Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ავტორი: ალექსანდრე გაბელია

დარაბებს მიღმა გაზაფხულია?! რამდენად შეესაბამება ეს ფრაზა სინამდვილეს ნისლით არის მოცული, თუმცა რეალობის სხივს ვერანაირი ნისლი გაუძლებს.დარაბებს მიღმა სოფელია და სოფლის პრობლემები. მაშინ,როცა პარლამენტში განიხილავენ ბუსუსებიანი პრეზერვატივების თემას,საუბრობენ მონარქიაზე,წინსვლაზე, პარლამენტის შენობა კი ერთგვარი რინგია ბოქსიორთათვის , სოფელი ღვთის ანაბარადაა მიტოვებული. უამრავი მიგდებული,უყურადღებოდ დატოვებული სოფელი და თვალცრემლიანი ადამიანები,რომლებიც ცილილიზაციას არიან მოწყვეტილნი.ტრაქტორების უქონლობის გამო მათ ხშირად უწევთ მიწის ხარებით მოხვნა, სარეცხის გარეცხვა მდინარეში , გაუსაძლის პირობებში არსებობა და მუშაობა. არსებული ვითარება მაშტაბური ხასიათისაა,ამიტომ ვთვლი,რომ ერთი სოფლის პრობლემებზე საუბარიც კი საკმარისი იქნება საერთო სურათის შესაქმნელად. სოფელი კვერნაულა და კვირიასხევი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თიანეთის მუნიციპალიტეტში. აქ სტუმრობის დროს მოსახლეობამ საკმაოდ მკაფიოდ გაანალიზა თავიანთი პრობლემები,განვითარების შემაფერხებელი ფაქტორები და ამ ჭაობის დაძლევის გზები.
‘’ჩვენ რაიონში უამრავი პრობლემაა. მთავრობამ შეიძლება არც იცის თიანეთი თუ არსებობს. ქუცნაშვილმაც კი არ იცის ,მანამდე კი დაგვპირდა ყველაფერს.. აქ უამრავი პრობლემაა. აუცილებელია მიწების დამუშავება. ამისთვის საჭიროა ფული და ყურადღება. სახელმწიფომ კი გამოყო ფული და მოვხანით, მაგრამ თუ თესლს ვერ ვიყიდი რათ მინდა? მოვხანი აგერ, მაგრამ იმის საშუალება არ მქონდა ხორბალი მეყიდა . მე არაფერ სიკეთეს არ ველოდები. ვნახოთ ახალი მთავრობა რას მოგვიტანს. ჩვენთან ძალიან კარგი მიწებია, ჩემს ბავშობაში მოსკოვში წაიღეს გამოფენაზე,მაგრამ დღეს ეს მიწები სათიბებადაა გადაქცეული ‘’
‘’ ყველაფერი ჭირს სოფელში. სასმე;ლი წყალიც კი ყველას არ აქვს. ხალხს ძალიან უჭირს. სოფელი კი დაცარიელდა,ახალგაზრდები წავიდნენ. ჩვენთან 90-ან წლებში ჰოლანდიელები იყვნენ, გაგიჟებულები დარჩნენ ამ მიწით,ჰოლანდიაში გაგზავნეს .. მთავრობას რაც შეეხება და მათ ერთჯერად დახმარებებს, ეს პიარია ვიღაცის და რაღაცის. ამათი არ მჯერა’’
ეს ყველაფერი სამწუხარო რეალობაა. მაშინ,როცა მინისტრები ანანასისა და ფორთოხლის წვენს აგემოვნებენ, სოფელში დასალევი წყალი არ აქვთ. მაშინ,როცა ისინი კომფორტულ გარემოში ატარებენ ზამთარს, გლეხი შეშას იზოგავს,ზამთარი ბოლომდე რომ გადააგოროს. მაშინ როცა ისინი ამაყად საუბრობენ ნათელ მომავალზე, აწმყო ორღობეშია მიმწყვდეული; სოფელ კვირიასხევის ერთ-ერთი სახლის ეზოში მარტოდმარტო დარჩენილი მოხუცი შევამჩნიეთ და მასთან გავისაუბრეთ. ის საკმაოდ თამამად,გულწრფელად საუბრობს სოფლის პრობლემებზე და არც მსუქანი პოლიტიკოსების გაკრიტიკებას ერიდება.
‘’ჭირში და სიღარიბეში ვცხოვრობთ. ეს სახლში დამწვარია ,დაგვეწვა. არაფერი გამართული ჩვენ არ გვაქვს. ახლა იმას ველოდები,რომ შვილიშვილებმა დაამთავრონ სასწავლებლები, გზაზე დადგნენ და მეტს არაფერს ვიდარდებ. სიღატაკეში იზრდებოდნენ ,მაგრამ ნიჭიერები არიან,კელაპტრით სწავლობდნენ. შვილის სიცოცხლე მომცეს არაფერი მინდა. ახლა ომი როა, ზოგი მოხალისედ მიდის, ზოგს აგზავნებენ, ძალიან მეცოდება მათი დედები,რამდენი დაიღუპა. ისედაც რა მწარე ცხოვრება გვაქვს და კიდევ სიკვდილი? მთავრობაც და ყველა დამნაშავეა. ახლა რომ ამბობენ ახალაიაზე, დაჭერილი როა,რამდენი რამე გამოუჩხრიკეს , კიდე ამბობს გამომიშვითო, ამოდენა დანაშაული შე დალოცვილო კიდე გამოშვებას ითხოვ? ჩვენზე იფიქრონ..ახალმაც და ძველმა მთავრობამ’’
რეალობაში მოგზაურობისას იმედის ყველა კარი უნდა დაკეტო,როცა ხედავ ამდენ გაჭირვებულ ადამიანს,ძნელია მათ ესაუბრო მომავალზე. ჩვენ კი არ გვინდა აწმყოთი ცხოვრება. წარსულს მივსტირით და ვოცნებობთ ნათელ დღეებზე.მრევლი მარხულობს, არ ჭამს ხორცს, ეს ყველაფერი კი ქრისტეს გზა ჰგონიათ ,მაშინ როცა პატარა ლუკმის გაყოფა ენანებათ გაჭირვებულთათვის. შეიძლება ეს ის ხალხია ,რომელთაც იესო გოლგოთაზე გაასამართლეს; სოფლის ერთ ეზოში შესვლისას დავინახეთ,ორი პატარა ბავშვი,რომლებთაც კამერის დანახვა ძალიან გაუხარდათ და მხიარულად გვიპასუხეს რამდენიმე შეკითხვაზე:
სოფელში ბევრნი ხართ ბავშვები და რითი ერთობით?
-კი ვართ. ბურთს ვთამაშობთ,გოგოები სხვა რაღაცეებს. ჩვენ სტადიონი არ გვაქვს. გვინდა გაგვიკეთონ.სკოლაში დავდივართ, კარგად ვსწავლობთ.
ალბათ პატარებს შერცხვათ იმის თქმა,რომ მათი სკოლის ფანჯრები ჩამტვრეულია,არც გათბობა აქვთ და გაუსაძლის პირობებში უწევთ განათლების მიღება. ამას ვინღა ჩივის , არსებობს სოფლები,სადაც სკოლები ძველ მაღაზიებსა და ბოსელებშია გახსნილი. სამაგიეროდ მინისტრის შვილი მილანიდან პარიზში დადის სასწავლებლებში.

კიდე არაფერი გინდათ? კინოთეატრი არ გინდათ სოფელში რომ იყოს?!
-კი, ძალიან გვინდა...
დასასრულს კი გავიხსენოთ გენიალური ფილმი ‘’მონანიება’’, ფილმის დასასრული და უკვდავი შეკითხვა - ეს გზა ღვთისმშობლის ტაძართან არ მიმიყვანს?!
პასუხი კი კვლავ უცვლელია - ეს ვარლამის გზაა,ეს გზა ტაძართან არ მიგიყვანს.
ვარლამი კი დღევანდელი საქართველო.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG