Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უმიზნოება+უიმედობა+უპერპექტივობა = უსაქმურობა


ავტორი: ნიკა ნანობაშვილი

ჭეშმარიტება ნომერი პირველი - უმიზნოების, უიმედობის და უპერსპექტივობის კომბინაციას მივყავართ უსაქმურობამდე. უსაქმურობა ნამდვილად კარგი გამოგონებაა, ვერაფერს იტყვი. გაქვს უამრავი დრო ფიქრისთვის, მაგრამ პრობლემას ადამიანის ტვინი წარმოადგენს, რომელიც გოგლი-მოგლს გავს და რისკენ გიბიძგებს ღმერთმა იცის, რომელმაც სხვათაშორის სამყარო შექმნა. „იყო ბნელი და გახდა ნათელი“. გოგლი-მოგლი მიყვარდა ბავშვობაში, თუმცა ამ ბოლო დროს, რაც ტვინის მეტაფორად გამოვიყენე აღარ მომწონს, როგორი წარმოსადგენია გოგლი-მოგლი ტვინისგან ?! ვფიქრობ, გემრიელი არ იქნება, იმიტომ რომ არ მიყვარს ტვინის ჭამა, არც პირდაპირი მნიშვნელობით და არც ირიბად.

ჰო, დავუბრუნდები უმიზნოებას. უსაქმურობისგან განსხვავებით, უმიზნეობა ვერაა მთლად კაი გამოგონება. თუმცა შეიძლება ყველაზე ღრმა ჭეშმარიტების საგანს წარმოადგენდეს. სიზიფს გავიხსნებ, თუ მეტიჩრობაში არ ჩამითვლით. რა თქმა უნდა ვითრგუნები იმის გამო, რომ კითხვა საკმაოდ გვიან დავიწყე და წინ წიგნების უსასრულობას ვხედავ, რომელიც წასაკითხი მაქვს, თუმცა სიზიფეს გაცნობის შანსი პირდაპირ მონიტორიდან მივიღე, რაზეც უარი არ მითქვამს და მივიღე ისე, როგორც მივიღებდი ბურთს მკერდზე, დავამუშავებდი და შემდეგ გავცემდი. მაგრამ პასების მიცემა დიდად არ მიყვარს მანამ, სანამ ბოლომდე არ დავრწმუნდები, რომ ზუსტ პასს გავაკეთებ. ამიტომ, როცა ჩავთვლი რომ სიზიფე და უმიზნოების თეორია კარგად შევისწავლე საგოლე პასსაც მერე გავაკეთებ. ახლა უბრალოდ მოკლე პასებით შემოვიფარგლები. მოკლედ, ჩემს ენაზე, სიზიფე ერთი ჯიუტი კაცია, რომელმაც იცის, იმ წყეულ ქვას ვერ აათრევს იმავე წყეულ აღმართზე, თუმცა არ ეშვება, არ ეშვება და არ იცის რატომ, არც ის იცის, რომ აათრიოს მერე რა... ალბათ ამით საკუთარ სიჯიუტეს გაამართლებს. სიზიფს რა უჭირს?! მითი მაინცაა, მაგრამ რა ვქნა მე?! სიზიფზე უარესს რომ ვაკეთებ. ის მაინც გამაგებინა სად ჯანადბაში მივათრევ და რას, მაგრამ მე ალბათ მხოლოდ დროს მივათრევ, მეტს არაფერს. ახლა ჩემდაუნებურად საქმე გავირთულე, დროს რად უნდა თრევა?! ალბათ უფრო სწორი იქნება, რომ ვთქვა, დრო მათრევს მე. მგონია, რომ ისარზე ვზივარ და იქიდან ხელს ვუქნევ საათის ციფრებს. ოღონდ ვზივარ წამზომ ისარზე და ყველა დაკარგულ წამს ბოლომდე ვაცნობიერებ. ვიცი, ყოველი უკან მოტოვებული წამი საბოლოოდ „ბიგ ბენის“ საათს გაუტოლდება თავისი სიდიდით, თუმცა აქ უკვე უძლურება ერთვება საქმეში, უმიზნოებას რომ თავი დავანებო. მაგრამ ვიტოვებ იმედს, (იმედის თქმას ბოლო დროს ვერიდები, უხერხულ მდგომარეობაში მაგდებს, თუმცა მეორეს მხრივ მეღიმება.) რომ დავიღლები ამ საათის ისარზე ჯდომით და ჩამოვხტები, ან ისარი რამდენს გაუძლებს ახლა, მაგასაც ჰქონია თავისი წონა, თურმე. თანაც არ არის მთლად ლამაზი იჯდე ამ საათის ისარზე და უფასოდ შეიგრძნო ადრენალინი, როგორ ეშმაკის ბორბალზე. ასე რომ გადაწყვეტილი საქმეა, ოდესმე აუცილებლად ჩამოვხტები, მადლობელი ვიქნები ამაში თავის წვლილს ცხოვრებაც თუ შეიტანს.

იმედია კიდევ მომაფიქრდება რამე, არა კი მქონდა მოფიქრებული, მარა Depeche Mode -ს რა ვუთხარი, გამიფანტა გონება. აწი გავითვალისწინებ, დეპეშ მოუდს დებილობის წერის დროს არ ჩავრთავ, არ უხდება დებილობას. ისე რა მაგრები არიან როგორ თქვეს Enjoy the silence-ო, მე მგონი მე მითხრეს პირადად, კაი ჰო, ცოტათი ეგოისტი ვარ. რაღაცეებს ისე ვიღებ თითქოს მარტო მე მეკუთვნოდეს, რაღაცეებს რა... რაც მიყვარს, სხვათაშორის ბევრი ვინმე და რამე მიყვარს. ახლა ბარემ დავწერ, რომ სამყარო წარმომიდგენია მარტივად. მარტივია, როგორც რთული შედგენილი წინადადება, შეიძლება გამოუცდელობის გამო შედგენა გაგიჭირდეს, თუმცა ამას პრაქტიკაში გამოიმუშავებ და მიხვდები, რა მარტივი ყოფილა, თურმე. რთულ წინადადებაში ყველა სიტყვას საკუთარი ადგილი და მნიშვნელობა აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში დალაგებულ წინადადებას ვერ მიიღებ. ცხოვრებაც ასეა, ნამეტანი თუ არ დავაკნინე მისი ფასეულობა, თუმცა ეს მხოლოდ შედარებაა და მეტი განჭვრეტადობისთვის არამგონია, ცუდი იყოს. ცხოვრება იმაზე მარტივია, ვიდრე უმრავლესობას წარმოუდგენია. ჩემთვის მთავარი სასიცოცხლო სტიმული ყოველდღიური ურთიერთობებია, ყველა წვრილმანი, რისგანაც ჩემი აზრით, უნდა ვიღებდეთ სიამოვნებას თუ უსიამოვნებას და არც ერთი ფაქტის გაუფასურება არ უნდა მოვახდინოთ. აქვე დავამატებ, რადგან კავშირშია, ნიჰილიზმი არაა კაი გამოგონება, ღმერთმანი. ახლა ნამეტანი რო არ გადავეშვა დავუსვამ წერტილს ამ რაღაცას. მე თვითონაც არ ვიცი, სხვას რომ ებოდიალა რას ვიტყოდი, მაგრამ ალბათ მაინც გამეღიმებოდა რაღაცეებზე. ჰოო და კიდევ მინდოდა ცოტა ღრმად დამეწერა რაღაცეები მაგრამ პასუხი დეპეშ მოუდს მოთხოვეთ აზრები რომ გამიფანტა.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG