Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნაგავი ტურისტული საქართველოს წინააღმდეგ


სახელმწიფო ამკაცრებს ბრძოლას მათ წინააღმდეგ, ვინც საყოფაცხოვრებო ნარჩენებით აბინძურებს გარემოს, აწუხებს სისუფთავის მოყვარულ ადამიანებს და ხელს უშლის ტურიზმის განვითარებას. 25 მაისს მთავრობის სხდომაზე განიხილებოდა გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული პროექტი, რომლის თანახმადაც მკაცრდება დაჯარიმების მექანიზმი ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან გარემოს დაბინძურების შემთხვევებში. რამდენად უშველის კანონის გამკაცრება არსებულ რთულ ვითარებას? რამდენად გაამართლებს ახალი საკანონმდებლო მოთხოვნები პრაქტიკაში და რა ევალება სახელმწიფოს თუ თითოეულ ადამიანს?

გადმოწერა

საქართველოს მთავრობა იწყებს ბრძოლის გამკაცრებას იმისათვის, რომ საქართველოში ჩამოსული ტურისტები ავტომაგისტრალების გასწვრივ უხვად დაგროვილმა ნაგავმა არ შეაწუხოს და დასვენების სასიამოვნო განწყობა არ გაუფუჭოს. 25 მაისს, როცა მთავრობის სხდომაზე გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ მომზადებულ ახალ კანონპროექტზე ლაპარაკობდა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სწორედ ტურიზმთან დაკავშირებული აქცენტი გამოყო:

გიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი

„ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ გავხდეთ მნიშვნელოვანი ტურისტული ქვეყანა და ვართ კიდეც, მაგრამ ყოვლად მიუღებელია გარემოს დაბინძურების ის მაჩვენებელი, რომელიც ჩვენ გვაქვს. განსაკუთრებით მძიმე სურათია ავტომაგისტრალების მიმდებარე ტერიტორიებზე. მე უკვე გავეცი დავალება, რომ ადგილობრივმა თვითმმართველობებმა, გამგებლებმა მიხედონ თავიანთ რაიონებში მაგისტრალის გარშემო დაბინძურების საკითხებს. და ასევე ეს კანონი დაგვეხმარება, რომ ამ კუთხით მნიშვნელოვანი გაუმჯობესება მივიღოთ".

ნარჩენების მართვის კოდექსში შესატანი ცვლილების თანახმად, სიახლე არის ის, რომ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს თანამშრომლებს მიენიჭებათ უფლებამოსილება ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დაბინძურების შემთხვევაში ადგილზე დააჯარიმონ სამართალდამრღვევი ან, თუ ადგილზე დაჯარიმება ვერ მოხერხდა, საჯარიმო ქვითარი მოგვიანებით დაეწევა ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს. როგორც გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის იურიდიული სამსახურის უფროსმა არჩილ ადამიამ უთხრა რადიო თავისუფლებას, სამინისტროს სტრუქტურა მზად არის ამ ამოცანის შესასრულებლად:

“ჩვენი სატრანსპორტო საშუალებები აღჭურვილია ვიდეოხედვის საშუალებებით, ე.წ. რეგისტრატორებით. ამ ვიდეორეგისტრატორებს გარჩევადობა საკმაოდ მაღალი აქვთ და შეუძლიათ დააფიქსირონ სატრანსპორტო საშუალებიდან ნარჩენების გადმოგდების ფაქტი. თუ არ მოხდა სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და ადგილზე დაჯარიმება, მაშინ სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს მისი რეგისტრაციის მისამართზე გაეგზავნება საჯარიმო ქვითარი. სატრანსპორტო საშუალებიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადმოყრისთვის ჯარიმაა 120 ლარი, ხოლო განმეორების შემთხვევაში ეს თანხა ორმაგდება“.

საჯარიმო სანქციას, რომელზეც არჩილ ადამია ლაპარაკობს, ნარჩენების მართვის კოდექსის მოქმედი ვარიანტიც ითვალისწინებს, მაგრამ ფაქტია, რომ ნაგავმა წალეკა ავტომაგისტრალების მიმდებარე ტერიტორიები, ისევე როგორც ტურისტებისთვის ღირსშესანიშნავი ადგილები საქართველოში. თუმცა ახლა ლაპარაკია დაჯარიმების ახალ მექანიზმზე, ახალ ძალისხმევაზე და, გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რასაც უწყება მხოლოდ თავისი რესურსით ვერ გასწვდება, შს სამინისტროსთან ერთობლივი მუშაობით შეძლებს და ნაგვის გადამყრელი აუცილებლად დაჯარიმდება.

სხვადასხვა სახის აქციები ზრდის მოქალაქეების თვითშეგნებას. მნიშვნელოვანია დაბინძურებული ტერიტორიების დასუფთავება - დიდი ხნის განმავლობაში დაყრილი ნაგავი უნდა ალაგდეს. ამას ემატება ნაგვის გატანის ორგანიზება, ამას ემატება სეპარირება და ასე შემდეგ...
ნინო ჩხობაძე

გარემოს დაბინძურების პროცესის შესაჩერებლად დაჯარიმების მექანიზმის რეალურ ამოქმედებას აუცილებლობად მიიჩნევს „მწვანეთა მოძრაობის“ ხელმძღვანელი ნინო ჩხობაძე და, როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, დიდწილად სწორედ მაღალი ჯარიმების დახმარებითდარეგულირდა ეს პრობლემა ევროკავშირის ქვეყნებში. თუმცა, მისი თქმით, მთავარია კანონის მოთხოვნათა ეფექტიანი აღსრულება და, ზოგადად, კომპლექსური მიდგომის გარეშე სასურველ შედეგს მაინც ვერ მივიღებთ. ამ მხრივ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს საქართველოს თითოეული მოქალაქის, თითოეული მკვიდრის ადეკვატური თვითშეგნებაც:

„სხვადასხვა სახის აქციები ზრდის მოქალაქეების თვითშეგნებას. მნიშვნელოვანია დაბინძურებული ტერიტორიების დასუფთავება - დიდი ხნის განმავლობაში დაყრილი ნაგავი უნდა ალაგდეს. ამას ემატება ნაგვის გატანის ორგანიზება, ამას ემატება სეპარირება და ასე შემდეგ“.

ნინო ჩხობაძის ორგანიზაცია 2010 წლიდან არის ჩართული მასშტაბურ პროექტში „დავასუფთაოთ საქართველო“ და, როგორც გარემოს დამცველის დაკვირვება ცხადყოფს, საქათველოს მოქალაქეები სულ უფრო მეტი ენთუზიაზმით ერთვებიან გარემოს დასუფთავების აქციებში. თუმცა სხვა საკითხია, რომ კვლავაც პრობლემად რჩება ნაგვის გატანის საკითხი, ძირითადად - სოფლებიდან და მუნიციპალიტეტებს ამის რესურსი ხშირ შემთხვევაში, უბრალოდ, არა აქვთ. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მიხედვით კი, საქართველოს ბევრი რამ ევალება და 2019 წლიდან უკვე უნდა დაიწყოს ნარჩენების დახარისხება საქართველოში. თუმცა ამ ამოცანის შესრულების რეალური რესურსი გარემოს დამცველებს ამ ეტაპზე არც რეგიონებში ეგულებათ და არც დედაქალაქში.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG