Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაჭიანურებული დახმარება


გორის რაიონში პირველი თოვლი მოვიდა, ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებში კი გათბობისთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარების დარიგება ჯერ არ დაწყებულა. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების პრობლემების მოსაგვარებლად შექმნილმა დროებითმა სამთავრობო კომისიამ დაახლოებით ერთი თვის წინ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ზამთრის სეზონისთვის ადგილობრივი მოსახლეობა 200-200 ლარიან ერთჯერად დახმარებას მიიღებდა და ამ ფულით მოსახლეობა საწვავის შეძენას ან ელექტროენერგიის გადასახადის გადახდას შეძლებდა.

ამ დახმარებას გორის რაიონში დაახლოებით 7100 ოჯახი მიიღებს. სოფლების რწმუნებულებმა სიები შეადგინეს და მუნიციპალიტეტის გამგეობას გადაუგზავნეს, გამგეობამ კი საბუთები რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ასევე ფინანსთა სამინისტროში გადაგზავნა. ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებში ფინანსური დახმარების მიღებას ყოველდღე ელოდებიან. ბევრმა ხეხილის ბაღი გაჩეხა, ნაწილმა მცირე რაოდენობით შეშა უკვე შეიძინა. დიცში გაზი არ არის, ამიტომ ვინც ჯერ შეშა ვერ იყიდა, გასათბობად ელექტროენერგიას იყენებს.

უკვე დადგენილია, რომ ფინანსური დახმარების დარიგება სიებში არსებულმა ხარვეზებმა გააჭიანურა. ზოგ სოფელში გასასწორებლად სია უკან დაბრუნდა. დიცის ტერიტორიული ორგანოს მთავარი სპეციალისტი ეკა საური ამბობს, რომ ხარვეზების გამოსწორება დიდ დროს არ წაიღებს.

ფინანსური დახმარების გაცემას მიმდინარე კვირის ბოლომდე ვარაუდობს რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ქეთი ციხელაშვილი. მისი თქმით, ყველა პრობლემა უკვე მოგვარებულია და ბანკები თანხის გაცემას მალე დაიწყებენ.

გორის მუნიციპალიტეტში 10 თემის 26 სოფლის მოსახლეობა მიიღებს 200-200 ლარიან დახმარებას. ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრედ მცხოვრებნი ფულად დახმარებას ხელზე ბანკში მიიღებენ, მაგრამ სათანადო დოკუმენტზე ხელს მოაწერენ, რომ თანხას გათბობისთვის გამოიყენებენ. დახმარებას მხოლოდ ის ოჯახები მიიღებენ, რომლებიც ზამთარს სოფელში ატარებენ. ამჟამად გორის ბაზარზე ერთი სატვირთო მანქანა შეშა 700 ლარი ღირს, ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლების მცხოვრებლები კი ტყეში შეშის დასამზადებლად ვეღარ შედიან, რადგან იქ რუსეთის და დეფაქტო რესპუბლიკის სასაზღვრო უწყების წარმომადგენლები დგანან და ტყეში შესულ ადამიანებს ეგრეთ წოდებული საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით აკავებენ.
XS
SM
MD
LG