Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განდევნილი 25 თებერვალი


25 თებერვალი უიღბლო თარიღია.

საბჭოთა თარიღებმა − დიდი ოქტომბრის, ნოემბრის, თებერვლის თუ მაისის ზეიმებმა, „საბჭოთა მილიციელის“, „პედაგოგის“, „მესაზღვრის“, „საბჭოთა რადიოს“, „მეშახტის“ თუ სხვათა დღეებმა (ყველა დღეს თითო საბჭოთა „წმინდანი“ ჰყავდა და, ფაქტობრივად, დღე არ გაივლიდა, საყოველთაოდ ცნობილი ან საყოველთაოდ უცნობი „სიწმინდე“ არ აღნიშნულიყო) 25 თებერვალი − ნამდვილი 25 თებერვალი, დამოუკიდებელი საქართველოს დაჯაბნისა და აღსასრულის დღე − სრულად განდევნეს „კოლექტიური მეხსიერებიდან“.

ფატალური 25 თებერვლის შემდეგ, მომდევნო 25 თებერვლებს „საქართველოს გასაბჭოების დღედ“ ზეიმობდნენ.

რა და როგორ დაიკარგა ნამდვილ 25 თებერვალს, ეს მცირე ნაწილს თუღა ახსოვდა საქართველოში: ზოგს, ჯორჯ ორუელის რომანის გმირებივით, ხელოვნურად წაუშალეს ტრავმული წარსული, ზოგმაც − უმცირესმა ნაწილმა − სადღაც ღრმად, მეხსიერების შორეულ კუნჭულში გადამალა პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის ტრაგიკული კულმინაცია...

ის, რომ ისევ სხვას უნდა ეხელმძღვანელა საქართველოსთვის და ეს ისედაც მკრთალსაზღვრებიანი ქვეყანა ისევე გაქრებოდა პირველი მსოფლიო ომის შემდგომი რუკიდან, როგორი გამქრალიც მანამდე იყო, ამას ცოტა თუ მიხვდა 1921 წლის 25 თებერვალს: ისეთი განცდა იყო, რომ ძველ, არცთუ პოპულარულ მთავრობას მალევე მიჰყვებოდა კიდევ უფრო არაპოპულარული ბოლშევიკური ხელმძღვანელობა. 1914 წლიდან მოყოლებული, მსოფლიოში იმდენი რამ შეიცვალა (სხვა თუ არაფერი, ოთხი იმპერია ჩაბარდა წარსულს), იმდენნაირმა ჯარმა გაიარა თუნდაც საქართველოში, რომ, შესაძლოა, ვერც ბოლშევიკებს მოეკიდათ დიდხანს ფეხი. ხან ვინ ექცეოდა მმართველობის მწვერვალზე, ხან − ვინ; ზუსტად ისევე, როგორც მეოცე საუკუნის მთავარ ქართულ პიესაში, პოლიკარპე კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერში“.

უცნაური და ცინიკურია, მაგრამ ერთ-ერთი პირველი, ვინც თებერვლის აღსასრულს სამართლიანად და შეულამაზებლად უწოდა „ოკუპაცია“, 25 თებერვლისავე შემოქმედ-ინიციატორი იოსებ სტალინი იყო, რომელმაც ზუსტად იცოდა (და, როგორც აღმოჩნდა, არც არასდროს დავიწყებია), რა დაკარგა ამ დღეს მისმა ბიოლოგიურმა სამშობლომ.

თითქმის ნახევარი საუკუნის შემდეგ სტალინის მემკვიდრემ, ციხედ ქცეულ სამთავრობო აგარაკზე გამომწყვდეულმა ნიკიტა სერგის ძე ხრუშჩოვმა, თავის მემუარებში (რომელიც მან ბრეჟნევ-სუსლოვისგან შეუმჩნევლად გადაგზავნა დასავლეთში) დეტალურად აღადგინა კუნცევოში, სტალინთან მორიგი მთვრალი ღამისთევის ერთ-ერთი საუბარი და, მისი ჭკუით, კიდევ ერთხელ გამოააშკარავა ყოფილი „პატრონი“: სტალინთან საუბრისას ხრუშჩოვს ის დღე გაუხსენებია, როცა ის ერთ რიგით („პრაქტიკულად ფეხშიშველ“) ახალგაზრდა ჯარისკაცად შემოჰყოლია თბილისში ბოლშევიკურ მე-11 არმიას. ისიც ამ „ბოგანოთა ჯარში“ ყოფილა და სტალინთან დაუჩივლია, როცა ქალაქში შევედით, მხოლოდ ნაწილი შეგვხვდა კარგად, დანარჩენები სიძულვილით გვიყურებდნენო; რაზეც ხალხთა მამასა და თვითკმაყოფილ ცინიკოსს ჩვეული ორაზროვანი გულწრფელობით უპასუხია: აბა, როგორ უნდა ეყურებინათ, შენ ხომ ოკუპანტი იყავიო.

ოკუპანტი.

სტალინმა თქვა ის, რასაც ვერავინ დაწერდა სტალინურ სახელმძღვანელოებში.

ოკუპანტს ახსოვდა და იცოდა, რომ ოკუპანტი იყო, დაპყრობილი კი ძნელად ხვდებოდა, რომ მრავალი ხნით ართმევდნენ თავისუფლებას.

25 თებერვალი (ნამდვილი, და არა სიმულაციური) 70 წლით გაქრა საქართველოში, ისევე, როგორც 1921 წელს რუკიდან გაქრა საქართველო.

მაგრამ იყო მეორე საქართველოც, სხვა, როგორც ერთ ცნობილ ლექსშია, სადაც ეჭვიანად, პედანტურად და ენთუზიაზმით ინახავდნენ ისტორიულ საქართველოში აკრძალულ და იდეალური საქართველოსთვის მნიშვნელოვან თარიღებს, მაგალითად, 26 მაისს, დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეს.

ეს მეორე საქართველო, ერთგვარი ორეული-საქართველო, ახლაც არსებობს და ის პარიზიდან 30 კილომეტრის მოშორებით, სოფელ ლევილის შიგნით, დიდი ქვის გალავნისა და ჭიშკრის მიღმა მდებარეობს.

ეს საქართველო მხოლოდ სოფელ ლევილის რუკაზეა დატანილი...

აქ, გალავნის მიღმა, განდევნილი მთავრობის წევრები 1926 წელს დასახლდნენ და მას შემდეგ ყოველწლიურად აღნიშნავენ საქართველოსთვის თუ მათი ოჯახებისთვის მნიშვნელოვან თარიღებს. კერძოდ, იმავე 26 მაისს, რომლის აღნიშვნაც, როგორც წესი, ივნისის ბოლომდე გრძელდება. პირადად მე ასეთი მოსაწვევიც კი მომსვლია პარიზში ყოფნისას: „გეპატიჟებით 26 მაისის აღსანიშნავ წვეულებაზე ლევილის შატოში 30 მაისს“.

ივნისში რამდენიმე 26 მაისია, რადგან ისეთი ხალხიც მრავლადაა, რომელიც დარწმუნებულია, რომ არავის უნდა გაუნაწილოს თავისი „26 მაისი“. შესაბამისად, ლევილში იმდენი „დამოუკიდებლობის დღეა“, რამდენიც სათვისტომო თუ ორგანიზაცია, რამდენი შვილი ან შვილიშვილიც ჰყოლია პირველი რესპუბლიკის რომელიმე პატრიარქს და ვინ ვისზეა მეოცე საუკუნის ოციანი წლების პოლიტიკური ნიშნით გამწყრალი. ეს წყენები დღემდე უკვდავია, ეს წყენები აქტუალურია, რადგან ამ მეორე საქართველოს (ისევე, როგორც, პრინციპში, პირველს) სხვა დიდად არც არაფერი დარჩენია ერთმანეთზე განაწყენების გარდა...

ეს პარალელური საქართველოა, რომელსაც, ავთენტური საქართველოს მსგავსად, ვერ უპოვია თავისი ჭეშმარიტი იდენტობა: ის არც „ტრადიციული“ საქართველოა და ვერც ევროპად ქცეულა ბოლომდე...

ლევილის საქართველო სტატიკურ მდგომარეობაშია: ის ისტორიის მდინარების მიღმაა, აქ სვლა არ ხდება, ისტორია იწყება და სრულდება იქ, სადაც იწყება და სრულდება „პარალელური საქართველოს“ მობინადრეთა პოლიტიკური ამბავი.

ეს ისტორია რამდენიმე ჰექტარზეა გადაჭიმული, ხოლო პატარა ეზო და აჩრდილებით გამოძეძგილი „შატო“ წარმოადგენს სახელმწიფოს, რომელიც თითქოს არც არსებულა არასდროს. ამ სახელმწიფოს საიდუმლოებების გამხელა მხოლოდ რამდენიმე ღირსეულ ქალს ძალუძს, პირველი რესპუბლიკის პატრიარქების შვილებსა და შვილიშვილებს, რადგან სწორედ მათ აქვთ ცარიელ და გაყინულ ისტორიულ ოთახებში შესასვლელი გასაღებები: „ამ ოთახში თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე საქართველოს დამფუძნებელთა კრების თავმჯდომარემ“, „აქედან პრემიერ-მინისტრი ჟორდანია უცქერდა მიდამოს და ეს ხედი მას აგონებდა გურიას“, „აქ ‘ჯავშნოსანი’ ვალოდია და ნამო აკეთებდნენ ჭყინტ ყველს, მათ ჰყავდათ ძროხა“, „ამ ოთახში სამსონ ფირცხალავა გვასწავლიდა ქართულ ღრამატიკას“.

აქ სხვანაირი სამეტყველო ენაა: დევნილ პოლიტიკოსთა შთამომავლები (მათ, ვისაც დღემდე ლევილთან აქვს კონტაქტი) ფრანგულისა და ქართულის ეგზოტიკური ჰიბრიდით საუბრობენ, რადგან ეს ის ენაა, რომელიც მათ მშობლებს გამოჰყვათ საქართველოდან 1921 წელს. ეს არაა მკვდარი ენა, ეს „პარალელური საქართველოს“ ენაა − ოცდახუთთებერვლამდელი.

აქ ყველა დღეს თავისი აზრი და მნიშვნელობა აქვს − საბჭოური საქართველოს თარიღებისგან სრულიად საპირისპირო, თუმცა „25 თებერვალს“ დიდად არც აქ იხსენებს ვინმე და თუ მაინც ახსენებენ, მხოლოდ მაშინ, როცა რომელიმე სტუმარი „შატოში“ შესასვლელ კართან ჩამოკიდებული შავ-თეთრი ფოტოთი დაინტერესდება, რომელზეც ეტლში მჯდომი საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი, თავზე გრძელცილინდრჩამოცმული აკაკი ჩხენკელი ელისეს სასახლისკენ, საფრანგეთის პრეზიდენტთან შესახვედრად მიემართება.

„25 თებერვალი“ აქ არ ნიშნავს აღსასრულს, ხოლო ის, ვინც ლევილელ ქართველთა აზრით არაადეკვატურ ყურადღებას იჩენს ამ თარიღის მიმართ, ზუსტად ისევე იმსახურებს რისხვას, როგორც ერთმა ჩემმა კოლეგამ დაიმსახურა, რომელმაც გასაღებთა მფლობელ ერთ-ერთ ღირსეულ ქალბატონს დაუფიქრებლად მიმართა პრინციპში სრულიად არასკანდალური შეკითხვით:

„როგორ გააგრძელეს თქვენმა მშობლებმა ცხოვრება, როცა ყველაფერი დასრულდა 25 თებერვალს?“

როცა ყველაფერი დასრულდა?!

ამაყი ქალბატონის რეაქცია იმაზე მკვეთრი აღმოჩნდა, ვიდრე რომელიმე ჩვენგანს წარმოედგინა:

„ამ ზღნერს რაფერ იმეორებთ?“ − წამოიყვირა მან მკვეთრი გურულ-ფრანგული აქცენტით, „25 თებერვალს არაფერი დასრულებულა! მთავრობა მუდამ მუშაობდა საქართველოს გარეშე!“

და მან სწორედ ის ფოტო ჩამოხსნა კედლიდან, რომელიც, მისი აზრით, „25 თებერვლის“ არაფატალურობის სიმბოლოდ გამოდგებოდა:

საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი ელისეს სასახლისკენ მიემართება, რომ რწმუნებათა სიგელები გადასცეს საფრანგეთის პრეზიდენტს. ევროპა ამ დღეს ჩვენ გვერდით იყო, არაფერი დასრულებულა, მანდ დღემდე ცდებიან.

„მანდ“, ანუ იმ საქართველოში, სადაც იმავე 25 თებერვალს ახალგაზრდა ნიკიტა ხრუშჩოვი შემოჰყვა ბოლშევიკურ მე-11 არმიას და სადაც ბევრი ვერც მიხვდა, რომ დამოუკიდებლობა დიდი ხნით იკარგებოდა.

საბჭოთა საქართველომ განდევნა ტრაგიკული 25 თებერვალი და ის ხელოვნური 25 თებერვლით ჩაანაცვლა, რადგან გასაბჭოება ბოლშევიკთა ენაზე „გათავისუფლებას“ ნიშნავდა და არა „მონობას“.

„პარალელურმა“ საქართველომ განდევნა „25 თებერვალი“, რადგან ეს თარიღი გულისხმობდა ტრავმას − ტრავმას, რომელიც კატასტროფის შედეგად ჩნდება („როცა ხდება კატასტროფა, პირველი აზრი ასეთია: როდის და სად იყო დაშვებული შეცდომა“). განდევნილი „25 თებერვალი“ ისტორიული კატასტროფის ალეგორიაა, როცა ისეთი მყიფე და სავსებით კონკრეტული ცნების ჯეროვნად მოფრთხილება არ ხდება, როგორიც ეს დაღლილი სიტყვა − დამოუკიდებლობაა; როცა ჰგონიათ, რომ ერთ დღეში შეუძლებელია დაკარგო ყველაზე მნიშვნელოვანი რამ − შესაძლებლობა, რომ იყო თავისუფალი.

„25 თებერვალი“ უიღბლო და ვერაგი თარიღია, მასზე ფიქრი არავის უყვარს, რადგან ეს ვერგანდევნილი რიცხვები დღესაც, თითქმის ერთი საუკუნის შემდეგაც გვახსენებს, რომ თუკი ადამიანები, ადამიანთა ერთობა, ერი, უმთავრეს ღირებულებაზე ვერ თანხმდება, შესაძლოა, წინასწარმეტყველებად იქცეს ისტორია.

„25 თებერვალი“ მუდმივ ანალიზს ითხოვს ჩვენგან: ის ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რათა წარსულიდან მობრუნება ვერ მოახერხოს.

  • 16x9 Image

    ლაშა ბუღაძე

    ლაშა ბუღაძე არის რადიო თავისუფლების ბლოგერი 2010 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG