Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გალის რაიონის სოფელ სიდაში ცოლ-ქმარი მოკლეს


ენგურის ხიდი
ენგურის ხიდი

ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ სიდაში ცოლ-ქმარი - გია წურწუმია და სოფიკო შალამბერიძე - მოკლეს. როგორც რადიო თავისუფლების გალელი რესპონდენტები განმარტავენ, ცოლ-ქმარი მეზობელმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. რესპონდენტები, რომლებიც საკუთარ ვინაობას უსაფრთხოების მიზნით არ ასახელებენ, სატელეფონო საუბარში ჰყვებიან, რომ შემთხვევა 9 აპრილს, საღამოს, მოხდა:

გადმოწერა

„გუშინ საღამოს, შეღამებამდე, შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა მკვლელობა. ცოლი ადგილზე მომკვდარა და ის კაცი მეზობლებს წაუყვანიათ. გალში რომ მიჰყავდათ, ისე უთქვამს, იცოდეთ, ჩემი მკვლელი, აი, ესა და ეს კაცი არისო. თვითონ მოასწრო ლაპარაკი“;

„მეზობელს მოუკლავს. წაჩხუბებულან. ის კაცი მთვრალი ყოფილა და შეუვარდა მერე მაგათ სახლში ავტომატით და ორივე მოუკლავს. დღეს დილის ინფორმაციით, ჯერ დაკავებული არ იყო, გაიქცევა ის სადმე, დაიმალება“, - ამბობენ რესპონდენტები.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ გალის რაიონის სოფელ სიდაში მომხდარი მკვლელობის შესახებ იმაზე მეტი არაფერი იციან, რაც უკვე ცნობილი გახდა საზოგადოებისთვის.

„მოხდა მკვლელობის ფაქტი. გარდაცვლილია 1970 წელს დაბადებული გიგლა ბონდოს ძე წურწუმია მეუღლესთან ერთად. ისინი მიყენებული ჭრილობების ნიადაგზე გარდაიცვალნენ. იყო შელაპარაკება, რის შემდეგაც მოხდა ეს მკვლელობა. როგორც ამბობენ, ე.წ. აფხაზური მილიცია იკვლევს ამ ამბავს და ჯერჯერობით დამატებით ინფორმაციას არ ვფლობთ“, - განაცხადა აფხაზეთის მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ჩიკვაიძემ.

გალის რაიონის სოფელ სიდაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრო. მასში აღნიშნულია, რომ 9 აპრილს, საღამოს 19:30 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღისგან მიყენებული ჭრილობებით გალის მცხოვრები გია წურწუმია და მისი ცოლი სოფიკო შალამბერიძე ადგილობრივ რაიონულ საავადმყოფოში მოათავსეს. აქვე ვკითხულობთ, რომ სიცოცხელთან შეუთავსებელი ჭრილობებისგან ორივე გარდაიცვალა.

დე ფაქტო შს სამინისტროსავე ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით სიდას მკვიდრ დურმიშხან შამუგიას წინააღმდეგ გალის ე. წ. პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG