Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განხილვა გაეროში: ადამიანის უფლებათა მძიმე მდგომარეობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე


ენგურის ხიდი
ენგურის ხიდი

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა შეზღუდვა იყო განხილვის მთავარი თემა ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 36-ე სესიის ფარგლებში 28 სექტემბერს გამართულ სხდომაზე. განხილვა ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ანგარიშს ეყრდნობოდა. მწვავე პრობლემათა ჩამონათვალშია: გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა, განათლებისა და ჯანმრთელობის უფლებების ხელყოფა და ყველა ის საკითხი, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიების იზოლაციის პრობლემებს უკავშირდება. გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი მოუწოდებს ოკუპირებული ტერიტორიების მაკონტროლებელ ხელისუფლებებს, გარანტირებულად უზრუნველყონ ადამიანის უფლებების დაცვა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 28 სექტემბერს გამართული განხილვის ფარგლებში საქართველოს მიმართ მხარდაჭერა სახელმწიფოთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ გამოხატა. უმცირესობაში იყო რუსეთი.

საერთაშორისო საზოგადოებისგან იზოლირებული ტერიტორიები, სადაც ყოვლად დაუცველია ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, სადაც არ არის დაცული, მაგალითად, ჯანმრთელობის უფლება, მშობლიურ ენაზე სწავლის უფლება, შრომის უფლება, დაუცველია ადამიანის სიცოცხლე და ხელმიუწვდომელია ობიექტური მართლმსაჯულება - ასე გამოიყურება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ანგარიშში, რომელიც 28 სექტემბერს ჟენევაში გამართულ შეხვედრის მონაწილეებს მისმა მოადგილემ, ქეით გილმორმა, წარუდგინა. ანგარიშში დასმული აქცენტების თანახმად, ადამიანის უფლებები ძირითადად ირღვევა ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ და მათ არ ეძლევათ ნორმალური ცხოვრებისა და არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა.

ანგარიშში ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად დასახელებულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-13 მუხლით დაცული უფლების - გადაადგილების თავისუფლების - შეზღუდვა, მათ შორის, როგორც სხვა არაერთი პრობლემის განმაპირობებელი ფაქტორი:

ორმოცზე მეტმა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი ამ ანგარიშს და საქართველოს - როგორც ევროკავშირის წევრებმა, ასევე არაწევრმა და ასოცირებულმა წევრმა სახელმწიფოებმა. მნიშვნელოვანი იყო აშშ-ის, იაპონიის, ნორვეგიის დელეგაციათა გამოსვლები, სადაც ასევე ძალიან მკაფიო მხარდაჭერა იყო...
დავით ზალკალიანი

„გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა, მათ შორის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, უნდა იყოს მკაცრად გარდაუვალი, უნდა იყოს მოცემული მიზნის თანაზომადი და არ უნდა ატარებდეს დისკრიმინაციულ ხასიათს. გადაადგილების თავისუფლება წარმოადგენს ასევე წინაპირობას ადამიანის სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების ფართო სპექტრისთვის. ზოგიერთი უფლების და, კერძოდ, შრომის, ჯანმრთელობისა და განათლების უფლებების რეალიზება დიდწილად დამოკიდებულია თავისუფალი გადაადგილებისა და საცხოვრებელი ადგილის შერჩევის შესაძლებლობებზე. შესაბამისად, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა იწვევს ადამიანის სხვა არაერთი უფლების შეზღუდვას“.

გაეროს უმაღლესი კომისრის ოფისი მოუწოდებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში კონტროლის განმახორციელებელ ძალებს მიიღონ ყველა საჭირო ზომა ადამიანის უფლებათა გარანტირებულად დაცვისთვის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რადგანაც ამ დახურულ სივრცეში შესვლის უფლება არ ეძლევა საერთაშორისო თანამეგობრობას და, მონდომებული მცდელობების მიუხედავად, ოკუპირებულ რეგიონებში შესვლის შესაძლებლობა არც გაეროს უმაღლესი კომისრის წარმომადგენლებს მიეცათ.

საერთაშორისო თანამეგობრობისგან სრული იზოლაცია ვითარებას რომ სულ უფრო საგანგაშოს ხდის, ეს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმაც აღნიშნა, რომელიც შეხვედრის მონაწილეების წინაშე სიტყვით გამოვიდა და მათ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა განგრძობად ოკუპაციასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ. აღინიშნა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე კვლავაც გრძელდება ქართველთა დევნა სწორედაც რომ ეთნიკური ნიშნით და ამას, მათ შრის ქართულენოვანი მოსახლეობის სახლების დანგრევაც ადასტურებს. როგორც დავით ზალკალიანმა უთხრა რადიო თავისუფლებას, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიის ფარგლებში გამართულ განხილვაზე საქართველოს მიმართ მტკიცე მხარდაჭერა გამოვლინდა:

„ორმოცზე მეტმა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი ამ ანგარიშს და საქართველოს - როგორც ევროკავშირის წევრებმა, ასევე არაწევრმა და ასოცირებულმა წევრმა სახელმწიფოებმა. მნიშვნელოვანი იყო აშშ-ის, იაპონიის, ნორვეგიის დელეგაციათა გამოსვლები, სადაც ასევე ძალიან მკაფიო მხარდაჭერა იყო... როგორც კომისრის მხრიდან, ასევე დელეგაციის აბსოლუტური უმრავლესობის მხრიდან სრული მხარდაჭერა გვაქვს“.

ფართო საერთაშორისო მხარდაჭერის ფონზე, რუსეთი უმცირესობაში აღმოჩნდა. დავით ზალკალიანის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფედერაცია არ არის ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრი, ამ ქვეყნის წარმომადგენლები შეხვედრას მაინც ესწრებოდნენ და ერთ-ერთმა მათგანმა, ისარგებლა რა პასუხის უფლებით, ამით თითქოს ირიბად აღიარა ყველა ის მწვავე ბრალდება, რომელიც ასახულია ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ანგარიშში. თუმცა, ცხადია, თავის გამოსვლაში რუსეთის წარმომადგენელი შეეცადა დაეცვა მოსკოვის პოზიციები.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ანგარიშს მეტად მნიშვნელოვნად მიიჩნევს "მრავალარხიანი დიპლომატიის ინსტიტუტი - საქართველოს" ხელმძღვანელი ლევან გერაძე. თუმცა როგორც ის, მიზეზთა გამო, ვარაუდობს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცილებით უარესად არის საქმე, ვიდრე ეს საერთაშორისო ანგარიშებშია ასახული:

ლევან გერაძე
ლევან გერაძე

„იმის გამო, რომ ხელი არ მიგვიწვდება, ძალიან ბევრი ინფორმაცია, რომლის გადამოწმების შესაძლებლობაც არა გვაქვს, რეაგირების გარეშე რჩება... ამიტომ ვითარება, ჩემი აზრით, - და არამხოლოდ ჩემი აზრით, - ბევრად უფრო რთულია და მძიმეა, ვიდრე ეს მოხსენებაშია. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ადგილზე მოპოვებული მონაცემებით დავადასტუროთ და მტკიცებულებებით გავამყაროთ. საერთაშორისო ორგანიზაციებს აკრძალული აქვთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩასვლა. მხოლოდ რამდენიმე პროგრამა მუშაობს, ხოლო მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანიზაციები რაც იყო, არც ერთს არა აქვს წვდომა აფხაზეთზე და ცხინვალის რეგიონზე“.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ანგარიშს (რომელიც, თავის მხრივ, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ მარტში დამტკიცებულ რეზოლუციას ეყრდნობა), ცხადია, მყისიერი შედეგები ვერ მოჰყვება. თუმცა, საგარეო უწყების განმარტებით, მსგავს დოკუმენტებს ძალიან დიდი ძალა აქვთ რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ საქართველოს დიპლომატიური ბრძოლის გზაზე. ასევე ფიქრობს ლევან გერაძეც, რომლის აზრითაც, წონა აქვს საერთაშორისო სარბიელზე დამტკიცებულ თითოეულ დოკუმენტს და, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მსგავსი დოკუმენტები საჭირო დროს სერიოზულ დისკომფორტს უქმნის რუსეთის ფედერაციას.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG