ავტორი: მარიამ ტაკიძე
-დედა მე მარშუტკისტი უნდა გამოვიდე
- საიდან მოიტანე ეს „მარშუტკისტობა“, მეტი ვერაფერი მოიფიქრე?
-რატო დეე, მარშუტკისტობა კარგი პროფესიაა. ყვითელ მარშუტკას ატარებ, თან ბევრი ფულიც გაქვს.
მარშუტკისტობა, მასწავლებლობა, ექიმობა თუ პრეზიდენტობა ეს მხოლოდ ბავშვური ოცნებები და ფიქრებია. ფაქტის წინაშე სანამ დავდგებით და სანამ ავირჩევთ მომავალ პროფესიას, რიგ გადამზადებებს გავივლით. გადამზადებებს ოჯახში, სკოლაში და ზოგადად ჩვენს კონკრეტულ სოციალურ გარემოში. ბოლოს ყველა არა, მაგრამ უმეტესობა მაინც იურიდიულზე, ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე, ეკონომიურზე თუ ფინანსებზე ჩააბარებს, რამდენიმე “რჩეული“ კი მაინც არ შეიცვლის გადწყვეტილებას და სამედიცინოზე ჩააბარებს, თუმცა რამდენიმე წელში ინანებს -რატომ ჩავაბარე სამედიცინოზე, თან საქართველოშიო.
რატომ ვთქვით ბავშვურ ოცნებებზე უარი? -იმიტომ რომ გავიზარდეთ, გავიზარდეთ და დავრწმუნდით ან დაგვარწმუნეს რომ მარშუტკისტობა ასეთი პროფესია არ არსებობს, მარშუტკისტობა იგივე მძღოლობაა, მძღოლობა კი არაპრესტიჟული სამუშაოა, დაბალი ხელფასით, დაბალ სოციალურ ფენაზე მიკუთვნებულობით, თუმცა შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ უკანასკნელ ვარიანტად მაინც განვიხილოთ. მასწავლებლობანაც ასევე ერთგვარი ბავშვური თამაში იყო, რომელიც ბავშვობაში უნდა დარჩეს, რადგანაც საქართველოში ეს პროფესია ასევე არ არის პრესტიჟული, არც დიდი შემოსავალი აქვს მასწავლებელს და ასევე დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენლებთან ასოცირდება. პრეზიდენტობა, ახლა ალბათ უკვე პრემიერ-მინისტრობაც, კი რა თქმა უნდა, ძალიან პრესტიჟულია, მაგრამ რატომღაც ასევე საზოგადოება გვარწმუნებს, რომ ეს თანამდებობები მხოლოდ რჩეულთათვის არის და უბრალო მოკვდავმა ამ ადგილზე არ უნდა იფიქროს. ექიმობა, განსაკუთრებით კი პედიატრობა ასევე ბავშვური ოცნება და თამაშია. რა თქმა უნდა, ექიმობა პრესტიჟულია, მაგრამ ძალიან დიდი ხანი რომ უნდა ისწავლო?
გამოდის რომ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ჩვენს მომავალთან დაკავშირებით ვიღებთ არა დამოუკიდებლად, ან შეიძლება გვეგონოს დამოუკიდებლად, მაგრამ ვითვალისწინებთ მთელ რიგ მოთხოვნებს, ნორმებს, რომლებსაც საზოგადოება გვთავაზობს/ გვიყენებს. არ ვითვალისწინებთ პირად ინტერესებს, პირად უნარ-ჩვევებს, ანგარიშს ვუწევთ მშობლებს, ნათესავებს, მეზობლებს და შედეგად რას ვიღებთ? - სულ რამდენიმე თვეში გვბეზრდება სწავლა, იმიტომ რომ არ გვაინტერესებს, არ მოგვწონს რასაც ვსწავლობთ, აღარ დავდივართ უნვერსიტეტში და ვიწყებთ თუნდაც დაბალანაზღაურებადი სამსახურების მოძიებას. ანუ ჩვენ თვითონ ვიწესებთ საზღვრებს, აღარ ვფიქრობთ განათლებაზე, განვითარებაზე, ვკარგავთ თავდაჯერებულობას და გვგონია რომ კონკრეტულად იმ პროფესიამ თუ არ დაგვაინტერესა, რაც შემოგვთავაზეს, არაფერი აღარ დაგვაინტერესებს.
ლევან ბერძენიშვილმა (ფილოლოგი, პოლიტიკოსი) ერთ-ერთ ინტერვიუში შემდეგი რაღაც თქვა:
-„თუ ახალგაზრდა კაცი ბანკში მუშაობაზე ფიქრობს, ის ქვეყანა დაინგრევა, რადგან ახალგაზრდა კაცი უნდა ფიქრობდეს, რომ მსოფლიოს გადაატრიალებს, მიიღებს ნობელის პრემიას და იქნება მილიარდერი და არა - იმუშავებს ბანკში და ექნება 1500 ლარი. ეს მკლვს.“
იმისთვის რომ ახალგაზრდებმა მსოფლიოს გადატრიალებაზე იფიქრონ, თავისუფლება და თავდაჯერებულობა სჭირდებათ, რისი მიღწევაც შეუძლებელია საზოგადოებაში, სადაც სულ რაღაც 5-6 წლის ასაკში უკრძალავ ბავშვს მარშუტკისტობაზე ოცნებას და უკვე განსაზღვრული გაქვს მისი მომავალი, სადაც ახალგაზრდას განიხილავ არა როგორც დამოუკიდებელ ინდივიდს, არამედ როგორც გარკვეული სოციალური ჯგუფის ნაწილს და კუთვნილებას. ამგვარად საზოგადოება კარგავს ინდივიდს, რამდენიმე ინდივიდს, რომლებიც თაობას ქმნიან. საერთო ჯამში კი გამოვა, რომ საზოგადოებამ დაკარგა თაობა და არა ინდივიდი. თაობა, რომელსაც შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი როლი ეთამაშა ქვეყნის განვითარებაში. ჩემი აზრით, სწორედ ეს კლავს, წინასწარ განსაზღვრული მომავალი კლავს, არჩევანის გარეშე დარჩენა კლავს და რაც მთავარია, საზოგადოება კლავს, რომელიც არ გენდობა და არ გიტოვებს არჩევანს.