Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახეთში ენერგოდისტრიბუციისთვის ავანსად ჩარიცხული ფულის უკან დაბრუნებას ითხოვენ


ლაგოდეხი
ლაგოდეხი

კახეთში მოსახლეობის ნაწილი ს/ს კახეთის ენერგოდისტრიბუციისთვის ავანსად გადახდილ თანხებს უკან ვეღარ იბრუნებს. გაკოტრების რეჟიმში მყოფი ენერგოდისტრიბუცია რამდენიმე თვის წინ „ენერგო პრო ჯორიამ“ იყიდა, თუმცა „ენერგო პრო“ ამბობს, რომ მოსახლეობის მიერ წინასწარ გადახდილი თანხები მათ ანგარიშებზე არ ასახულა და, შესაბამისად, უკანაც ვერაფერს დააბრუნებენ. საქმის შესწავლა დაიწყო მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა. მოსახლეობა აპირებს სასამართლოს მიმართოს.

კახეთში ენერგოდისტრიბუციისთვის ავანსად გადახდილ თანხებს ვეღარ იბრუნებენ

  • გაკოტრების რეჟიმში მომუშავე კახეთის ენერგოდისტრიბუცია რამდენიმე თვის წინ „ენერგო პრო ჯორჯიამ“ იყიდა.
  • „ენერგო პრო“ ამბობს, რომ მოსახლეობის მიერ წინასწარ გადახდილი თანხები მათ ანგარიშებზე არ ასახულა.
  • მომხდარს უკვე სწავლობს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის წარმომადგენელი კახეთში.
  • საკუთარი უფლებების დასაცავად მოსახლეობა აპირებს სასამართლოს მიმართოს.

წლების განმავლობაში გაკოტრების რეჟიმში მომუშავე კახეთის ენერგოდისტრიბუცია რამდენიმე თვის წინ „ენერგო პრო ჯორჯიამ“ იყიდა. ირკვევა, რომ რეგიონში მოსახლეობის ნაწილს - ჯერ კიდევ მაშინ, როცა ენერგომომარაგებაზე პასუხისმგებელი კახეთის ენერგოდისტრიბუცია იყო - ელექტროენერგიის გადასახადი ავანსად, წინასწარ ჰქონდა გადახდილი, ახალი კომპანია კი ამბობს, რომ ისინი წინასწარ გადახდილ თანხებს უკან ვერ დააბრუნებენ, რადგან კახეთის ენერგოდისტრიბუციის ყიდვის დროს მსგავსი ვალდებულება არ აუღიათ. წინასწარ გადახდილი 80 ლარამდე თანხის დაბრუნებას ითხოვს ვაჟა ბერიძიშვილი. ამბობს, რომ „ენერგო პრო ჯორჯიას“ წერილობით რამდენჯერმე მიმართა, თუმცა უშედეგოდ:

„პასუხი ვერ მივიღე. თანხა, 78 ლარი, დაკარგულად მიმაჩნია, რადგან დღემდე პასუხი არავისგან არ მომსვლია. ინკასატორები მე ერთი დღეც არ მპატიობენ გადასახადს - მაფრთხილებენ, თუ არ გადავიხდი თანხას, ჩამიჭრიან დენს. სად არის ჩემი ფული, ამაზე არავინ არაფერს ამბობს“.

თითქმის 1000 ლარის უკან დაბრუნებას ითხოვს ლაგოდეხში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია - საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია. ორგანიზაციის წარმომადგენლის, თამარ მუმლაძის, თქმით, ის წლების განმავლობაში კომპანიის მიერ მითითებულ ანგარიშზე თანხას წინასწარ რიცხავდა, თუმცა მას შემდეგ, რაც კახეთის ენერგოდისტრიბუცია „ენერგო პრო ჯორჯიამ“ შეისყიდა, ავანსად ჩარიცხული თანხები აბონენტის ანგარიშზე აღარ ფიქსირდება:

„ჩვენ „ენერგო პროს“ მივმართეთ ოფიციალური განცხადებით, რომ ჩვენ მიერ წინასწარ გადახდილი 935 ლარი ასახულიყო ჩვენსავე სააბონენტო ანგარიშზე . სამწუხაროდ, თანხის ასახვა არ მოხდა. პასუხად „ენერგო პრო ჯორჯიასგან“ მივიღეთ წერილი, სადაც ნათქვამია, რომ ჩვენ მიერ წინსწრებით გადახდილი თანხა არ აისახება აბონენტის ანგარიშზე“.

თელავი
თელავი

მოქალაქეების განცხადებების საფუძველზე, მომხდარს უკვე სწავლობს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის წარმომადგენელი კახეთში სოფიო აივაზაშვილი. მისი თქმით, წერილით და რეკომენდაციებით „ენერგო პრო ჯორჯიას“ უკვე მიმართა.

„’ენერგო პრო ჯორჯიასთან’ გვაქვს რეკომენდაცია, რაც შეიძლება დროულად განიხილონ აღნიშნული საკითხი, იმიტომ რომ უკვე ექვსი თვეა თითქმის გასული, რაც მის მფლობელობაშია კომპანია. მათ ასევე უნდა გაითვალისწინონ მოქალაქეთა მდგომარეობა, იმიტომ რომ დიდ თანხებზეა ლაპარაკი“.

„ენერგო პრო ჯორჯიაში“ აბონენტების ბრალდებებს პასუხობენ. კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი კახეთში ჟანა დიდებაშვილი ამბობს, რომ კახეთის ენერგოდისტრიბუციისთვის ავანსად ჩარიცხული თანხების გასტუმრება „ენერგო პრო ჯორჯიას“ ვალდებულებაში არ შედის. დიდებაშვილის თქმით, მოსახლეობას შეუძლია მიმართოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომპანიას ან სასამართლოს:

კახეთის ენერგოდისტრიბუცია იმყოფება გაკოტრების რეჟიმში. მას მართავს აღსრულების ეროვნული ბიურო. აბონენტებს, რომლებსაც წინსწრებით აქვთ გადახდილი, ანუ კახეთის ენერგოდისტრიბუციას მათ მიმართ გააჩნია დავალიანება, ასეთ აბონენტებს შეუძლიათ მიმართონ სემეკს ან სასამართლოს...
ჟანა დიდებაშვილი

„’ენერგო პრო ჯორჯიამ’ იყიდა კომპანიის აქტივები და არ უყიდია პასივები. ეს იმას ნიშნავს, რომ წინსწრებით გადახდილი თანხები, რომლებიც საყოფაცხოვრებო ან კომერციულმა მომხმარებლებმა გადაიხადეს, არ ასახულა „ენერგო პრო ჯორჯიას“ ანგარიშებზე და არც შემდგომში აისახება. როგორც იცით, კახეთის ენერგოდისტრიბუცია იმყოფება გაკოტრების რეჟიმში. მას მართავს აღსრულების ეროვნული ბიურო. აბონენტებს, რომლებსაც წინსწრებით აქვთ გადახდილი, ანუ კახეთის ენერგოდისტრიბუციას მათ მიმართ გააჩნია დავალიანება, ასეთ აბონენტებს შეუძლიათ მიმართონ სემეკს ან სასამართლოს“.

საკუთარი უფლებების დასაცავად მოსახლეობა აპირებს სასამართლოს მიმართოს. მოქალაქეებს დაზარალებულის სტატუსი სწორედ იმ შემთხვევაში მიენიჭებათ, თუკი სასამართლო აღიარებს, რომ ს/ს კახეთის ენერგოსდისტრიბუციას მათ მიმართ დავალიანება აქვს. ასეთ შემთხვევაში კი ავანსად გადახდილი თანხების უკან დაბრუნება აღსრულების ეროვნულ ბიუროს მოუწევს, რადგან წლების განმავლობაში გაკოტრების რეჟიმში მყოფ კახეთის ენერგოდისტრიბუციას სწორედ ეს ბიურო მართავდა.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG