Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროპელერიანი პრეზიდენტი


ავტორი: ნათია ბერსენაძე

საქართველოში ხატია ბუნიათაშვილის კლიპის გადაღების გამო სახელმწიფო სიმბოლიკა ერთი დღით შეიცვალა. 9 ნოემბერს პრეზიდენტის სასახლის გუმბათზე გულებიანი დროშა გამოფინეს. სწორედ ამ ფაქტმა დამაწერინა ეს ბლოგი 11 ნოემბერს.


როდესაც ასტრიდ ლინდგრენმა მსოფლიოში ყველაზე ეგოისტი, ზომიერად ფერხორციანი და მოწიფული მამაკაცი გაგვაცნო, ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ სახურავის ბინადარ კარლსონს ნახევარი საუკუნის შემდეგ რეალური პროტოტიპი გამოუჩნდებოდა. მეტიც, ის გახდებოდა სახელმწიფოს მეთაური, რომელიც თავისი ელვარე პოლიტიკური ნიჭის გამოვლენას სწორედაც რომ სახურავებიდან დაიწყებდა.

2002 წელს საკრებულოს თავმჯდომარის პოსტის დაკავების შემდეგ სააკაშვილმა დედაქალაქის განვითარების ერთ-ერთ პრიორიტეტად საცხოვრებელი სახლების სახურავების შეკეთება გამოაცხადა. საინფორმაციო გამოშვებებში ხშირად ვხედავდით სახურავებზე მორბენალ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც მიმდინარე სამუშაოებს აკვირიდებოდა ან თავად ასწორებდა მორღვეულ თუნუქს. შემდეგ კი საკრებულოს სხდომებზე გადაუხურავი სახურავებისა და ლიფტების შეკეთებაზე მონოპოლიის არსებობის გამო ჩხუბობდა და ამ პრობლემებზე დაწერილ სტატიებს აფრიალებდა.

სახურავებისადმი ლტოლვა არც მომდევნო წლებში განელებია. 2006 წელს ბათუმში ყველა სახლის კრამიტით გადახურვა დაისახა მიზნად და პირველი სახლის გადახურვაშიც თავად მიიღო მონაწილეობა. რაც მთავარია, პირველი კრამიტი პრეზიდენტს ბავშვებმა მიაწოდეს.

სახურავებზე სირბილი, საკუთარი თუ სხვისი ბავშვების გარემოცვაში ხშირად გამოჩენა, ღრუბელ-ღრუბელ მოულოდნელი გადაფრენ-გადმოფრენა მუდმივად მახსენებდა კარლსონის ფრაზას რუსული მულტფილმიდან: Я мужчина хоть куда! В полном расцвете сил.

მას კარლსონივით უყვარდა ყველა მისიანი, ანუ „ბიჭუნა“ და ემტერებოდა „ბიჭუნას“ „შინამტანჯველს“ (ასე უწოდებდა კარლსონი ბიჭუნას ძიძას). ჩვენი კარლსონის შემთხვევაში „ბიჭუნა“ „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეებია, „შინამტანჯველი“ კი - დანარჩენი საქართველო. ჩვენი „ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდები“ პრეზიდენტი ისევე აშინებდა და ემაიმუნებოდა დანარჩენ საქართველოს, როგორც ლინდგრენის კარლსონი, ბიჭუნას „შინამტანჯველს“ ფრეკენ ბოკს.

პრეზიდენტის კარლსონად აღქმის გრძნობა განსაკუთრებით მაშინ გამიმძაფრდა, როდესაც მესტია-ჭუბერისა და ანაკლიის განვითარების გეგმის პრეზენტაციაზე სააკაშვილი მთავრობის წევრების წინაშე მწვანე კომბინეზონით წარდგა. ის იდგა დიდ, გაშლილ რუკასთან, ხელში გრძელი ჯოხი ეკავა და მინისტრებს სრული სერიოზულობით დავალებებს აძლევდა. ვუყურებდი და ვფიქრობდი, ისე არაფერი დაამშვენებდა მის ორიგინალურ გამოსვლას, როგორც ზურგსუკან ახმაურებული პროპელერის ფრთების ხმა და მიშას ანცი აფრენ-დაფრენა. კადრებში ჩანდა, როგორ იკავებდა სიცილს მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური. ალბათ, ერთი სული ჰქონდა, მარტო დარჩენილიყო და გულიანად ეხარხარა. მე კი, პირდაპირი ეთერის ყურებისას, რომელიც ყველა მთავარმა არხმა გადმოსცა, სააკაშვილის ლაპარაკიდან მხოლოდ ეს აზრი გამომქონდა: „О, я самый больной в мире человек“; „Но ведь я же еще италантливый!“ ან „По телевизору показывают жуликов... Ну чем я хуже?!“

მაშინ სააკაშვილის მწვანე კომბინეზონი სოციალურ ქსელში და ფორუმებზე სახუმარო თემად იქცა. კომპიუტერული თამაშის გმირს, მარიოსაც კი შეადარეს, მაგრამ ჩემთვის ის მაინც კარლოსანად რჩებოდა, რომელიც კრიტიკოსებისთვის იყო აბეზარი, ეგოისტი, მატყუარა, ინფანტილური მოწიფული მამაკაცი, რომელიც თავის გარშემო ყველაფერს აფუჭებდა. თავისიანებისთვის კი იყო ჭკვიანი, სიმპატიური, ნიჭიერი და კეთილი პერსონაჟი, რომელიც ხან გაფრინდებოდა და ხან მოფრინდებოდა და კარლსონივით მოურიდებლად გაიქანებდა ხოლმე პირში ყველანაირ სასუსნავს.

მოგვიანებით, სააკაშვილმა სახურავებისადმი კეთილგანწყობა და მწვანე ფერის სიყვარული ბაგრატის ტაძრის რესტავრაციის დროს გააერთიანა - ბაგრატის ტაძარი მწვანე ფერის სახურავით გადაახურინა, რის გამოც ხელოვნებათმცოდნეებმა მწვავედ გააკრიტიკეს. ქვეყნის პირველმა პირმა სტრასბურგში ევროპის საბჭოს შენობაში თანამედროვე ქართული არქიტექტურის გამოფენის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა: "რეაბილიტაციამდე არქეოლოგებმა ბაგრატის ტაძრის ეზოში აღმოაჩინეს ამ ტაძრის სახურავის ნამსხვრევები, რომელიც ზუსტად ამ ფერის იყო, მწვანე. მერე აღმოჩნდა, რომ უმეტეს ეკლესიებს სახურავების რა ფერებიც აქვთ, ეს იყო საბჭოთა დროს გაკეთებეული. გვეუბნებიან, როგორც იყო საბჭოთა დროს ეს არის ქართული ტრადიციაო. ამბობენ, რომ სააკაშვილმა გააკეთა მწვანე სახურავი და დაანგრია ტრადიციაო და საბჭოთა კავშირმა რაც გააკეთა, ის იყო ქართული ტრადიციაო. არ ვეთანხმები მე ამას. რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ, ბაგრატი რატომ აღადგინაო, მე ამით მაინც ვამაყობ".

კარლსონის პეწიც ის არის, რომ გულმხურვალედ ლაპარაკი სჩვენია. თან, ვერ გაიგებ, როდის ამბობს სიმართლეს და როდის - არა, მაგრამ ყველაფერს, რასაც ამბობს ან აკეთებს, თავადვე სჯერა და ცდილობს გამონაგონი ისტორიები სხვებსაც დააჯეროს.

სხვათა შორის, სამშობლოში, შვედეთში ძალიან არ უყვართ კარლსონი, ცუდი ტიპიაო. ამერიკელების აღმზრდელობითი მიდგომა კი ასეთია: ბავშვებს ტყუილებსა და ძიძებისადმი დაუმორჩილებლობას ასწავლისო. სულ არ გახსენებია თანამემამულეების აზრი ამერიკელ სუპერვარსკვლავს შერონ სტოუნს, როდესაც ავლაბრის რეზიდენციის სახურავზე ასვლისას ჩვენებური კარლსონის ოინბაზობაზე ჯერ დაფრთხა, შიშის გადალახვისთანავე გულიანად იცინა, შემდეგ კი პრეზიდენტს თავზე პატარა ბიჭივით მოეფერა.

მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დასასრულს სახურავი კვლავ ყურადღების ცენტრში მოექცა - რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტის სასახლის გუმბათზე გულებიანი დროშა შენიშნეს, სწორედ ის დროშა, საპრეზიდენტო არჩევნების წინ გამართულ „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე პარტიის ახალ დროშად რომ წარმოადგინეს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი კანდელაკმა დაგვამშვიდა, ეს მხოლოდ და მხოლოდ შემრიგებლური სიგნალიაო. ჟრიამულის ატეხვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ სააკაშვილი გაფრენილიყო. რეზიდენციაში დარჩენილ ბიჭუნას ანდრო ბარნოვს კი გამოსამშვიდობებელი კლიპის გადასაღებად გულებიანი დროშა გამოეფინა.

„Он улетел, но обещал вернуться!“ - კარლსონზე შეყვარებული ბიჭუნაც და „ნაციონალური მოძრაობის“ გულშემატკივრებიც ამ იმედით შეჰყურებენ მომავალს. აკი, განაცხადა კიდეც მანანა მანჯგალაძემ ბოლო ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერის რანგში: „გულუბრყვილობაა იფიქრო, რომ მიშამ თავისი პოლიტიკური კარიერა დაასრულა“. კარლსონი ერთხელ ბრუნდება ბიჭუნასთან. ჩვენი პროპელერიანი პრეზიდენტი თუ შეძლებს დაბრუნებას?

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG