Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარი ბარტონი - 70


გარი ბარტონი
გარი ბარტონი
ეს ენერგიული და ბოპური თემა ნახევარი საუკუნის წინანდელი ალბომიდანაა. ჯაზური კლანის უხუცეს ინსტრუმენტებზე ასევე ასაკოვანი მუსიკოსები ირჯებიან: გიტარაზე - შებერებული ჰენკ გარლანდი, კონტრაბასზე - ჭაღარაშერეული ჯო ბენჯამინი და დასარტყამებზე - დეივ ბრუბეკის მხცოვანი დრამერი ჯო მორელო. კვარტეტის მეოთხე წევრი, უფროსების მასლაათს რომ გამორევია, ჯაზური სცენის არც ისე ხშირი სტუმარი, ჯეელი ვიბრაფონი გახლავთ. მას კი ამ საამო და ნატიფი ბგერებით სულ რაღაც 17 წლის დღევანდელი იუბილარი გარი ბარტონი ამეტყველებს და ტოლს არ უდებს უფროსების გაშმაგებულ რიტმიკას.



დიახ, თანამედროვეობის ნომერ პირველ ვიბრაფონისტს 23 იანვარს 70 წელი შეუსრულდა. საუცხოო დებიუტი ხომ მოვისმინეთ, ჰოდა, დღევანდელ სიუჟეტში იმ რამდენიმე ალბომს ვახსენებ, რომლებიც ყველაზე მეტად მიყვარს გარი ბარტონის შემოქმედებაში. თუმცა მანამდე თავად ინსტრუმენტის შესახებ, ფორტეპიანოსა და დასარტყამების ნაჯვარს რომ წარმოადგენს. ჯაზურ სცენაზე პირველად გასული საუკუნის სადღაც 20-იანებში, ლაიონელ ჰემპტონისა და "მისტერ სვინგად" წოდებული რედ ნორვოს წყალობით გამოჩნდა. ამ ბატონებმა 20 წელი იბატონეს, სანამ ერთი დეტროიტელი კაცი არ გამოეცხადათ, მეტსახელად "ბეგზი". მილტ ჯექსონს ვგულისხმობ, რომელმაც დაამტკიცა, რომ ინსტრუმენტს ფაქიზი და ექსპრესიული ბუნებაც შეიძლება ჰქონოდა. კარდინალურად შეცვალა ჟღერადობა, ზემოხსენებული ბატონების უხეში, მჭახე ბგერა დაატკბო და იმგვარი ლაღი, ბიბოპისეული ენერგიული იმპროვიზაციებით დაუკრა, ვიბრაფონის ჩარლი პარკერი შეარქვეს. ჰოდა, თუ "ბეგზის" შესრულების მანერაში საქსოფონისტის გავლენა და ხელწერა იგრძნობოდა, გარი ბარტონი ბილ ევანსს ეთაყვანებოდა. ვიბრაფონზე ისე დაუკრა, როგორც ფორტეპიანოზე, და პირველი გამოდგა, რომელმაც მელოდიისა და ჰარმონიის პოლიფონირება მოახერხა. მოკავშირეც იპოვა, გიტარისტ რალფ ტაუნერის სახით. ბევრი საერთო ჰქონდათ - ნოვატორული იდეების სიუხვე და შესაშური მუსიკალური წიგნიერება. დუეტის ნამოქმედარიდან 1974 წლის ალბომს "Matchbook"-ს გამოვყოფდი - სულმა სული იცნოო, სწორედ ამ ტანდემზე ითქმის.



გარი ბარტონის პრეტენზიული ინსტრუმენტი პირველ ეტაპზე ყველაზე უკეთ გიტარას შეეწყო და დაუმეგობრდა. 60-70-იან წლებში მაიკ გოდრიკთან, ბილ ფრისელსა და ლარი კორიელთან თანამშრომლობდა. ეს უკანასკნელი დიდებული მუსიკოსი კი ბრძანდება, მაგრამ იუბილარის რომანტიკულ, ემოციურ და ნატიფ ხელწერას ასეთივე პარტნიორი სჭირდებოდა. ამგვარი ხასიათი კი პეტ მეთენის ჰქონდა. ისინი მეტწილად კვარტეტის ფორმატში თანამშრომლობდნენ, რომლის შემადგენლობა ხშირად იცვლებოდა. თუმცა ამჯერად ცოტა გვიანდელ, 2009 წლის ჩანაწერზე მოგახსენებთ. კვარტეტის სული და გული, რა თქმა უნდა, ჩვენი დღევანდელი გმირია, გიტარაზე - მეთენი, ბასზე - სტივ სვოლოუ და დასარტყამებზე - ახალგაზრდა დრამერი ანტონიო სანჩესი.



გარი ბარტონი პირველი ვიბრაფონისტი გახლდათ, რომელიც სოლო კონცერტებითა თუ დუეტის ფორმატით წარდგა მსმენელის წინაშე. პარტნიორები ბევრი ჰყოლია - რალფ ტაუნერი, სტივ სვოლოუ, დეივ ჰოლანდი, კით ჯარეტი და მრავალი სხვა. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ტანდემი მაინც ჩიკ კორეასთან შედგა. ამ ორს ყველაზე "ინტელექტუალურ დუეტად" მოიაზრებენ. ძნელია არ დაეთანხმო, როცა, მაგალითად, "კრისტალურ სიჩუმეს" უსმენ - აკადემიურობით გამორჩეულ, ერთ-ერთ უდახვეწილეს და უნატიფეს ჩანაწერს. თუმცა დღეს 1997 წლის "გრემით" დაჯილდოებულ Native Sense-ზე შევჩერდები. სწორედ ამ ალბომის წყალობით აღმოვაჩინე ვიბრაფონის ბგერის მშვენიერება, ხოლო გარი ბარტონმა ისიც გამაგებინა, თუ როგორ შეიძლება ინსტრუმენტი ერთდროულად ენერგიული აკორდებითა და ნაზი ჩურჩულით მეტყველებდეს. მართალია, იუბილარი ჩიკ კორეას საიდმენად მოიაზრება, მაგრამ დისკზე შესულ თერთმეტივე თემაში ერთმანეთს არც პირველობაში ეცილებიან და არც თავის დავიწყების საშუალებას აძლევენ. ჯაზის ისტორიაში ერთ-ერთი დიდებული დიალოგია, ორი მეგობრის გასუბრება, რომელთა შორის საოცარი ურთიერთპატივისცემა და გადაჯაჭვულობაა. მოკლედ, Native Sense ზუსტად ის ალბომი გახლავთ, პირველი მოსმენით გამოწვეულ აღფრთოვანებას წამიერ იმპულსს რომ ვერ დააბრალებ, გულში შემოგიძვრება და იქ სამუდამოდ დაიდებს ბინას. ჩაწერიდან ბარე 20 წელი გავიდა, მაგრამ დღესაც საოცრად ხალასია და გახუნება კვლავ დიდხანს არ უწერია.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG