Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ავტორი: კაიაფა

... 3 თვის განმავლობაში ბერლინში არაერთხელ ვნახე საცხოვრებელი კორპუსის წინ მდგარი ან პირდაპირ ფანჯრიდან გადმოგდებული ტელევიზორი, როგორც უსარგებლო, მეტიც, მავნებელი ნივთი. მაშინ დავფიქრდი იმაზე, რომ დღეს საქართველოში ერთადერთ ლეგალიზებულ და მთავარ ნარკოტიკად ტელევიზორია ქცეული. დღეს ქართველთა დიდი უმეტესობა ისეა ტელევიზორზე დამოკიდებული, რომ “ლომკის მოხსნა” ძალიან მძიმე პროცესი იქნება. და თუ ჯერ კიდევ არის შანსი, თუ არ გვინდა, რომ საბოლოოდ ტელეღიპუცებად ვიქცეთ, იქნებ მოვიკრიფოთ ძალა და “გადავაგდოთ ლომკა”, გადავაგდოთ ტელევიზორი...
ზაზა ბურჭულაძე



მაშ, ტელევიზორი გადავაგდოთ?!. ფანჯრიდანა?!.

რათა, ზაზა, რათა?!. რას გვემართლები ამისთანასა?!.

ჯერ სამაგისო რა შევიძინეთ, რომ გავიმეტოთ ძვირად ნაყიდი?!.
ჰოდა, გეკითხები, მე შენი ეს მოწოდება, ვთქვათ და, ავიტაცე კვანტალიანის ვარდენივითა, წინასწარ ფართოდ გამოღებულ ფანჯრიდან/გაგანია ზამთარი მაინც არ იყოს/, გადავაგდე გამეტებითა, დაეცა, არხეინად რა სათქმელია, დარდიანად მიმავლ საშუალო–სტატისტიკურ მოქალაქესა ამდენი დარდებითა და ფიქრებით გაპენტილ თავშიდა.

შენთან გამოვაგზავნო მერე დაკოპებული, მე რა შუაში ვარ, ზაზამ ისროლა იდეურ–იდეოლოგიური მოწოდება, მე მხოლოდ ტელევიზორი ვისროლე–თქვა?!.

ანდა, ასევე დარდიანად მიცუხცუხე, ბოდიში და, მაწანწალა, ძაღლს რომ დაეცეს, რას ეუბნები საცოდავსა?!/ეეჰ, ეს ჩვენი ჰუმანისტები – მერე, რამდენი ხართ, რამდენი! – თითო თითო უსახლკარო ძაღლსა, კატასა, კაცსა – მერე, რამდენი არიან, რამდენი! – რომ შეიფარებდეთ, გაუყოფდეთ ჭერსა, ლუკმასა.../

სულაც, მხიარულად მიმავალ პატრულის მანქანასა, მერე?!. ტანში მცრის და ძვლებში მტეხავს იმ „მერეს„ წარმოდგენაზედა...

კაი, ბატონო, დაგიჯერეთ და გადმოვყარეთ, მერე, შენ გვიყიდი სამაგიერო რამესა?! ველოსიპედი ვერ გვიყიდია, რო მოგვგიწოდა ხალხსა ყოფილმა მიშამა, ველოსიპედებზე გადაჯექითო. ნახე, ხომ?! – თვითონ რა ყოჩაღად და მოხერხებულად იყი გადამჯდარი ქვეყანასა, ესე იგი, ველოსიპედსა და დაქროდა და დაქრის...

ვთქვათ და, არ გვიყიდე, მერე რა ვქნათ?! რა ვაკეთოთ?! ამაზე თუ გიფიქრია?!

რადიოს ვუსმინოთ?!.

რავა, მაგი არაა გადასაგდები?!.

წიგნები ვიკითხოთ?!.

გვარებს არ დავასახელებ და, მაგენი არაა გადასაყრელი?!.

მოკლედ, მაინტერესებს, მართლა რომ გადავყაროთ, რას შობით მერე ეს მომწოდებლები?!.

დაკვირვებულ–გაკვირვებული ვარ, ყველგან – ტელევიზორიდან რო არ გამოდიან, ის ხალხი მოუწოდებს სწორედ, არ უყუროთ, გადააგდეთ ტელევიზორიო!..

გამოუცხადეთ, ბატონო, ბოიკოტი, ფეხი აღარ შედგათ მაგ დასაწვავში, მოაწყვეთ ერთი კაი, რა ჰქვია, პერფომანსი სახლებთანა, გადმოყარეთ ეგ საზიზღარი, რა ჰქვია, პლაზმური ტელევიზორები, აგვიყვანეთ მერე, დაგვსხით უხვად, მამაპაპურად გაწყობილ სუფრაზედა და მე ვიყო ტელესახე, თუ გამეტებითა, თავდადებითა, ჭიქითა, ბაკლითა, ყანწითა, ლამპიშუშითა, ტუფლითა, ლეპტოპითა არ გამოვუცხადო სიყვარული, ერთგულებაი, თავდადებაი ტანჯულ, გვემულ, ჯვარცმულ, გაწეწილ–გაგლეჯილ, დაცემულ–დამცრობილ, მაგრამ დიად, უკვდავ, მაღალ, დაუმარცხებელ და ა.შ. მამულსა, თავისუფალსა და დამოუკიდებელსა საშინელი ტელევიზორის ყუთისგანა!..

მერე, რა ღვინოები, უკაცრავად, ვისკები და ანტრეკოტები იცით, თურმე, რა ტოსტები!..

დაიძახეთ, თქვე დისკურსიულებო, გვცოდნია, გვცოდნია, ამოდით, ამოდით, ჩაგაცეცხლებთო!..

ვინც არ ამოვიდეს და მერე მაგ სამივე, გერმანიიდან გამოყოლილი ტელევიზორის/მაშ, სამი თვეი, კაცოო?! იქ საიდან მოხვდი, შე, მარიფათიანო, ჰაა?! რამ გაგაძლებინა, რამ გადაგატანინა, ჰაა?! ვინ იცის, როგორ გენატრებოდა, ბოდიში, გენოს, ტალ, ტალგიებოდა მშობლიური კუპატები, ხინკლები, გოზინაყი, ხარჩო, ხაშლამა, მაწონი, ხაჭაპური და ა.შ. ვინ იცის, დაშნაპსულსა რამდენჯერ მწარედ გაგხსენებია ლაღიძის წყლები!../გადმოგდებაშიც არ მოგეხმაროს...

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG