოყმანოდ სთავაზობენ დახმარებას. მეტიც, ისინი ესპანეთის პრემიერ-მინისტრზე ზეწოლასაც კი ახორციელებენ, რათა დახმარების მიღებაზე დაიყოლიონ.“

ევროს მოქმედების ზონის პრობლემების გარდა, დასავლეთის პრესის ყურადღების ცენტრში რუსეთი და იქ გამართული მასობრივი ანტისამთავრობო აქციაც მოექცა. შეკრების თავისუფლებაზე დაწესებული გამკაცრებული აკრძალვების მიუხედავად, სამშაბათს ათიათასობით ადამიანი გავიდა მოსკოვის ქუჩებში პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მმართველობის საწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობის მისაღებად. ერთი დღით ადრე ოპოზიციის გავლენიანი ლიდერები დაკითხეს და მათი ბინები გაჩხრიკეს. ევროპულ პრესაში ჟურნალისტები შეშფოთებით წერდნენ პუტინის მხრიდან შიშის დანერგვის ტაქტიკაზე და ასევე აცხადებდნენ, რომ საპროტესტო ტალღამ რადიკალიზაცია არ უნდა განიცადოს. მთავრობის ოპონენტების მხრიდან აქციაზე გამოცხადებული ლოზუნგები პუტინს ძილს ვერ დაუფრთხობსო, წერდა ჩეხეთში გამომავალი კონსერვატიული ყოველდღიური გაზეთი „ლიდოვე ნოვინი“ ოთხშაბათს, 13 ივნისს:
„პუტინის თანახმად, ნებისმიერი რამ, რაც ქვეყანას ასუსტებს და მის საზოგადოებას გახლეჩით ემუქრება, მიუღებელია. მაგრამ რუსეთის პრობლემა ოპოზიციის მიერ საზოგადოების გახლეჩა არ არის. პრობლემა ძლიერი ოპოზიციის არარსებობაშია. რა ალტერნატივას სთავაზობს ოპოზიცია დემონსტრაციებს? ‘ჩვენ ვცდილობთ მშვიდობიანი გზებით გავათავისუფლოთ რუსეთი უზურპატორისგან, რომელსაც სურს ქვეყანა მუდამ ძარცვოს’. ამას რომელიმე ავტობუსის მძღოლი კი არ ამბობს, არამედ პრემიერ-მინისტრის ყოფილი მოადგილე ნემცოვი. შეიძლება ავტოკრატებს იმით დაუპირისპირდე, რომ გამოაცხადო, პუტინი იპარავსო? ... არა, ამ გზით პუტინს ვერ დაამარცხებ.“

ხუთშაბათს, 14 ივნისს, ევროპის პრესის ყურადღების ცენტრში საბერძნეთი და იქ კვირას დანიშნული საპარლამენტო არჩევნები მოექცა. სოციოლოგიური გამოკითხვებით, ლიდერობს მემარცხენეთა ალიანსი, რომელიც ეწინააღმდეგება საბიუჯეტო ხელმომჭირნეობის ზომებს. საპრალამენტო არჩევნები აჩვენებს, დარჩება თუ არა საბერძნეთი ევროს მოქმედების ზონაშიო, წერდა რუმინული ბლოგპორტალი „ვოქსპუბლიკა“:

„როგორიც უნდა იყოს არჩევნების შედეგი, ათენში მომავალი მთავრობა მემკვიდრეობით მიიღებს შემაშინებელ ეკონომიკურ და სოციალურ სიტუაციას, რომელიც მყისიერად სვამს საკითხს, თუ რამდენ ხანს შეძლებს ეს მთავრობა ხელისუფლებაში დარჩენას. საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და ევროკავშირთან დადებული შეთანხმების უარყოფის ინიციატივა, რომლითაც მემარცხენეთა ალიანსი გამოდის, ბანკროტად კიდევ უფრო სწრაფად ქცევას და ევროზონის დატოვებას მოიტანს. თუმცა, თუ ბერძნები შეძლებენ ისეთი მთავრობის ფორმირებას, რომელიც უერთგულებს საერთაშორისო შეთანხმებებს, მას ხელმომჭირნეობის დამატებითი ზომების გატარება მოუწევს. 30 ივნისისთვის მთავრობამ საერთაშორისო კრედიტორებს უნდა წარუდგინოს დეტალური გეგმა, თუ როგორ აპირებს ... საბიუჯეტო ხარჯების შეკვეცას. ეჭვები, შეძლებს თუ არა საბერძნეთი ამის გაკეთებას იმის მიუხედავად, თუ ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში, უკვე აღრმავებს ვალის იმ კრიზისს, რომლითაც სამხრეთ ევროპაა მოცული.“

პარასკევს, 15 ივნისს, ევროპის პრესა ბევრს წერდა გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის სტრატეგიაზე ევროზონის კრიზისთან საბრძოლველად. საქმე ის გახლავთ, რომ ხუთშაბათს მერკელმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მხარს უჭერს ხელმომჭირნეობის პოლიტიკას კრიზისით მოცულ ქვეყნებში და უარი თქვა დამატებითი დახმარების გამოყოფაზე. ანალიტიკოსების ნაწილის აზრით, თავისი სტრატეგიით მერკელი ევროზონას კოლაფსის საფრთხეს უქმნის, სხვები კი თვლიან, რომ გერმანიას, რომელსაც ევროპის ეკონომიკურ ძრავად მიიჩნევენ, აქვს უფლება თამაშის წესები განსაზღვროს. გერმანიაში გამომავალი მემარცხენე-ლიბერალური „ფრანკფურტერ რუნდშაუ“ 15 ივნისს წერდა:

„როცა ევროპის საფინანსო სისტემის მიმართ ნდობა ნადგურდება, სავალუტო ციკლი კოლაფსს განიცდის ... რაც გერმანიის ეკონომიკას დარტყმას მიაყენებს. ... [მერკელი] უარს ამბობს გერმანელთა გადასახადებიდან უფრო მეტი თანხა გამოუყოს ევროპას. ეს მის პოპულარობას ნამდვილად გაზრდის შინ და მის კოალიციაში საპარლამენტო ჯგუფების მხარდაჭერასაც მოუტანს. ... ცხადია, საწყენია, რომ ბერლინის შპარკასეს კლიენტებს ან ბოხუმში მცხოვრებ გადასახადების გადამხდელებს ესპანეთის საბანკო ანგარიშების და იტალიის დეფიციტის დაფინანსება უწევთ, მაგრამ ალტერნატივა - ევროს კოლაფსი - კიდევ უფრო ძვირი დაგვიჯდება.“
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG