Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ და რატომ დააბრალა ჯაშუშობა ფოტორეპორტიორებს?


მთავარი პროკურატურა
მთავარი პროკურატურა

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ე. წ. „ფოტორეპორტიორების საქმეზე“ ჩატარებული ხელახალი გამოძიების შედეგად, დაკავებულია შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ქ. თბილისის ტერიტორიული სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე დავით დევნოზაშვილი. საქმეში იკვეთება, ასევე, სასჯელაღსრულების N 8 დაწესებულების ყოფილი უფროსის, ალექსანდრე მუხაძის, ბრალეულობა, რომელიც ახლა ინტერპოლის არხებით იძებნება. გამოძიებამ დაადგინა ჯაშუშობისთვის გასამართლებული ფოტორეპორტიორების - გიორგი აბდალაძის, ზურაბ ქურციკიძის, ირაკლი გედენიძისა და ნათელა გედენიძის - სრული უდანაშაულობა. მასალების თანახმად, ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ 2011 წლის 26 მაისის მიტინგის დარბევის ამსახველი კადრების გადაღება-გავრცელებისთვის დასაჯა.

გადმოწერა

გამოძიების ინფორმაციით, საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძე, ევროპის პრესსააგენტოს (EPA) ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ფოტორეპორტიორი ირაკლი გედენიძე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ანგარიშსწორების სამიზნედ მას შემდეგ იქცნენ, რაც მათ გადაიღეს და საერთაშორისო დონეზე გაავრცელეს 2011 წლის 26 მაისის მიტინგის დარბევისა და პოლიციელთა მიერ ძალის გადამეტების ამსახველი ფოტოები. გამოძიების ინფორმაციით, ეს „ნეგატიურად აისახებოდა იმდროინდელი ხელისუფლების რეიტინგზე“.

როგორც პროკურორმა კოკა კაციტაძემ განაცხადა 6 დეკემბერს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, ფოტორეპორტიორების ჯაშუშობაში დადანაშაულების ცრუ ვერსიას საფუძვლად დაედო ის ფაქტი, რომ ევროპის პრესსააგენტოს ,,EPA“-ს შტატიანი თანამშრომელი ზურაბ ქურციკიძე, თავისი მასალების გარდა, სააგენტოს, ჰონორარის სანაცვლოდ, უგზავნიდა, ასევე, უშტატო თანამშრომლების, გიორგი აბდალაძისა და ირაკლი გედენიძის, ფოტოებსაც. რადგანაც სააგენტოს სამხრეთ კავკასიის ოფისი რუსეთშია განთავსებული და ზურაბ ქურციკიძეს არცთუ იშვიათად უწევდა ამ ოფისთან დაკავშირება, შესაბამისად, დამუშავდა რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის ვერსია:

იმედი გვაქვს, რომ სასამართლოც შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს და და ჩვენს უდანაშაულობას დაამტკიცებს... რაც შეეხება იმ ზეწოლებს, რაც ხდებოდა საპატიმროში, ამის გამო დაპატიმრებულია ერთ-ერთი პირი - დევნოზაშვილი... და მე დიდი იმედი მაქვს, რომ დამკვეთებამდე აუცილებლად მივა საქმე...
გიორგი აბდალაძე

„გამოგონილი ჯაშუშობის ბრალდების თანახმად, 2004 წელს ზურაბ ქურციკიძე ქ. მოსკოვში სამსახურებრივი მივლინების დროს გასამრჯელოს დაპირების საფუძველზე კონფიდენციალური თანამშრომლობისთვის გადაბირებული იქნა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომლების მიერ. მათი ორგანიზებით ზურაბ ქურციკიძე თითქოს სისტემატიურად უგზავნიდა ევროპის პრესსააგენტოს თანამშრომლებს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ფოტოებს და მასალებს, რომლებსაც ქურციკიძე მოიპოვებდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ოპერატორის, ირაკლი გედენიძის, და საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ფოტოგრაფის, გიორგი აბდალაძისგან, რომლებმაც თითქოსდა იცოდნენ ქურციკიძის რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის შესახებ. გამოგონილი ბრალდების თანახმად, ფოტოგრაფების მიერ შექმნილ ჯაშუშურ ქსელს დახმარებას ასევე უწევდა ირაკლი გედენიძის მეუღლე, ფოტოგრაფი ნათელა გედენიძე“.

პროკურატურის ინფორმაციით, 2011 წელს ფოტოგრაფებს ბრალდებოდათ, თითქოს მათი საცხოვრებელი სახლებიდან ამოღებულ იქნა სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია, მაგალითად, საქართველოში სტუმრად მყოფი ესტონეთის პრეზიდენტის გადაადგილების დეტალების შესახებ, მთავრობის წევრთა გადაადგილების გეგმა და ასე შემდეგ.

ზურაბ ქურციკიძე, გიორგი აბდალაძე, ირაკლი გედენიძე და ნათელა გედენიძე 2011 წლის 7 ივლისს, შს სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ საგანგებოდ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, საკუთარ საცხოვრებელ სახლებში დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, აღიარებითი ჩვენების მოპოვების მიზნით, დაკავებულებზე ხორციელდებოდა სხვადასხვა სახის ზეწოლა როგორც კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის მხრიდან, ასევე სასჯელაღსრულების N 8 დაწესებულების ყოფილი უფროსის მხრიდანაც:

„ციხეში ფოტორეპორტიორების შეყვანისთანავე, საპყრობილის დირექტორის ალექსანდრე მუხაძის ორგანიზებით და დახმარებით, სამართალდამცავების მხრიდან მათ მიმართ გაგრძელდა ფსიქოლოგიური ზეწოლა, რასაც სისტემატიური ხასიათი ჰქონდა. მათ საკნებში არ ქრებოდა შუქი და საკნები აყვანილი იყო მუდმივ ვიდეოკონტროლზე. ალექსანდრე მუხაძის დავალებით, პატიმრები აჰყავდათ ციხის ადმინისტრაციაში, სადაც დავით დევნოზაშვილი სხვა თანამშრომლებთან ერთად აგრძელებდა მუქარას აღიარებითი ჩვენების მისაღებად“.

სხვადასხვა სახის მძიმე ზეწოლის შედეგად, დაკავებულებმა ცრუ ბრალი სხვადასხვა დროს აღიარეს. მაგალითად, გამოძიების ინფორმაციით, ირაკლი და ნათელა გედენიძეებმა ბრალის მაშინ აღიარეს, როდესაც მათ ოჯახის კომპიუტერში ნაპოვნი „პიკანტური“ ფოტოს ინტერნეტში გავრცელებით დაემუქრნენ. ირაკლი გედენიძის თქმით, ხსენებული ფოტო მან თავად გადაუღო მეუღლეს და, სხვა ფოტომასალასთან ერთად, კომპიუტერში ინახავდა. სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური პროტესტის ფონზე, ფოტორეპორტიორები მალევე გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც მათგან ცრუ აღიარებითი ჩვენებები იქნა მოპოვებული.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ამბიდან ხუთ წელიწადზე მეტი გავიდა, პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე საიდუმლო გრიფის მოხსნა მხოლოდ რამდენიმე კვირის წინ გახდა შესაძლებელი და პროკურატურამ მხოლოდ ახლა მიიღო გადაწყვეტილება, რომ სააპელაციო სასამართლოში მოითხოვოს გამამტყუნებელი განაჩენის გადახედვა და გამამართლებელი განაჩენის გამოტანა ფოტორეპორტიორებისთვის. ფოტორეპორტიორ გიორგი აბდალაძეს იმედი აქვს, რომ მათი უდანაშაულობა მალე სამართლებრივად დადასტურდება და ნამდვილი დამნაშავეებიც დაისჯებიან:

„იმედი გვაქვს, რომ სასამართლოც შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს და და ჩვენს უდანაშაულობას დაამტკიცებს... რაც შეეხება იმ ზეწოლებს, რაც ხდებოდა საპატიმროში, ამის გამო დაპატიმრებულია ერთ-ერთი პირი - დევნოზაშვილი... და მე დიდი იმედი მაქვს, რომ დამკვეთებამდე აუცილებლად მივა საქმე“.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, „ფოტორეპორტიორების საქმის“ გარშემო გამოძიება კვლავაც გრძელდება „ამ დანაშაულში ჩართული სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირების გამოსავლენად“.

ლია მუხაშავრია
ლია მუხაშავრია

ის ფაქტი, რომ „ფოტორეპიორტიორების საქმის“ საფუძვლიანი გამოძიების დასრულება დროში ასე გაჭიანურდა, „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის“ აღმასრულებელი დირექტორის, ადვოკატ ლია მუხაშავრიასთვის იმის მანიშნებელია, რომ ჯერ ისევ გავლენიან პოსტებზე რჩებიან და აქტიურობენ დამნაშავეთა დაუსჯელობით დაინტერესებული პირები:

„ეს უდავოდ ამტკიცებს იმას, რომ ის, ვინც შეთითხნა ეს საქმეები, დღემდე გავლენის მქონეა და ცდილობს, რომ ეს საქმეები არ გაიხსნას... მე ვფიქრობ, რომ ეს უფრო შუა რგოლია, რომელსაც ძალიან კარგად ესმის, რომ თავის დროზე დანაშაული იქნა ჩადენილი, როდესაც შეიკრა ეს საქმეები და მათ ეშინიათ, რომ დღეს შეიძლება მათ სისხლის სამართლის წესით მოეთხოვოთ პასუხი“.

ლია მუხაშავრიამ რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ისიც აღნიშნა, რომ სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის უდიდესი პროტესტის გარეშე 2011 წელს ვერ მოხერხდებოდა ფოტორეპორტიორების გათავისუფლება, ხოლო „ფოტორეპორტიორების საქმე“, მისი აზრით, შესაძლოა ჩაითვალოს იმ ერთ-ერთ ყველაზე რეზონანსულ საქმედ, რომელმაც მნიშვნელოვნად შეარყია „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ავტორიტეტი.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG