Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გალის შეხვედრაზე ისევ ვერ ხერხდება შეთანხმება გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის დაკავებაზე


კახაბერ ქემოკლიძე
კახაბერ ქემოკლიძე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის განცხადებით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასვენებული არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი მას არ დაუთვალიერებია. კახაბერ ქემოკლიძემ გალში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ შეხვედრის დასრულების შემდეგ ენგურის ხიდზე ჟურნალისტების საპასუხოდ განმარტა, რომ ჯერ არ შეუძლია თქვას, არის თუ არა ცხედარზე ფიზიკური ძალადობის ან წამების კვალი.

„სამწუხაროდ, ამ თემასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ვერაფერს მოგახსენებთ. შემიძლია, უბრალოდ, დაგიდასტუროთ, რომ აუცილებელია ჩატარდეს სიღრმისეული ექსპერტიზა. როგორც კი სამხარაულის ბიუროს დასკვნა დაიდება, ჩვენ შეგვეძლება მხოლოდ და მხოლოდ ამის შემდეგ გავაკეთოთ კომპეტენტური ანალიზი“, - განმარტა კახაბერ ქემოკლიძემ მას შემდეგ, რაც გალში დასრულდა რამდენიმესაათიანი შეხვედრა.

გალის შეხვედრის მონაწილე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები
გალის შეხვედრის მონაწილე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები

სუსის წარმომადგენლის ინფორმაციით, თბილისის დელეგაციის მთავარი მოთხოვნა ამჯერადაც იყო 2016 წლის მაისში საოკუპაციო ხაზთან მოკლული გიგა ოთხოზორიას მკვლელობისთვის მსჯავრდებულის დაკავება და ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება.

დღევანდელ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება ასევე დაეთმო საქართველოს იმ მოქალაქეების დაკავებას, რომელიც განხორციელდა გასული თვის განმავლობაში. ამ მიმართულებით აღსანიშნავია იური გობეჩიას საქმე. დე ფაქტო ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ეს პიროვნება არის გათავისუფლებული მოცემულ მომენტში, თუმცა იმყოფება რეგიონში...
კახაბერ ქემოკლიძე

„განსაკუთრებული ყურადღება ჩვენი მხრიდან დაეთმო გიგა ოთხოზორიას საქმეს. ამ მხრივ, სამწუხაროდ, არსებითად მოცემულობა არ შეცვლილა. დე ფაქტო ხელისუფლებას არ აქვს პოლიტიკური მზაობა, რომ მოხდეს მკვლელობაში მსჯავრდებული პირის, კანჯი-ოღლის, დაკავება, რაც არის ცალსახად ძალიან დიდი პრობლემა და ამ მიმართულებით მუშაობა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს“, - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ.

მისი თქმით, დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაადასტურეს გავრცელებული ინფორმაცია მარტში დაკავებული ფოთის მკვიდრის, იური გობეჩიას, გათავისუფლების შესახებ. დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 7 მარტს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ფოთის მკვიდრი ოკუპირებულ გალის რაიონში ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.

კახაბერ ქემოკლიძის ინფორმაციით, ამ დრომდე უკანონო პატიმრობაში რჩებიან იმავე ბრალდებით ენგურის ხიდთან თებერვალსა და მარტში დაკავებული ზუგდიდის მცხოვრებლები - მალხაზ წურწუმია და გიორგი ზარანდია.

„დღევანდელ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება ასევე დაეთმო საქართველოს იმ მოქალაქეების დაკავებას, რომელიც განხორციელდა გასული თვის განმავლობაში. ამ მიმართულებით აღსანიშნავია იური გობეჩიას საქმე. დე ფაქტო ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ეს პიროვნება არის გათავისუფლებული მოცემულ მომენტში, თუმცა იმყოფება რეგიონში. ყველა დანარჩენ დაკავებულებთან დაკავშირებით ითქვა, რომ ისინი იმყოფებიან ე.წ. ციხეში და მათთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან. ჩვენ მოვუწოდეთ შეხვედრის მონაწილეებს, რომ იქნას გამოჩენილი მაქსიმალური ლოიალობა, რათა ეს ადამიანები მალე გაათავისუფლონ“.

რადიო თავისუფლების კითხვაზე, საერთო ჯამში, საქართველოს რამდენი მოქალაქე იხდის სასჯელს ოკუპირებული აფხაზეთის ციხეებში, კახაბერ ქემოკლიძემ თქვა, რომ ერიდებიან ზუსტი ციფრის დასახელებას, რადგან დაკავებულებს შორის არიან ოკუპირებული ტერიტორიის მცხოვრებლები, რომლებსაც არ სურთ ამ საკითხზე საუბარი.

გალში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ მორიგი შეხვედრა 25 აპრილს ჩაინიშნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG