Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გიუაშვილი: ,,ბოლომდე ვიბრძოლებ სამართლიანობის აღსადგენად“


გიორგი გიუაშვილი
გიორგი გიუაშვილი
ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი მოადგილე აღმასრულებელი ორგანოს პირველ პირს უპირისპირდება. გიორგი გიუაშვილი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას აპროტესტებს და აცხადებს, რომ მისი მისამართით ბინძური კამპანია განხორციელდა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელმა სამი მოადგილიდან ერთ-ერთი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა. გიორგი გიუაშვილის მტკიცებით, პოსტიდან ის მიზანდასახულად გაათავისუფლეს და ამ საქმეში ბორჯომის სპეციალური უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი ჩაერია. გამგებლის უკვე ყოფილი მოადგილის მტკიცებით, აბრამაშვილის მამა სოფელ ტაბაწყურში 7 ჰექტარ სათიბ მიწას უკანონოდ ფლობდა. გარდა ამისა, პოლიციის ყოფილ უფროსთან, მამუკა ხვედელიანთან ერთად წლების განმავლობაში ხე-ტყის ასევე უკანონო ბიზნესს ახორციელებდა. გიორგი გიუაშვილის მტკიცებით, აღნიშნული ქმედება გამგებლის მოადგილის პოსტზე მისი დანიშვნის შემდეგ შეწყდა, რასაც მისი თანამდებობა შეეწირა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის განმარტებით, გიორგი გიუაშვილმა დაკავებული თანამდებობა გამგეობაში განხორციელებული რეორგანიზაციის გამო დატოვა, რაც აღმასრულებელ ორგანოში შტატების შემცირებას ითვალისწინებდა. მურად ნოზაძის თქმით, გამგებლის მოადგილეები ამის შესახებ ინფორმაციას წინასწარ ფლობდნენ. რეორგანიზაციის ვადა ამოიწურა და ერთ-ერთი მოადგილე პოსტიდან გათავისუფლდა. გიორგი გიუაშვილის მტკიცებით, გამგეობას მისი მოხსნა არ შეეძლო, რადგან მას ბიულეტენი ჰქონდა გახსნილი. ადმინისტრაციაში კი აცხადებენ, რომ ამის დამადასტურებელი დოკუმენტი მათთან წარდგენილი არ ყოფილა.

გიუაშვილის მტკიცებით, ბორჯომის ე.წ. „სუსის“ თანამშრომელი გიორგი აბრამაშვილი გამგებელს თანამდებობიდან მის გათავისუფლებას აიძულებდა. აღმასრულებელი ორგანოს პირველი პირი გიუაშვილის ბრალდებას აბსურდულს უწოდებს. დიმიტრი ბერიძე აცხადებს, რომ შტატების შემცირებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება 24 სექტემბერს მიიღეს. საკრებულომ შტატების შემცირებასა და ახალი ნუსხის დამტკიცებაზე ბრძანება 20 დეკემბერს გასცა. გამგებელმა მასზე ხელი მიღებისთანავე, 23 დეკემბერს, მოაწერა. დიმიტრი ბერიძე ირწმუნება, რომ გიორგი გიუაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ერთპიროვნულად არ მიუღია, თუმცა სუსის თანამშრომლისგან იგი ზეწოლას გამორიცხავს.

გიორგი გიუაშვილი თანამდებობიდან მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანებაზე ხელს არ აწერს და აცხადებს, რომ ამ ფაქტს საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინსტრთან განიხილავს, ასევე მიმართავს ყველა გზას სამართლიანობის აღსადგენად.
XS
SM
MD
LG